Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ემზადებიან 8 მარტისთვის


წინა წლებისგან განსხვავებით, წელს 8 მარტისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები ქალების უფლებების დასაცავად დემონსტრაციებს მოაწყობენ. ამ ნაბიჯით ცდილობენ 8 მარტს ის მნიშვნელობა დაუბრუნონ, რომელიც ამ თარიღს თავიდან ჰქონდა. „მეტი ქალი პარლამენტში“ - ასეთი იქნება იმ დემონსტრაციის მთავარი სლოგანი, რომელიც თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. მსგავსი აქციები გაიმართება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც.

როგორც ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე ამბობს, 8 მარტს კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ქალები ამომრჩეველთა ნახევარია და მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.

იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

„ჩვენ ზოგჯერ განსხვავებული და საპირისპირო ინტერესები გაგვაჩნია, ამიტომ არ შეიძლება მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებით ვცხოვრობდეთ, რომელიც მეორე ჯგუფის ინტერესებს არ ემთხვევა“, - ამბობს იდა ბახტურიძე.

ერთ-ერთი საშუალება მმართველ ორგანოებში გენდერული ბალანსის მისაღწევად ქალებისთვის სპეციალური კვოტების გამოყოფაა. ამ იდეას ბევრი ემხრობა, ბევრი კი წინააღმდეგობას უწევს. იდა ბახტურიძის თქმით, გაეროს ქალთა განვითარების ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თუკი მსგავსი ხელოვნური ჩარევა არ მოხდება, ბუნებრივად ზედა ინსტანციებში ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი რაოდენობით მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ თუ ვიხილავთ, ეს კი მთელი თაობაა:

„რატომ უნდა მოვიცადოთ, როდესაც შეიძლება ეს საკითხი უფრო ადრე მოგვარდეს სწორედაც ხელოვნური ჩარევის გზით?! ხელოვნური ჩარევა რას ნიშნავს? სწორედ ახლა გვაქვს ხელოვნური სიტუაცია, როდესაც მართვაში უფრე მეტად მხოლოდ იმიტომ მონაწილეობენ კაცები, რომ კაცები არიან. ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა“.

კავშირ „საფარის “ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ კვოტირების შემოსაღებად კანონმდებლობაში სიღრმისეული ცვლილებები გასატარებელი არ არის, ამას მხოლოდ ნება სჭირდება.

ბაია პატარაია
ბაია პატარაია

„როდესაც პარტია კანდიდატების პროპორციულ სიას წარადგენს, ყოველი მეორე განსხვავებული სქესის უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვას - სულ ეს არის ცვლილება. აქ საუბარია მხოლოდ პროპორციულ სიაზე, მაჟორიტარებს არ ვეხებით. შესაბამისად, 150 პარლამენტარიდან მხოლოდ 38 იქნება ქალი და არა 77, როგორც ჰგონიათ ხოლმე“, - ამბობს პატარაია.

მისივე თქმით, რადგანაც პოლიტიკოსები კვოტირების იდეას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან, მნიშვნელოვანია თავად მოსახლეობამ მოითხოვოს ამგვარი ცვლილება. 8 მარტის ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება, ანუ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

რას ფიქრობს თავად ეს საზოგადოება? ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები ქუჩაში გამვლელებს დავუსვით:

„სასურველია პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი იყოს, ვიდრე არის, თუმცა, ვფიქრობ, მაინც საკმარისად არიან. რაც შეეხება იმას, თუ რა მოაქვს ქალს პოლიტიკაში, უფრო სიდინჯე და სიმშვიდე მოაქვს“.

„საერთოდ, ქალები პოლიტიკაში უფრო ჰუმანურობის მომტანები, უფრო საზრიანები, უფრო ინტუიციურები არიან“.

„რა კუთხით იმუშავებენ? აუცილებლად ქალური ცხოვრებისთვის. კაცები ვერ აღიქვამენ, რა გაჭირვებაში არიან ქალები, როგორი მძიმე ტვირთი აწევთ“.

კონვენციის ფარგლებში შექმნილი კომიტეტი კონკრეტულად საქართველოს აძლევს რეკომენდაციას სავალდებულო დროებითი ზომის მისაღებად, რაც კვოტირებას გულისხმობს...
ნინო ჯანაშია

6 მარტს, გენდერის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოესი წარსულის სირთულეები საქართველოში სწორედ ქალების ზურგზე გადავიდა.

„გამოვაცხადეთ 2015 წელი ქალთა წლად, რასაც ყოველ ეტაპზე ხელს შევუწყობთ როგორც დანიშვნების ნაწილში, ასევე საკითხთა გადაწყვეტის ნაწილში, საკანონმდებლო ნაწილში, რათა ქალების საკითხები იყოს წინწამოწეული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ქალთა მოძრაობის აქტივისტი ნინო ჯანაშია ამბობს, რომ საქართველო არის ხელმომწერი ქვეყანა კონვენციისა „ქალთა მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“. 2014 წლის ივლისში საქართველოსთვის გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ გენდერული თანასწორობა პოლიტიკური ცხოვრების არც ერთ საფეხურზე არ არის წარმოდგენილი და ეს უნდა შეიცვალოს.

„კონვენციის ფარგლებში შექმნილი კომიტეტი კონკრეტულად საქართველოს აძლევს რეკომენდაციას სავალდებულო დროებითი ზომის მისაღებად, რაც კვოტირებას გულისხმობს“, - ამბობს ნინო ჯანაშია.

ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ორი წელი აქვს მოცემული. ნინო ჯანაშიას თქმით, სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანდებიან, უკვე შეიმუშავა გენდერული კვოტირების ნორმა და მას ახლა პოლიტიკურ პარტიებს აცნობენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG