13 ოქტომბერს შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გამოაცხადა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ახალი ლაურეატის ვინაობა. პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტს, მომღერალსა და კომპოზიტორს ბობ დილანს, რომელიც 1993 წლის შემდეგ პირველი ამერიკელია, ვინც მსოფლიოს ყველაზე საპატიო და პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი გახდა. გთავაზობთ სალომე ასათიანის სტატიას, რომელიც მან 2011 წელს, დილანის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაწერა.
სამშაბათს, 24 მაისს, თანამედროვე ამერიკული კულტურის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურას, ბობ დილანს, 70 წელი შეუსრულდება. ამ დღის აღსანიშნავად დილანის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემზადებიან - მათ შორის საქართველოშიც, სადაც ბევრი 1985 წლის ივლისის იმ უცნაურ დღეებს იხსენებს, როცა ბობ დილანი თბილისში აღმოჩნდა და საბჭოთა საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწეებიც გაიცნო.
24 მაისს ბობ დილანის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთხელ მოგვეცემა შესაძლებლობა აღმატებული და აღტაცებული ეპითეტები არ დავიშუროთ და მას „ლეგენდა“, „მოვლენა“ და „გენიოსი“ ვუწოდოთ. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამას იმ დღესაც თანმდევი უხერხულობის განცდით გავაკეთებთ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორ გენიოსთანაც გვაქვს საქმე - ცოცხალ, წინააღმდეგობრივ გენიოსთან, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ აღმატებულ ეპითეტებს და მისგან კერპის შექმნის მცდელობას ებრძვის.
არადა ის, თუ რას ნიშნავს კერპად თუ საკულტო ფიგურად ქცევა, დილანმა ძალიან ადრეულ ასაკში გამოსცადა - 1960-იან წლებში. აკუსტიკური გიტარით და ტუჩის გარმონით შეიარაღებული, გამხდარი ბიჭი სწრაფად იქცა მთელი თაობის ხმად - თანაც თაობის, რომელმაც თავისი აქტივიზმით და საპროტესტო მუხტით ძირეული და შეუქცევადი ცვლილებები მოახდინა დასავლეთის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ყოფაში.
დილანის სიმღერები „The Times They Are A-Changing”, “Blowing In the Wind”, Mr Tambourine Man“, “A Hard Rain's A-Gonna Fall“, თავიანთი მწვავე ტექსტებით, სამოციანი წლების ერთგვარ საუნდტეკად შემორჩა - სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის, ძალადობის, ჩაგვრის და ფარისევლობის წინააღმდეგ მიმართულ დაუვიწყარ ჰიმნებად.
1963 წლის 28 აგვისტოს, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის კულმინაციურ მომენტში - „ვაშინგტონზე მსვლელობის“ დღეს, როცა მარტინ ლუთერ კინგმა რასობრივი თანასწორობის შესახებ ისტორიული სიტყვა - „I Have A Dream - მე მაქვს ოცნება”- წარმოთქვა, სხვა რამდენიმე მუსიკოსთან ერთად ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დილანიც მივიდა და ასიათასობით დემონსტრანტს ადამიანების ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის შესახებ უმღერა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ჩვენი კოლეგა რობერტ კოლსონი, უკვე წლებია დილანის მსმენელია. დილანის საპროტესტო, პოლიტიკურ სიმღერებს შორის ის რამდენიმეს გამოარჩევს: „Masters of War“ ძალიან ძლიერი სიმღერაა - იმ ადამიანების ემოციური, ბობოქარი მხილება, რომლებიც ომებით, ძალადობით და სამხედრო ინდუსტრიით მოგებას ნახულობენ. „John Brown“, რომელიც მას სტუდიურ ალბომში არ შეუტანია, ასევე ძალიან ძლიერი სიმღერაა დედაზე, რომელიც საკუთარ ვაჟს ომში გზავნის ურაპატრიოტული სულისკვეთებით. თვლის, რომ ის გმირი გახდება. როცა მისი დასახიჩრებული და ტრავმირებული შვილი ომიდან დაბრუნდება, დედისთვის ომის მთელი საშინელება და აბსურდი ხდება აშკარა. დედა გაიაზრებს, რაოდენ ცდებოდა. ეს მართლა ძალიან ძლიერი სიმღერაა“.
თუმცა დილანი ძალიან მალე გაემიჯნა 60-იან წლებში ჩამოყალიბებულ, “საპროტესტო მუსიკოსის” იმიჯს, და “თაობის ხმის” ამპლუასაც გაექცა. ბევრი თაყვანისმცემლის თუ თანამოაზრე აქტივისტის მწვავე უკმაყოფილების მიუხედავად, დილანმა აკუსტიკური გიტარა ელექტროგიტარით ჩაანაცვლა, პოლიტიკური ტექსტების შემცველი ფოლკლორული მუსიკა კი - ელექტროინსტრუმენტებზე შესრულებული ბლუზით.
მას შემდეგ დილანის და მისი თაყვანისმცემლების ურთიერთობაში არაერთი პრობლემური პერიოდი დადგა. ყველაზე ერთგულებმა ყველა მოულოდნელობას და, განსაკუთრებით 1980-იან წლებში, ბევრ იმედგაცრუებასაც გაუძლეს - დილანის მხრიდან ჟღერადობის და იმიჯის მუდმივ ცვლას, მის რელიგიურ პერიოდებს, ბევრი არაფრით გამორჩეულ ალბომებს, ენთუზიაზმის გარეშე ჩატარებულ ლაივებს, ცუდ ხასიათზე ყოფნისას მიცემულ მშრალ და სარკასტულ ინტერვიუებს. გაუძლეს და დაჯილდოვდნენ კიდეც - დროის გასვლის და ხანში შესვლის პარალელურად, ბობ დილანმა კვლავ ერთი მეორის მიყოლებით გამოუშვა ძლიერი ალბომები, დაიწყო გულახდილი ინტერვიუების მიცემა, მემუარებიც დაწერა და ბლუზის, ფოლკის, როკენროლის, ქანთრისა და პოპმუსიკის შესახებ ძალიან მაგარი რადიოგადაცემის წამყვანიც გახდა.
დილანის თაყვანისმცემელთა ნაწილი - მაგალითად, მუსიკის პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი - საერთოდ თვლის, რომ ადრეული წლების განუმეორებელი, ლეგენდარული ხიბლის მიუხედავად, მუსიკალური თვალსაზრისით, გვიანდელი ბობ დილანი კიდევ უფრო საინტერესოა. „ძალიან მიყვარს ბოლო პერიოდის ბობ დილანი - რაც უნდა საკვირველი იყოს - მისი ბოლო ალბომები. მუსიკალურად, მისი საუნდი უფრო დარბილებულია, ტექსტებიც, ძირითადად უფრო სიყვარულზე მღერის. უფრო დაბრძენებულია და სევდიანი - ჩემთან უფრო ახლოს არის, თუმცა პირველი წლები, რა თქმა უნდა, ლეგენდარული წლებია და ამას ვერავინ გაექცევა“ - ამბობს გიორგი ასანიშვილი. ის არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ დილანმა სიმწვავე დაკარგა - ასანიშვილის აზრით, მუსიკოსის კრიტიკულმა მუხტმა მხოლოდ ტრანსფორმაცია განიცადა: „მე მგონი ახლა ისეთი დრო დადგა, რომ სიყვარულზე სიმღერაც უკვე პროტესტია. ასე ვუპასუხებდი ამას. იმდენი სიბინძურეა, ისეთი უაზრო სიმღერები, პოეზია და ლიტერატურა იქმნება სიყვარულზე, რომ ლამაზი სიმღერის და ლექსის დაწერა უკვე პროტესტია ამ ყველაფრის წინააღმდეგ. და, მე მგონი, დილანიც სწორედ ამას აკეთებს“ - აცხადებს გიორგი ასანიშვილი.
მის შეფასებას იზიარებს რობერტ კოლსონიც. „ასაკის მატებასთან ერთად, დილანმა ახალგაზრდული რადიკალიზმი დიდწილად დაკარგა - თავდაჯერებულობა, როცა გგონია რომ იცი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამყარო. ის თავს არიდებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხალხს კარნახობს, რა და როგორ იფიქრონ. თუმცა კვლავაც ძალიან აქტიურია, ბევრს გასცემს ქველმოქმედებისთვის, ჩართულია ბევრ პროექტში“ - ამბობს კოლსონი და განაგრძობს - „ჩემი აზრით, მისი პირადი ცხოვრების და სიმღერების სილამაზე სწორედ იმაშია, რომ ის ადამიანებს დამოუკიდებლად აზროვნებისკენ უბიძგებს“.
24 მაისს, ბობ დილანის 70-ე დაბადების დღეს ალბათ აღნიშნავენ საქართველოშიც, სადაც დილანის თაყვანისმცემლების ნაწილს უცნაური სიზმარივით ახსოვს 1985 წლის ივლისის რამდენიმე დღე, როცა ბობ დილანმა, ამერიკელი პოეტის სტატუსით, პერესტროიკისწინანდელ საბჭოთა კავშირში იმოგზაურა და თბილისშიც ამოყო თავი, სადაც მას საბჭოთა საქართველოს ოფიციალური კულტურის დამსახურებულმა მოღვაწეებმა უმასპინძლეს.
საქართველოში დილანის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსმენელი, მელომანი ზურა კაკაბაძე, ამ ისტორიას ასე იხსენებს: „თბილისში, მოყვარულებს შორის გავრცელდა ხმა, რომ ასეთი რაღაც ხდება - ძალიან ძნელად დავიჯერეთ, მაგრამ მერე დამტკიცდა, რომ სიმართლე იყო. ვიცოდით, რომ ორ საათზე მწერალთა კავშირში იყო დანიშნული შეხვედრა. ას კაცამდე იდგა გარეთ, პლატაკებით და ფირფიტებით ხელში, ელოდებოდა, რომ ხელი მოეწერა. მერე მართლაც გამოჩნდა ის მანქანა. რომ დაინახა ამდენი ხალხი, თავიდან, როგორც მერე გვითხრეს, მანქანიდან გადმოსვლა არ უნდოდა, ცოტა შეეშინდა. ქიშოც იქ იყო, გლუნჩაძე - აი „ლაქაში“ რომ თამაშობს, ის. მან მოახერხა, მივარდა ფოტოკამერით და გადაუღო სურათი, თან შესძახა Mister Dylan, I love you-ო. მერე შეიყვანეს მწერალთა კავშირში - მგონი ვერც ვერავინ დაინახა, ისე ტექნიკურად და პროფესიონალურად ამოუდგნენ აქეთ-იქით. ბიჭებმა შეუგზავნეს ფირფიტები, რაღაცეები და მოაწერა ხელი - ჩემთვისაც. მერე კი როგორც შეაპარეს, ისევე გამოაპარეს - უცებ ჩასვეს მანქანაში და ეგ იყო და ეგ, წავიდა.“
ზურა კაკაბაძე ერთ-ერთი იყო დილანის იმ რამდენიმე თაყვანისმცემლიდან, ვისაც გაუმართლა და მუსიკოსთან გასაუბრების საშუალება მაინც მიეცა. მცხეთაში ექსკურსიიდან დაბრუნებულ დილანს - რომელსაც, სხვათა შორის, შვილიც თან ახლდა - ის სასტუმრო ივერიის ფოიეში დახვდა და, როგორც თვითონ მოგვიყვა, ხუთიოდე წუთის განმავლობაში ესაუბრა: „მივედი, გავეცანი, ვუთხარი რომ მიყვარს მისი მუსიკა. ძალიან ზრდილობიანად იქცეოდა - მართალია ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მაინც არ გაგვექცა და გველაპარაკა, ძალიან მშვიდად, კარგად და კეთილგანწყობილად.“
საბჭოთა კავშირში ბობ დილანი ცნობილი პოეტის, ანდრეი ვოზნესენსკის მიწვევით მოხვდა. რუსეთიდან კი რატომღაც თბილისში გააგზავნეს. ზურა კაკაბაძის თქმით, იმ ხალხის უმეტესობისთვის, ვინც მას თბილისში უმასპინძლა, დილანი სწორედ ეს იყო - „მოსკოვის მიერ გაგზავნილი სტუმარი“, რომლისთვისაც დამკვიდრებული წესით უნდა ეცათ პატივი. და ასეც გააკეთეს - მხატვარ ზურაბ წერეთლის აგარაკზე სუფრის გაშლის ჩათვლით. „თამადად იყო ერთი - არ მინდა ახლა დავასახელო - ცნობილი პოეტი, რომელიც ქართული ტრადიციით ამბობდა სადღეგრძლოებს, ქართულ ლექსებსაც აყოლებდა - არ ვიცი ამ ლექსებს თარჯიმანი დილანს რანაირად უთარგმნიდა... მერე ჩემსკენ გადმოიწია და დილანზე მითხრა, ახლა ესეც პოეტია და მეც პოეტი ვარო? ჩამეცინა. იმას შეიძლება საერთოდ არ ჰქონდა გაგებული ბობ დილანი“ - მოგვიყვა ირაკლი მახარაძე, კინოდოკუმენტალისტი, რომელიც მაშინ 23 წლის იყო და იმ სუფრაზე მოხვდა.
გადმოცემის თანახმად, ბობ დილანსა და მის ქართველ მასპინძლებს საერთო ენა დიდად ვერ გამოუნახავთ. მეტიც - როგორც ამბობენ, თბილისში ყოფნის დღეებში დილანმა სულ რამდენჯერმე გაიღიმა - მათ შორის მაშინ, როცა მორიგ სუფრაზე ყოფნისას მედუდუკეთა ანსამბლის მუსიკა მოასმენინეს. დანარჩენ დროს თურმე ცოტა მოღუშული და დაბნეული დადიოდა. ირაკლი მახარაძის თქმით, ასე იყო ზურაბ წერეთლის აგარაკზე გაშლილი სუფრის დროსაც: „თვითონ ბობ დილანს, ძალიან კარგად მახსოვს, ჭუჭყიანი მაისური ეცვა და უჟმური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ხმას არ იღებდა - არ ვიცი დაღლილი იყო თუ რა. მოკლედ, არასიმპათიური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თითქმის არ ამოუღია ხმა. იმაზე ლაპარაკი, რომ დაეკრა ან ემღერა ნონსენსია. მახსოვს, რომ მოღუშული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. აქეთ კიდე წავიდა ქართული ღრეობა, ასე ვთქვათ. ისიც მახსოვს, რომ ცოტ-ცოტა კერძებსაც სინჯავდა - სუფრაზე იყო აბსოლუტურად ყველაფერი, ქართული კარგი სუფრა იყო გაშლილი“.
დილანის „უჟმურობის“ ამბავი ნამდვილად არ გააკვირვებს მათ, ვინც მას კარგად იცნობს. პირიქით - ალბათ უცნაური ის იქნებოდა, დილანს თავი კომფორტულად რომ ეგრძნო საბჭოთა პროპაგანდისტული კულტურის მეტრის, ზურაბ წერეთლის „დაჩაზე“ ყოფნისას, ჰალსტუხებიანი, ოფიციალური პოეტების გარემოცვაში. გიორგი ასანიშვილი მთელ ამ ისტორიას აბსურდს უწოდებს - ირონიულ და სევდიან აბსურდს, რომელშიც, შემთხვევით, რამდენიმე დღით ერთ სივრცეში მოუხდათ ყოფნა პარტიულ ხელმძღვანელობასთან დაახლოვებულ, ძალაუფლების მქონე მწერლებს და ქუჩის პოეტს - რომელიც მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლების და ნონკონფორმიზმის სიმბოლოდ იყო ქცეული: „ბეკეტის აბსურდის თეატრია ეს - მაშინდელი ბობ დილანის ასე ჩამოსვლა. ჩემთვის წარმოუდგენელი რაღაცაა ეს, არც მჯერა - მაგრამ ვიცი, რომ იყო. მაშინდელ საბჭოთა კავშირში ბობ დილანის ჩამოსვლა პოეტად - თან არავინ იცოდა, რომ ჩამოდიოდა - შეხვედრა ისეთ ხალხთან, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა ბობ დილანი ვინ იყო, რა იყო, არ იცოდნენ არაფერი. ისეთი ხალხი ვერ შეხვდა, ვისაც ნაღდად აინტერესებდა და მოხვდა ისეთ წრეში, სადაც არ უნდა მოხვედრილიყო. ამაზე მეტი აბსურდი რა გინდა. რასაც ებრძოდა, პირდაპირ იქ მოხვდა. სიყალბეში, განცხრომასა და სიფლიდეში მოხვდა პირდაპირ - საქართველოს მწერალთა კავშირში...“