მეორე დღეა სოციალურ ქსელში არ წყდება დისკუსია კომუნისტებისა და სტალინისტების მიერ გორში 9 მაისს ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით. კომენტატორების დიდი ნაწილი ამას გორელების სირცხვილს უწოდებს და არც ამ ქალაქის ლანძღვა-გინებას იშურებს. ამ ფონზე ბევრი 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთის ავიაციის მიერ ქალაქის დაბომბვას იხსენებს და სვამს კითხვას, რატომ უნდა ეწადოთ ამ ქალაქში რუსეთთან ინტეგრაცია? თუმცა იმ დროს, როცა ქალაქს მთელი საქართველოდან დაძრული ავტობუსებისა და მანქანების კოლონა მოადგა, 5000-მდე გორელი ცენტრალურ სტადიონზე იყო შეკრებილი და ნაკლებად ანაღვლებდა, რას მოითხოვდნენ კომუნისტები. ისინი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ გულშემატკივრობდნენ, რომელსაც საქართველოს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
9 მაისს საბჭოთა კავშირის კომუნისტური დროშებით, ანტიამერიკული და ანტიევროპული მოწოდებებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან კომუნისტებმა გორში მოიყარეს თავი. მათ სტალინის ძეგლის დადგმა და საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მოითხოვეს. უამრავი დროშა, სტალინის ფოტოები და პლაკატები, მოწოდებებით „ახალი საბჭოთა საქართველოსკენ“, ტრანსპორტი, სცენა და სასცენო აპარატურა - ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და, როგორც ჩანს, ადგილობრივ პრორუსულ ორგანიზაციებს ფული ჰქონდათ, ეს ფული კი საიდან მოდის, ძნელი მისახვედრი არ არის.
საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეყვანის იდეა კრემლში დიდი ხანია მუშავდება და ამ მიმართულებით გარკვეული სტრატეგიაცაა შემუშავებული. მოსკოვში ქართველი და რუსი პოლიტოლოგების შეხვედრაზე კრემლთან დაახლოებული ექსპერტები არც მალავდნენ, რომ კრემლის ინტერესშია, საქართველომ უარი თქვას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, თუმცა კრემლში კარგად იციან, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ამ იდეას საქართველოში მცირერიცხოვანი მიმდევარი ჰყავს. კრემლი საქართველოსთან ურთიერთობაში სტრატეგიას ცვლის და ეს რამდენიმე დღის წინ ქობულეთში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა. რუსი პოლიტოლოგები თითქმის აღარ ახსენებდნენ ევრაზიულ კავშირს. უფრო მეტად ისმოდა სიტყვები „რბილი ძალა“. ეს „რბილი ძალა“ გასაგებია, რომ, ტანკების ნაცვლად, ფინანსებისა და პროპაგანდის ამოქმედებას ნიშნავს. შეხვედრის კულმინაცია კი რუსი პოლიტოლოგის ნიკოლაი სილაევის მიერ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის შემოგდება იყო, რასაც ქართველი პოლიტოლოგების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. სილაევის აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ნატო და ევროკავშირი ვერ გახდა, ამიტომ საქართველოს საექსპერტო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ალტერნატიული იდეის შესახებ დისკუსია უნდა დაიწყოს.
ქობულეთში ჩამოსული რუსი ექსპერტები რომ კრემლთან არიან დაახლოებულნი, ამას არც თვითონ მალავდნენ. რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს წარმომადგენელი ივან ტიმოფეევი აღნიშნავს, რომ რუსეთში ექსპერტული საზოგადოების მოსაზრებებს ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებით უსმენენ, კრემლში დაბადებული იდეებისა და სტრატეგიების გამხმოვანებლები კი სწორედ ეს ექსპერტები არიან.
ქართველმა ექსპერტებმა რუს კოლეგებს 1920 წლის შეთანხმება, ბოლშევიკური რუსეთის მიერ ამ შეთანხმების დარღვევა და შემდეგ ქვეყნის ოკუპაციაშეახსენეს. თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე აცხადებს, რომ საუკუნეების განმავლობაში რუსეთი არასდროს ყოფილა საიმედო პარტნიორი და ეს უკრაინის მოვლენების დროსაც კარგად გამოჩნდა. პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტის იდეა საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან საშიშია.
ქობულეთში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთი მაქსიმალურად ეცდება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინოს და ამისთვის კრემლში სხვადასხვა სტრატეგია მუშავდება. უკვე ამოქმედდა ეგრეთ წოდებული „რბილი ძალა“. ევრაზიული კავშირის მომხრეები კი, გარდა იმისა, რომ მრავალრიცხოვან აქციებს მართავენ, გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც რუსული აგრესიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ფქვილის ტომრებით, ზეთის ბოთლებითა და რუსული ტკბილეულით ჩადიან და მოსახლეობას ევრაზიულ სიკეთეებზე ესაუბრებიან. ამ დროს კი, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.
ისევ სოციალურ ქსელს რომ დავუბრუნდეთ, ზოგიერთი კომენტატორი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამ საკითხში რადიკალურად განსხვავებული პოზიციების მქონე ჯგუფების დაპირისპირების საფრთხეზე ლაპარაკობს, რაც კრემლის ძალისხმევით მოხდება: სამოქალაქო დაპირისპირება ახლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესში შედის. 1921 წლის ოკუპაციისა და უკრაინაში დონბასის სცენარი, საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან ერთ კილომეტრში, სოფელ ორჭოსანთან, რუსული ტანკები საქართველოს ახალი, თუმცა უკვე ტრადციული, გამოწვევის წინაშე აყენებს.