Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი ინფლაციის წინააღმდეგ


გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ეროვნულ ვალუტაში - ლარში - საბანკო სესხების შემცირება და ლარის თვითღირებულების გაზრდა, რაც, ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას კი შეაფერხებს, მაგრამ ფასების ზრდის შეკავების უპირობო მექანიზმი იქნება.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ეროვნულმა ბანკმა თებერვლიდან დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზნით. თებერვლამდე განაკვეთები 4 % იყო. როგორც ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 6,5-დან 7 პროცენტამდე. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ნიშნავს სესხებზე მოთხოვნის შემცირებას, რადგან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება. შესაბამისად, როგორც ბიზნესი, ასევე მოქალაქეები ნაკლებად იღებენ სესხს, რაც ამცირებს ფულის მასას. ეს, მართალია, არც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ აუცილებელი იყო, გიორგი კეპულაძის თქმით, ფასების ზრდიდან გამოდინარე:

„ფასების ზრდის ტემპი, რაც ამ ეტაპზეა, ეს რომ შეჩერდეს, და, მოგეხსენებათ, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, ოქტომბრის მონაცემებით, არის 5,8 %, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს, 5 %-ს, სცდება. ამით ეროვნული ბანკი ცდილობს ინფლაციის მაჩვენებელი დიდად არ გასცდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. სწორედ ამითაა გამოწვეული ძირითადად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რადგან ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციაა ინფლაციის შეკავება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება“.

გიორგი კეპულაძის ინფორმაციით, 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5 826 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2 761 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8 587 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის 1-ელ სექტემბერთან შედარებით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 136-ით შემცირდა, ბიზნესსესხის რაოდენობა კი 179-ით გაიზარდა. ჯამში, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა, 2015 წლის 1 სექტემბერთან შედარებით, 43-ით არის გაზრდილი.
როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტლება მიიღო, ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი ირინა გურული:

„ლარის კურსის გაუფასურების გამო ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის უმეტესობა იმპორტირებულია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, 7,5 %-იანი. ანუ ამდენად მაღალი განაკეთი 2011 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამის უარყოფითი შედეგი იქნება ლარით დენომინირებული სესხების გაძვირება“.

ეროვნული ბანკის განმარტებით, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდაა ინფლაციის გამომწვევი. ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს, თუმცა 5,8-იანი ინფლაციის მაჩვენებელი და არაკეთილსაიმედო პროგნოზი იყო მიზეზი რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა.

საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას განმარტებით კი, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ეროვნული ბანკის მხრიდან უფრო დეკლარაციული ხასიათი აქვს, ვიდრე რეალურად ვითარებაზე გავლენის მოხდენის ეფექტი. თუმცა, ლია ელიავასვე თქმით, ეროვნული ბანკი ხშირად დაუსაბუთებლად ცვლის განაკვეთებს. ეფექტიც ამ ცვლილებებს მყისიერი არ აქვს, ის 6 თვეზე ადრე არ შეიგრძნობა:

„ეს არის, უბრალოდ, დეკლარაციის დონე. ინფლაცია ეროვნულ ბანკს 2011 წელს გაექცა 14,5 პროცენტამდე, 2002 წელს იყო მინუს 3,3 %-მდე. ანუ რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტი, საქართველოში არის არაეფექტიანი, მისი ეფექტი არის 0-ის ტოლი“.

ეროვნული ბანკის "მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლის მაღლა შენარჩუნდება,შემდეგ დაიწყებს შემცირებას და 5-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს 2016 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს“.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება და მაშინ გაირკვევა, გადახედავს თუ არა ბანკი რეფინანსირების განაკვეთს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG