მთავრობამ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი ეკონომიკური ზრდის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირების, ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების ფონზე მოამზადა. საინტერესოა, რამდენად პასუხობს ამ და სხვა ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი.
საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის თემაა ის, თუ როგორი ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში. შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა ბიუჯეტის შემცირებაზე საუბრობს, ხოლო ეკონომისტების უმრავლესობა ირწმუნება, რომ ბიუჯეტი არ მცირდება. იმაზე, თუ რა ხასიათის ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ლაპარაკობს.