Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 12 ივლისი


გასულ კვირაში რუსეთის პრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჰამბურგში.

თითქმის ყველა გაზეთი აქვეყნებს შემაჯამებელ მასალებს ამ შეხვედრის შესახებ. „ვედომოსტი“ წერს, რომ პუტინმაც და ტრამპმაც იმედი გამოთქვეს, რომ მოხერხდება ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კრიზისიდან თავის დაღწევა, თუმცა, ამ განცხადებების მიუხედავად, რეალურად ძალზე პატარა შანსი არსებობს, რომ ეს მოხდესო, - წერს „ვედომოსტი“. გაზეთს მოჰყავს მოსკოვის კარნეგი ცენტრის დირექტორის, დმიტრი ტრენინის, სიტყვები: „ პრეზიდენტებს შორის საქმიანი კონტაქტი შედგა, მაგრამ ამაზე დიდი იმედების დამყარება არ ღირს. კონფლიქტი რუსეთსა და ამერიკას შორის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, იგი მსოფლიო წესრიგს უკავშირდება და იოლად არ გადაწყდება“.

„ნოვაია გაზეტა“ კი ამავე თემაზე წერს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მთავარი შედეგი ის არის, რომ იგი შედგა.

უკვე 11 ივლისს გაზეთი „იზვესტია“ იმის თაობაზე მსჯელობდა, თუ რა პასუხი უნდა გასცეს რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ქონების „ამოღებასთან“ დაკავშირებით. გაზეთის მიმომხილველის აზრით, მოსკოვი, შესაძლებელია, უკიდურეს ზომებზე წავიდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი წერს, რომ საპასუხო ზომების სახით დაგეგმილია 30 ამერიკელი დიპლომატის რუსეთიდან გაძევება და რუსეთში არსებულ ამერიკულ ქონებაზე ყადაღის დადება.

ამ ზომების მიღებისკენ რუსეთს ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ უბიძგაო, - წერს გაზეთი. ეს გადაწყვეტილება კი იყო - არ დაებრუნებინა საელჩოს ქონება, რომელიც გასული წლის დეკემბრის შემდეგ არის დაყადაღებული. გაზეთის მიხედვით, ამ საკითხზე შეთანხმება არც ჰამბურგში მოხერხდა - ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შეხვედრაზე.

და კიდევ ერთი აქტუალური თემა: „ნეზავისიმაია გაზეტას“ პუბლიკაცია ეძღვნება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შანსებს მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. თავად ნავალნიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლა კრემლის პრიორიტეტად იქცა. ნავალნის აზრით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მთავარ ამბად აქცია მის საპრეზიდენტო კამპანიასთან ბრძოლა, იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი სწორედ მას მიიჩნევს თავის მთავარ მოწინააღმდეგედ. ასევე ხელისუფლებას სერიოზულად ეშინია, მისი შესაძლებლობების, რომ რუსეთის მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე გამოიყვანოს, - ამბობს ნავალნი. „ნეზავისიმაია გაზეტა“ კი წერს, რომ ხელისუფლებამ მეტი გააკეთა ნავალნის წარმოჩენისთვის, ვიდრე ვიდეობლოგებმა. ამის მაგალითია ე.წ. „დიდი შაბათობის“ დარბევა, როცა მისმა თანამოაზრეებმა 8 და 9 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაწყვიტეს აგიტაცია გაემართათ ქუჩებში. ძნელია რაციონალურად შეაფასო ხელისუფლების საქციელიო, - წერს გაზეთი. - „მისი წარმომადგენლები ან წარმოუდგენელ სისულელეებს აკეთებენ, ან საგანგებოდ უწყობენ ხელს ნავალნის“, - მიაჩნია ნიკოლაი მირონოვს, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელს.

თუმცა ექსპერტი აქვე აღნიშნავს, რომ თავის ბოლო ვიდეომიმართვაში, ისევე როგორც წინა მიმართვებში, ნავალნი ცდილობდა არ შეხებოდა თავად სისტემის ავტორს - პრეზიდენტ პუტინს.

„ეს ნიშნავს, რომ ნავალნი მაინც დასაშვებად მიიჩნევს თავისი სტატუსის შეცვლას, - წერს მირონოვი. - როგორც პუტინის კომენტარიდან ჩანს, რომელიც მან „დიდი ოცეულის“ სამიტზე გააკეთა, ახლა პრეზიდენტი არ მიიჩნევს ნავალნის სერიოზულ მოთამაშედ, მაგრამ თუ იგი აჩვენებს, რომ მის უკან ხალხის მასა დგას და ის მზად არის პუტინისათვის გასაგები წესებით ითამაშოს, კრემლმა შეიძლება შეიყვანოს იგი მოქმედ პოლიტიკურ სისტემაში“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

XS
SM
MD
LG