Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რკო" - ბუნებრივი ტანსაცმელი ბავშვებისთვის


„რკო“ ახლად შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო ტანსაცმელს და აქსესუარებს ნატურალური მასალებითა და საინტერესო დიზაინით აწარმოებს. „რკოს“ იდეა სამ მეგობარს ეკუთვნის, რომლებიც ამ სფერომდე საკუთარმა შვილებმა მიიყვანეს. ერთ-ერთი დამფუძნებელი, თაკო მეგრელიშვილი, იხსენებს, რომ ბავშვებისთვის ნაქსოვი ტანსაცმლის შექმნის იდეა ორსულობისას გაუჩნდა და ვინაიდან ქსოვის გამოცდილება მანამდე არ ჰქონდა, ქსოვის შესასწავლად ინტერნეტს მიმართა. ქსოვამ და საკუთარი ნაქსოვებით კმაყოფილი პატარების ნახვამ ისე გაიტაცა, რომ გართობის ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა:

რკო
please wait

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00
გადმოწერა

“თავიდან ეს იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მე ველოდებოდი მეორე ბავშვს, ორსულად ვიყავი და ძალიან მომინდა, რომ მომექსოვა რაღაცები. საერთოდ არ ვიცოდი ქსოვა, გამოვიყენე იუტუბი, დავჯექი და ვისწავლე ქსოვა. ოღონდ ვინაიდან იუტუბით მაქვს ნასწავლი, აბსოლუტურად სხვანაირად ვქსოვ. რომ მიყურებენ ხოლმე, ამბობენ, დედა, როგორ წვალობო. მხოლოდ ბავშვის რამეების მოქსოვა მაინტერესებდა, ჩემი და მეგობრების შვილებისთვის ვქსოვდი, ვხედავდი, რომ კომფორტულად ხმარობდნენ და რომ მეუბნებოდნენ, რა კარგად ვიხმარეთ შენი ნაჩუქარი ნივთებიო, ძალიან ბედნიერი ვიყავი. აქედან ნელ-ნელა წამოვიდა ეს იდეა. ,,რკო“ დავაფუძნეთ სამმა მეგობარმა - მე, ნინო მესარკიშვილმა და თამუნა მესარკიშვილმა, რომლებიც დები არიან”.

"რკოს“ სამივე დამფუძნებელს ბავშვების ტანსაცმელთან დაახლოების მსგავსი ისტორია აქვს.

“ნინომ იცის კერვის შესახებ ყველაფერი, მთელი ბავშვობა თოჯინების ტანსაცმლის კერვით იყო დაკავებული და თამუნასაც ზუსტად იგივე დაემართა, რაც მე: ბავშვს რომ ელოდებოდა, მაშინ დაიწყო საბავშვო ტანსაცმლის შექმნაზე ფიქრი”.

"რკო“ ამ დროისთვის ქუდებს, სვიტერებს, ჟაკეტებს, პერანგებს და პლედებს აწარმოებს. სხვადასხვა მოდელის პირველ ნიმუშებს დღემდე თაკო ქსოვს ან ნინო კერავს, რომ ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც ჩაფიქრებულია. ისე კი საქმეში პროფესიონალი მქსოველები და მკერავები არიან ჩართულები, რომლებსაც საგულდაგულოდ არჩევენ. ვინაიდან პროდუქცია ბავშვებისთვის იქმნება, ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს.

.

​“ჩვენი მიზანია, რომ იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი, კომფორტული და ბუნებრივი. ნაჭრები, მაგალითად, გამოწერილი გვაქვს, რომ ზუსტად ვიცოდეთ, მაღალი ხარისხის კოტონია. ძაფებიც სპეციალურად არის დამუშავებული ბავშვებისთვის. ჩვენ ძალიან ვართ დეტალებზე ორიენტირებული, რაც ზოგჯერ საქმეს გვირთულებს. არ გვინდა, მაგალითად, რომ ისეთი ნაკერი ჰქონდეს, რომელიც ბავშვს შეაწუხებს, ამიტომ ასეთი სპეციალისტები ცოტა ძნელი მოსაძებნია. ასევე ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ სადაც იქმნება ჩვენი ნივთები, მაქსიმალურად ჰიგიენური გარემო იყოს, მაგალითად, არ ეწეოდნენ, სისუფთავე იყოს და ა.შ.”

"რკოს“ პროდუქცია ამ ეტაპზე ფეისბუკის გვერდიდან იყიდება. აპირებენ თანამშრომლობას ინტერნეტ და კონცეპტუალურ მაღაზიებთან.

მიუხედავად იმისა, რომ "რკოს“ ხანგრძლივი ისტორია არ აქვს, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ყიდულობენ როგორც საკუთარი შვილებისთვის, ისე საჩუქრად მეგობრების ბავშვებისთვის და, როგორც ამბობენ, გამოხმაურებები ყოველთვის დადებითია, რაც მათი მთავარი სტიმულია.

XS
SM
MD
LG