როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში
27 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქეთი ჩუთლაშვილი, ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი. ცენტრმა შეისწავლა საქართველოში მყოფი და აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების (ჯამში, 8 ადამიანის) 6 საქმე და გაარკვია, რა სიძნელეებს აწყდებიან ისინი ლტოლვილის სტატუსისა და საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებისას. საქმეების შესწავლის პირველადი ანალიზის შედეგად გამოკვეთილი სურათის თანახმად, 2016 წლიდან საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს უარს ეუბნება სტატუსის განსაზღვრაზე, ქვეყნის უსაფრთხოების ზოგადი სტანდარტის დაცვის არგუმენტით, და, ამავდროულად, სამშობლოდან დევნილები საქართველოში მუდმივად განიცდიან დევნას, თვალთვალს, შანტაჟს და ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად. რამდენად მყარი არგუმენტი აქვთ მიღებული აქტივისტებს სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნაზე, რა შეიძლება იყოს მათი საქართველოში დევნის მიზეზი და რა უნდა გააკეთონ საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა იმისათვის, რომ პოლიტიკური დევნილების უფლებები ქვეყანაში იყოს დაცული - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.