28 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ანდრო დადიანი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "პარტნიორობა ბავშვებისთვის". მთავრობასთან შეთანხმებით და ჰოლანდიის მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში არსებული პანსიონური დაწესებულებები და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები მთავრობისთვის სახელმწიფო რეგულირების მიღმა დარჩენილი 24-საათიანი ბავშვთა მომსახურებების სახელმწიფო რეგულირების ქვეშ მოქცევისთვის.
კვლევამ მოიცვა განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული და ადგილობრივი მთავრობის მიერ დაფინანსებული სკოლა-პანსიონები, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის საპატრიარქოს სკოლა-პანსიონები და ისლამური პანსიონები.
რა ცვლილებები შევიდა 2016 წლის 8 ივნისს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში, რომელი პანსიონები დარჩნენ ამ კანონში გაწერილი რეგულაციების მიღმა, რა სიკეთეები შეიძლება მოიტანოს რეგულაციების ამუშავებამ და რა საფრთხეების წინაშე დგანან ბავშვები, რომლებიც დახურულ ინსტიტუციებში ცხოვრობენ - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.