Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ სასახლეებში ცხოვრობდნენ ქართველი მეფეები


დარეჯანის სასახლე თბილისში
დარეჯანის სასახლე თბილისში

ქართული სასახლეები, ანუ როგორ პირობებში ცხოვრობდნენ საქართველოს მეფეები და წარჩინებულები. სამეფო აპარტამენტების შესახებ ისტორიამ ბევრი არაფერი შემოგვინახა, რეალობამ კი - უფრო ნაკლები. ისტორიკოსების თქმით, შუასაუკუნეებში აშენებული სასახლეები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია შემორჩენილი და ისინი თავისი სისადავით გამოიჩევიან.

ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სულ რამდენიმე სასახლეა და მათი უმეტესობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ვერც შეამჩნევ. სასახლეების ნაკლებობას ხელოვნებათმცოდნე იმით ხსნის, რომ საქართველოში საერო არქიტექტურაზე მეტად საკულტო ნაგებობებს ექცეოდა ყურადღება. კერძოდ, თუ რომელიმე ტაძარი დაინგრეოდა, მეფე თუ მთავარი მის აღდგენაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე სასახლის შეკეთებაზე ან ახლის აშენებაზე. შესაბამისად, დღემდე მოღწეული ტაძრების რაოდენობა გაცილებით მეტია:

„სულ რამდენიმე სასახლე შემოგვრჩა შუასაუკუნეებიდან და უმეტესობა არის კახეთის ტერიტორიაზე. ეს არის ადრეული პერიოდიდან, სადღაც VIII-IX საუკუნეებიდან მოყოლებული, გვიან შუასაუკუნეებამდე. ეს სასახლეები ძირითადად ჩართული იყო დიდ სამონასტრო კომპლექსებში, მაგალითად, როგორც იყალთოს აკადემიაა, ორსართულიანი დიდი ვეებერთელა შენობები, რომელსაც პირველი სართული ყრუ აქვს, მეორე კი -დიდი, გახსნილი თაღებით. ასეთი იყო ძველი ქართული სასახლეები, ის, რაც შემორჩენილი გვაქვს კახეთში, იქნება ეს ვაჩნაძიანში, ვანთაში, კვეტერაში თუ სხვაგან“.

მისივე თქმით, ყველა ეს სასახლე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და, ალბათ, ცალკე პროგრამა სჭირდება, რომ როგორც ადგილობრივისათვის, ასევე ტურისტისთვის იყოს მიმზიდველი.

უფრო ადრინდელი, თამარ მეფის დროინდელია გეგუთის სასახლე. თუმცა მისი მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. რაც შეეხება უფრო გვიანი ეპოქის სამეფო ნაგებობებს, მათ ჩვენამდე არ მოუღწევია. ის, რომ ოდესღაც ქუთაისში „ოქროს ჩარდახი“ იდგა, ხოლო თბილისში როსტომ ხანის სასახლე, მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ვიცით. გადარჩენილია ერეკლე მეორის სასახლე თელავში და დარეჯანის სასახლე თბილისში:

ერეკლე მეორის სასახლე თელავში
ერეკლე მეორის სასახლე თელავში

„ამას კიდევ ერწყმის დიდი ფეოდალების საცხოვრისები, რომელსაც ასევე სასახლეები ეწოდება საქართველოში. საკმარისია დავასახელოთ ერისთავების სასახლეები. ახალგორში არის შესანიშნავი სასახლე. სამწუხაროდ, დღეს ხელი არ მიგვიწვდება მასზე. ასევე, ლამისყანაში -ორბელიანების სასახლე. ასევე, ყველასთვის ცნობილი წინანდლის სასახლე. მართალია, გადაკეთებულია რუსეთის იმპერიის დროს და იქ ნაკლები რამ არის შემორჩენილი ალექსანდრე ჭავჭავაძის დროინდელი, მაგრამ მაინც. ნამდვილად სასახლის სახე აქვს დადიანების შესანიშნავ რეზიდენციას ზუგდიდში. კიდევ არის რამდენიმე მამული, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სასახლე და ეს უფრო არის აღმოსავლეთ საქართველოში, ვიდრე - დასავლეთში“.

არქიტექტურის ისტორიკოსი გიორგი ჭანიშვილი ამბობს, რომ ხშირად ფეოდალები პირდაპირ ციხე-კოშკებში ცხოვრობდნენ. გაუთავებელი შინაომები თუ შემოსევები მათგან ცხოვრების ასეთ წესს მოითხოვდა:

„გარდა ამისა, არსებობს მცირე ციხე-კოშკებიც, სულ რაღაც 10-15 მეტრი სიგრძე-სიგანის. იქ ფეოდალი ცხოვრობდა და ციხედ იყო გადაკეთებული. ევროპაში დიდი შატოებია, მაგრამ აქ ასეთს ვერ გააკეთებდნენ, ყოველ ოც წელიწადში მტერი დაანგრევდა. ამიტომ ციხე- დარბაზებში ცხოვრობდნენ“.

ძველი ნივთებიდან არაფერია შემორჩენილი, მხოლოდ შენობა და ისიც ნაწილობრივ, რადგან მიშენებული ექნებოდა ორივე მხრიდან. სხვა ნაგებობებიც იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს არის შემორჩენილი...
დედა ანისია (ქობალია)

და ისევ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა სასახლეების სიმწირე საქართველოში. ლალი ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ, სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით, სასახლეების ძალიან დიდი ნაწილი იყო ხის, მასიური აივნები, გადახურვა, კოჭები... შესაბამისად, ადვილად ფუჭდებოდა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი:

„ამაზე, სხვათა შორის, მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ და იგივე დიმიტრი თუმანიშვილს აქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელიც ჩვენს წყაროებს ეყრდნობა. არის ასეთი აზრი, რომ არ იყო ქართველისთვის იმდენად მნიშვნელოვანი სასახლის აშენება, მორთვა და ამდენი ფულის ჩადება, ვიდრე ეკლესიის. გვაქვს ეპოქები, როდესაც ეკლესიაში, მის მოხატვასა და მოპირკეთებაზე, ძალიან დიდი თანხა არის დახარჯული, სასახლე კი ძალიან სადაა. ეს შეიძლება იყოს მენტალური, კულტურული განწყობა. სასახლის, საკუთარი სახლის მოწყობა არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ღვთის სახლის“.

ერთ-ერთი სასახლე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 1776 წელს ერეკლე მეორის მეუღლემ, დარეჯან დედოფალმა, ააგო თბილისის ცენტრში. ის ძველი ციხის ნანგრევებზეა აშენებული და თბილისელები ოვალური აივნით ცნობენ. აქვე იყო წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია, რომელიც შემდეგ ფერისცვალების სახელზე აკურთხეს. სასახლისა და მისი კომპლექსის ზუსტ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ნაგებობა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას ძალიან დაზიანდა. დღეს მიმდებარე ტერიტორიასთან ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერია. დედა ანისია (ქობალია) ამბობს, რომ ძველი სასახლიდან ჩვენამდე, ფაქტობრივად, მხოლოდ კედლებმა მოაღწია:

„ძველი ნივთებიდან არაფერია შემორჩენილი, მხოლოდ შენობა და ისიც ნაწილობრივ, რადგან მიშენებული ექნებოდა ორივე მხრიდან. სხვა ნაგებობებიც იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს არის შემორჩენილი. აივანი რესტავრაციის შედეგად გამოვცვალეთ, მაგრამ სტილი იგივეა“.

ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭე
ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭე

გადარჩენილია თავად ერეკლეს სასახლეც თელავში და დღეს იქ მუზეუმია. მისი შენება მე-17 საუკუნის ბოლოს ჯერ კიდევ მეფე არჩილმა დაიწყო. მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი ამბობს, რომ სასახლე ბევრჯერ გადაკეთდა. ყველა მეფე მას თავისი შეხედულებისამებრ ცვლიდა. ბოლოს მშენებლობა ერეკლე მეორემ დაასრულა:

„ერეკლე მეორემ ეს სასახლე (არქიტექტურის ძირითადად აღმოსავლური სტილი) თითქმის ციტადელად აქცია. ჩვენ გვაქვს ბოლო ნახატი, ევროპელი მოგზაურის, რომელსაც ბატონის ციხის მთლიანი ესკიზი აქვს გაკეთებული და მათ შორის იმ მშენებლობების, რომელიც ციხის შიგნითაა. სასახლე ამ სახით, როგორც ახლა არის რესტავრირებული, იმ ნახატში მოცემული არ იყო. მოცემული არის ორსართულიანი, გოდოლების რაღაც კრებული, ციტადელი. ეს ბუნებრივია, მაშინ შემოსევების საშიშროება იყო და ერეკლე მეორემ როგორც ციხესიმაგრე, ისეთი გახადა თავისი სასახლე“.

გურამ ურჩუხიშვილი ამბობს, რომ, მიუხედავად აღმოსავლური სტილისა, ქართულ სასახლეებს მაინც არ ახასიათებდა ის ფუფუნება, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებისთვისაა თვალშისაცემი. ერეკლეს სასახლის ცენტრალური ნაწილი დარბაზი იყო, სადაც მეფე ელჩებს იღებდა და თათბირობდა. დანარჩენი შენობა შედარებით პატარა ოთახებს უჭირავს, იქ მეფის ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ამასთან, ბატონის სასახლე ორად იყო გაყოფილი. გამყოფი კედლის იქით იყო სივრცე, რომელსაც სახიზარი ეწოდებოდა. ამ ტერიტორიას მოსახლეობა შემოსევებისას აფარებდა თავს, ანუ იხიზნებოდა.

ერეკლე მეორის სასახლე ამჯერად რესტავრაციის პროცესშია. მის აღდგენაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რესტავრაციის პროცესშია ზუგდიდში მდებარე ნიკო დადიანის სასახლეც.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG