Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკი: დაჯილდოვდა ქართველი იმიგრანტი ქალი


ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში
ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ნიუ-იორკში ქართული კულუტურის ცენტრის "დენსინგ ქრეინის" ვიცე-პრეზიდენტი ლიკა ბახტურიძე-სირელსონი სპეციალური სერთიფიკატით დააჯილდოვა იმ წვლილისთვის, რომელიც მას ქართველი იმიგრანტების მიმართ მიუძღვის. ეს არის დიპლომატიური კორპუსის მიერ დაწესებული დღე, როდესაც ნიუ-იორკში არსებული უცხოური მისიების, საელჩოების და გენერალური საკონსულოების მიერ ნიუ-იორკში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს მისი დამსახურების მიხედვით წარადგენენ და შეტანილი წვლილისთვის აჯილდოვებენ. ამ ღონისძიებაში საქართველოს გენერალური საკონსულო წელს პირველად მონაწილეობდა. ​ნიუ-იორკში მოქმედ, დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ ტრადიციას, რომელიც უკვე შვიდი წელია გრძელდება, წელს საქართველოც შეუერთდა. ეს არის ერთგვარი აღიარება და პატივისცემა ნიუ-იორკში მოღვაწე ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლის, რომელსაც აქ განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სხვადასხვა საქმიანობაში. ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის, "დენსინგ ქრეინის"ვიცე-პრეზიდენტის, ლიკა ბახტურიძე-სირელსონის კანდიდატურა საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა დიასპორის სამინისტროსთან შეთანხმებით წარადგინა. ნიუ-იორკში არსებული დიპლომატიური მისიის 19 წარმომადგენელს და გამორჩეულ ადამიანს წელს სლოვაკეთის საკონსულომ უმასპინძლა.

დიანა ჟღენტი: წელს საქართველოც მონაწილეობს ამ ღონისძიებაში სხვა დანარჩენ 19 ქვეყანასთან ერთად. ყველა ქვეყანას უფლება აქვს წარადგინოს თავის ნომინანტი. ეს შეიძლება იყოს არამარტო მოქალაქე, არამედ დიასპორის წარმოამდგენელი, რომელსაც დიდი წვილი აქვს შეტანილი თავის ქვეყანაშიც და აქაც. წელს დიასპორის სამინისტროს აპარატთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ დავაჯილდოვოთ ლია ბახტურიძე- სირელსონი. მას ძალინ დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ეხმარება ქართველ ხელოვნებას, ფიზიკურად, ფინანსურად, და შემოქმედებითი კუთხით.

"დენსინგ ქრეინ" სტუდიის დაარსება ლიკა ბახტურიძე-სირელსონის პირად ცხოვრებას უკავშირდება. სწორედ 1998 წელს გაიცნეს ერთმანეთი ამერიკელმა ვიქტორ სირელსონმა და ლიკა ბახტურიძემ, რომელიც ამერიკაში დარჩენას მხოლოდ ერთი წლით აპირებდა. საქართველოში ის დაკავებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მაშინდელი „გეპეის“ თეატრ-სტუდია „მოდი ნახეში“, სპექტაკლებში მთავარ როლს ასრულებდა, ბევრს მოგზაურობდა. თუმცა ვიქტორთან შეხვედრაც სცენას უკავშირდება. მეგობრისგან შეიტყო, რომ ნიუ-იორკში ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტი ტარდებოდა. ეს იყო „მოცეკვავე წეროები“, რომელიც ვიქტორ სირელსონმა ჯერ კიდევ 1996 წელს დაარსა. მან ქართული კულტურის, ცეკვისა და სიმღერების შესახებ პოლონეთში მოგზაურობის დროს შეიტყო. შემდეგამ ინტერესმა ის თბილისშიც ჩაიყვანა.

ცუცა კაპანაძე: სანამ ლიკა გაიცნობდა ვიქტორს, მე გავიცანი ვიქტორი. საქართველოში იყო ჩამოსული. მთელი საქართველო აქვს მას მოვლილი. მაქსიმალურად დავეხმარე. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივყევი, აინტერესებდა ძველი ცეკვები, კოსტიუმები.

"მოცეკვავე წეროები"-ეს იყო 17 ამერიკელის და ერთი ქართველი ქორეოგრაფის გუნდი. ვიქტორის და ლიკას შეხვედრებიც მათი კონცერტიდან დაიწყო. 20 წლის მოღვაწეობის თავზე, "დენსინგ ქრეინში" 10 აქტიური წრე მუშაობს. ქართველი ბავშვები ქართულ ცეკვას, ბალეტს, ტელე-გადაღების ტექნიკას ეუფლებიან. ნიუ-იორკში ბევრი ქართულ-ამერიკული ოჯახია, თუმცა ლიკა სირელსონის და ვიქტორ სირელსონის წყვილი განსაკუთრებული.

ლიკა ბახტურიძე-სირელსონი: კულტურის ცენტრი გახდა ადგილი და საშუალება, სადაც ხელოვანი ხალხი ამ მონატრებულ საქმეს აკეთებს. მათ აქვთ ამის საშუალება. ვიქტორის იდეა იყო ყველაფერი.
"დენსინგ ქრეინი" არის ადგილი იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც საქართველოდან შეერთებულ შტატებში უკეთესი კარიერის მიზნით ჩამოვიდნენ. თუმცა ურთიერთობენ ისევ ქართველებთან და შაბათ-კვირას, როდესაც მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ აქ წესით ყველა ისვენებს, ისინი ისევ მუშაობენ. კვირას პირველ საათზე ქართველი ბავშვები ბალეტზე ანა გადელიასთან მიდიან.

ანა გადელია: ძალიან მხიარული სიტუაციაა ჩვენთან და ყოველთვიხ მიხარია მათთან მუშაობა. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან ვიქტორი და ლიკა.

XS
SM
MD
LG