„ცენტრ პოინტ“ ჯგუფის ხელმძღვანელი პირების – მაია რჩეულიშვილისა და გურამ (გუკა) რჩეულიშვილის - დაკავებას სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევს ბევრი მენაშენე, რომელიც თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად თვლის. ბევრ მათგანს ახლა სახელმწიფოს იმედიღა რჩება და სჯერა, რომ მათი ბედი ახლა სახელმწიფოს კეთილ ნებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს მოცემულ სიტუაციაში და რა მექანიზმები არსებობს „ცენტრ პოინტის“ საქმიანობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად?
ელზა გიორგაძეს "ცენტრ პოინტთან“ ურთიერთობა 200 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა, აქედან 146 ათასი დოლარი უშუალოდ კომპანიას გადაუხადა (კომერციული ფართისთვის სააკაძის მოედანზე, კორპუსში, რომლის მშენებლობაც თითქოს 2008 წელს უნდა დასრულებულიყო), ხოლო დაკარგული ფულის დარჩენილი ნაწილი მშენებლობისთვის აღებული საბანკო კრედიტების სათვალავზე მოდის. დაზარალებული ქალი რადიო თავისუფლებას ძალიან მძიმე ამბებს უყვება, ამბობს, რომ მისი ახალგაზრდა და სწორედ „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებულმა ნერვიულობამ შეიწირა, სამუდამოდ დასამარდა მისი ბიზნესი, რადიკალურად გაუარესდა მისი 5-სულიანი ოჯახის ცხოვრების დონე და მთელი ამ წლების განმავლობაში ბოდიშიც არავის მოუხდია მისთვის. წმინდა ადამიანურად ციხისთვის ყველა ეცოდება, მაგრამ ელზა გიორგაძე არ იზიარებს აზრს, რომ მაია რჩეულიშვილის საპატიმროში ყოფნა პროცესს კიდევ უფრო დაამუხრუჭებს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ პროცესი წინ ვერც პირველი დაკავებისა და გათავისუფლების (2013 წელს) შემდეგ წავიდა:
„ქალბატონი მაია გინდ ციხეში იყოს და გინდ გარეთ, ჩვენთვის, ფაქტობრივად, მნიშვნელობა არა აქვს ამას... იმიტომ რომ, სამი წელია ველოდებით – აი, რაც გირაოს თავდებით გამოვიდა, მას შემდეგ... მაგრამ აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა, ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა წინ – ყოველდღე გვატყუებდა“.
სააკაძის მოედანზე ასაშენებელი კორპუსების გარდა, „ცენტრ პოინტის“ სათვალავზე კიდევ ბევრი დასამთავრებელი მშენებლობა მოდის. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაზარალებულთა საერთო რიცხვი 6 ათასს აღემატება და მათ დიდ ნაწილს, სხვადასხვა დროს, სამართლებრივი დავაც მოგებული აქვს. მართალია, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირებისა და „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილი თანამშრომლების დაკავება ბათუმში არსებულ პროექტებს უკავშირდება, მაგრამ ელზა გიორგაძეს იმედი აქვს, რომ, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა დაზარალებულს მიხედავს და, საერთოდ, ერთადერთი იმედი ახლა სწორედ სახელმწიფოს უკავშირდება:
„ახლა იმის იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება და, ვთქვათ, დაყადაღებული ქონება თუ გაიყიდება... არ ვიცით, ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ გვაქვს, უნდა მოვიფიქროთ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს... თუ სახელმწიფომ რაღაც არ გააკეთა, ჩვენ არაფერი გვეშველება...“
კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს? ამ ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთადერთი გზა ეგულება ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს სცენარი მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა ეფუძნებოდეს:
„როდესაც სასამართლო „ცენტრ პოინტს“ დამნაშავედ ცნობს და მას დაეკისრება ყველა იმ თანხის დაბრუნება, რაც მას გადაუხადეს ადამიანებმა, მაშინ კომპანიის ყველა აქტივი შეფასდება, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებები ჩამოსცილდება და რაც დარჩება, გაიყიდება და გადაეცემა დაზარალებულ მოქალაქეებს... სხვანაირად სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა ამაში და რომ ჩაერიოს, უკანონო იქნება. სხვა გზა არ არსებობს, სხვა სამართლებრივი გზა...“
რაღაც აქტივები აქვს, ალბათ, „ცენტრ პოინტს“, რომლებითაც შეიძლება დაინტერესდეს ახალი კომპანია და სწორედ ამ აქტივების გამო ჩადოს ფული მშენებლობების დასრულებაში... სახელმწიფომ, შესაძლებელია, უთხრას ინვესტორს: მოდი, შენ ეს ბინები ააშენე და მე ამის გამო ადგილს (მიწის ნაკვეთს) გაჩუქებ თბილისში ანდა რაღაც ასეთი...მერაბ ჯანიაშვილი
მწვავე კრიზისის ჩასაქრობად, დემურ გიორხელიძის აზრით, სახელმწიფო, შესაძლებელია, კიდევ ერთი გზით წავიდეს და დააფინანსოს დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება, თუმცა ამისათვის, ექსპერტის განმარტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული და, ამასთან, დიდი ალბათობით, შესაცვლელი იქნება კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ.
თუკი სახელმწიფომ მოინდომა, ის ყველაფრის გაკეთებას შეძლებს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი. მისი გათვლით, შექმნილ სიტუაციაში შესაძლოა კარგად ემუშავა პროექტს, მსგავსს „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლისა“, რომლის დროსაც სახელმწიფო გარანტის როლს ასრულებს, ხოლო ახალი ინვესტორის დაინტერესება კონკრეტული აქტივებით არის შესაძლებელი:
„რაღაც აქტივები აქვს, ალბათ, „ცენტრ პოინტს“, რომლებითაც შეიძლება დაინტერესდეს ახალი კომპანია და სწორედ ამ აქტივების გამო ჩადოს ფული მშენებლობების დასრულებაში... სახელმწიფომ, შესაძლებელია, უთხრას ინვესტორს: მოდი, შენ ეს ბინები ააშენე და მე ამის გამო ადგილს (მიწის ნაკვეთს) გაჩუქებ თბილისში ანდა რაღაც ასეთი... რაიმე სახის სარგებელი ახალმა ინვესტორმაც უნდა ნახოს, თორემ, ცხადია, სულ წაგებაზე არავინ იმუშავებს“.
სხვა ბევრი ეკონომისტის მსგავსად, მერაბ ჯანიაშვილიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას კერძო ბიზნესის საქმეებში, მაგრამ, მისი თქმით, რადგანაც გაყინული და პრობლემური მშენებლობების უკან ბევრი უსამართლოდ გაუბედურებული ადამიანი დგას, რომელთა ინტერესებიც თავის დროზე ვერ დაიცვა სახელმწიფომ, გამონაკლისის დაშვება შეიძლება. ექსპერტის აზრით, შექმნილ სიტუაციაში სახელმწიფომ გარკვეული პასუხისმგებლობაც უნდა იკისროს და გამოსავლის გზებიც უნდა მოძებნოს.
12 ივლისს, თითქმის ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფისა“ და მისი ფილიალის, „ცენტრ პოინტ აჭარის“, ოთხ წარმომადგენელს - „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილს, „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილ დირექტორს, სალომე ჩარკვიანს, და ასევე „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილ დირექტორს, ირაკლი მინდელს. ყოფილი დირექტორები მთავარ პროკურატურას უკვე 10 ივლისს ჰყავდა დაკავებული, მაია რჩეულიშვილი 12 ივლისს პირდაპირ სასამართლოს დარბაზში დააკავეს, ხოლო მისი შვილი, გურამ (გუკა) რჩეულიშვილი, რომელიც მიმალვაში იყო, იმავე დღეს, გვიან ღამით, იქნა დაკავებული. გამოძიება ლაპარაკობს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც დიდი ოდენობით სხვისი ქონების – მილიონების – გაფლანგვასა და მითვისებას უკავშირდება.
პარალელურად, მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე. 2013 წლის ზაფხულში მთავარმა პროკურატურამ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში დაადანაშაულა სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, ხოლო კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელსა და 33 %-იანი წილის მფლობელ ივანე ცაგურიას, რომელსაც „ცენტრ პოინტი“ 2010 წელს სამართავად გადაეცა, თაღლითობის ხელშეწყობაში დაედო ბრალი. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ბიზნესმენმა დებმა უკანონოდ მიითვისეს 11 მილიონ ლარზე მეტი, რის გამოც ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა შეჩერდა და უამრავი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ბრალდებულებმა მაშინ გირაოს სანაცვლოდ დააღწიეს თავი საპატიმროს.