Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის სიყვარულის 50 ფორმა: წინასაარჩევნო ქებად დაღვრილი რუსეთის მედია


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთში არჩევნებზე დამკვირვებელი დამოუკიდებელი ჯგუფი სატელევიზიო ქსელებს - პირველ რიგში, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფებს - ბრალს სდებს საარჩევნო კანონის დარღვევაში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უფასო საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფით. რუსეთში მარტში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, ისევ პუტინი გაიმარჯვებს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ 17 იანვარს განაცხადა, რომ რამდენიმე სიუჟეტი ნახა და გაიზიარა აზრი, რომ რეგიონალური ტელეარხების მიერ ნაჩვენები ზოგიერთი მასალა შეიცავს „ერთ-ერთი კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ წარმოებული კამპანიის ნიშნებს“.

ორგანიზაცია „გოლოსმა“, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიანიჭა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ შემოღებული საკამათო კანონით, მიმდინარე კვირაში განაცადა, რომ ფედერალურმა, რეგიონალურმა და ადგილობრივმა ტელეარხებმა ბოლო კვირებში გაუშვეს ათობით მასალა, რომელიც პუტინის სასარგებლოდ წარმოებულ „უკანონო კამპანიას“ უტოლდებოდა.

ეს რეპორტაჟები ძირითადად აშუქებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ „მოხალისეებს“, რომლებიც აგროვებენ 300,000 ხელმოწერას საიმისოდ, რომ პუტინმა 18 მარტის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად შეძლოს რეგისტრაცია. სატელევიზიო მასალების შინაარსი აშკარად იხრება პუტინის სასარგებლოდო, ამბობს „გოლოსი“ 16 იანვრის განცხადებაში.

ორგანიზაციამ განცხადებას დაურთო 55 სიუჟეტის სია, მათივე საინტერნეტო ლინკებით. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ 17 იანვარს განაცხადა, რომ რამდენიმე სიუჟეტი ნახა და გაიზიარა აზრი, რომ რეგიონალური ტელეარხების მიერ ნაჩვენები ზოგიერთი მასალა შეიცავს „ერთ-ერთი კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ წარმოებული კამპანიის ნიშნებს“.

რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებით დაინტერესებულ პირებს შორის თითქმის ერთსულოვნადაა გაზიარებული პოზიცია, რომ არჩევნებში კიდევ ექვსი წლის ვადით გაიმარჯვებს პუტინი.

მან დასძინა, საქმე არ გვაქვს „სატელევიზიო კომპანიების მხრიდან მასშტაბურ დარღვევებთან, მაგრამ არის გარემოებები, რომლებიც გვაღელვებს და რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთო“, - იუწყება სახელმწიფო სააგენტო „ტასსი“.

რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებით დაინტერესებულ პირებს შორის თითქმის ერთსულოვნადაა გაზიარებული პოზიცია, რომ არჩევნებში კიდევ ექვსი წლის ვადით გაიმარჯვებს პუტინი, რომელიც პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყანას უკვე 18 წელიწადია ხელმძღვანელობს და რომლის პირობებშიც სულ უფრო და უფრო მკაცრდება კრემლის კონტროლი რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

მაგრამ ტელეარხები მაინც განაგრძობენ მოქმედი პრეზიდენტის ქებით გაჯერებულ მაუწყებლობასო, ამბობს „გოლოსი“.

გთავაზობთ რამდენიმ მაგალითს ორგანიზაციის მიერ შესწავლილი რეპორტაჟებიდან. „გოლოსი“ გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ სიუჟეტებში გვთავაზობენ ინტერვიუებს პირებთან, რომელთა კავშირებს პუტინის მომხრე პოლიტიკურ ძალებთან საერთოდ არ ახსენებენ.

ნიჟნი ნოვგოროდი

ეს 15 იანვარს ნაჩვენები სიუჟეტი გავიდა არხზე, რომელსაც რეგიონალური ხელისუფლება აკონტროლებს. სიუჟეტში მოთხრობილია ხელმოწერების შესაგროვებლად როგორ გაუხსნა თავისი ოფისების კარი პუტინის მხარდამჭერებს მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“. ვისმენთ ინტერვიუებს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც პრეზიდენტს აქებენ - მათ შორისაა ივან კალმიკოვი, რომელსაც მხოლოდ „ნიჟნი ნოვგოროდის მცხოვრებად“ გვაცნობენ. „დღეს ჩვენს ხელმოწერებს ვტოვებთ ჩვენი ლიდერის და, იმედია, მომავალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის, მხარდასაჭერადო“, ამბობს კალმიკოვი.

სინამდვილეში, კალმიკოვი სათავეში უდგას „ერთიანი რუსეთის“ მთავარ ახალგაზრდულ განყოფილებას, რომელსაც „ახალგაზრდა გვარდიად“ მოიხსენიებენ. ამ ინფორმაციას პარტიის რეგიონალური წარმომადგენლობის ვებსაიტზე ვკითხულობთ.

ლუხოვიცი, მოსკოვის რეგიონი

14 იანვარს ლუხოვიციში - მოსკოვიდან 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქში - გადაცემული ეს სიუჟეტი შეიცავს „გოლოსის“ მიერ იდენტიფიცირებული და გავრცელებული დარღვევის მაგალითს - ინსტრუქციას, როგორ შეუძლიათ მაყურებლებს მხარი დაუჭირონ კანდიდატს თავიანთი ხელმოწერებით.

რამდენიმე სიუჟეტში ამ რჩევების გაცემისას კონკრეტულად პუტინს არ ასახელებენ, თუმცა რჩევებს იძლევიან იმ კადრების ფონზე, რომლებიც პუტინის მომხრეებს ასახავს. მაგრამ ლუხოვიცის რეპორტაჟის ავტორები კიდევ უფრო შორს წავიდნენ:

„საიმისოდ, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს მხარი დაუჭიროთ, მხოლოდ პასპორტი და თქვენი სურვილი გესაჭიროებათო“, - ეუბნება ჟურნალისტი ელენა ზაბელინა კამერას.

შემდეგ ზაბელინა თავის პასპორტს გადასცემს ქალს, რომელიც გამოწყობილია მაისურში წარწერით „პუტინი 2018“ და რომელსაც მოხალისედ წარმოგვიდგენენ.

სიუჟეტის ბოლოს პენსიონერი, რომელსაც ალევტინა მოსეიევად გაგვაცნობენ, ამბობს: „მე ჩვენს მომავალს მხოლოდ პუტინთან ერთად ვხედავ. ჩვენ სუპერსახელმწიფოდ ვიქეცით. არადა, უწინ არაფერს წარმოვადგენდით“.

მთელი ქვეყნის მასშტაბით

რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა ფედერალურმა არხმა, ენტევემ, 14 იანვარს გადასცა სიუჟეტი, რომელიც იწყება შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხაბაროვსკიდან, სადაც, როგორც გვეუბნებიან, დაიწყო პუტინისთვის ხელმოწერების შეგროვების „არაოფიციალური“ დღე.

სიუჟეტი მოიცავს ინტერვიუს კაცთან, რომელსაც კონსტანტინ იუროვად წარმოგვიდგენენ. ის თავის ვაჟთან ერთად დგას და გვიამბობს თავის გადაწყვეტილებაზე „ერთიანი რუსეთის“ ოფისში მისულიყო ხელმოწერის დასატოვებლად:

„ჩემმა შვილმა გაიგო, სადაც მივდიოდი, რომ მხარი ხელმოწერით უნდა დამეჭირა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინისთვის, და მითხრა, მამიკო, მეც მინდა ხელმოწერა დავტოვოო“.

ის დასძენს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს არა აქვთ კანდიდატის მხარდასაჭერ პეტიციაზე ხელის მოწერის უფლება, ჩემი შვილი სიმბოლურად მაინც გააკეთებს ამასო.

ენტევეს რეპორტაჟში იუროვის სახელისა და გვარის გარდა მასზე არაფერია ნათქვამი. სინამდვილეში, ის როგორც პარტია „ერთიანი რუსეთის“, ისე ხაბაროვსკის ქალაქის საბჭოს წევრია - ამას საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ.

ბლაგოვეშჩენსკი

ისევ შორეულ აღმოსავლეთში ვრჩებით. სახელმწიფო ტელეარხ „როსია 1“-ის რეგიონალური პარტნიორის მიერ 9 იანვარს ნაჩვენები სიუჟეტი აშუქებს პუტინის მომხრეთა ხელმოწერების კამპანიას ბლაგოვეშჩენსკში.

„პირველებს შორის, ვინც აქ ხელმოწერები დატოვა, იყვნენ მასწავლებლები, ექიმები, სტუდენტები და პენსიონერები“ - აცხადებს ჟურნალისტი.

სიუჟეტში ვისმენთ ინტერვიუს ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც ალექსეი დოლგოვად გაგვაცნობენ. ის აქებს რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებას, რამაც დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება გამოიწვია რუსეთის ოფიციალური პირების, კომპანიებისა და ეკონომიკის სექტორებისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იყო მშვიდობისკენ გზაზე“, - ამბობს დოლგოვი. ის არ ახსენებს ყირიმის ანექსირების შემდეგ გაჩაღებულ ომს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და კიევის ძალებს შორის, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 10,300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დოლგოვი აქებს ასევე რუსეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში და ამბობს, რომ პუტინს მადლობა უნდა უთხრან „მშვიდობიანი ცისთვის“.

სიუჟეტში არაფერია ნათქვამი დოლგოვის პიროვნების შესახებ, თუ რას წარმოადგენს ის. თუმცა, ნიჟნი ნოვგოროდელი კალმიკოვის მსგავსად, ის მაღალი რანგის რეგიონალური აქტივისტია.

ჩრდილოკავკასია

სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფმა ფედერალურმა არხმა „როსია-24“-მა 5 იანვარს ეთერში გაუშვა ჩეჩნეთში გადაღებული სიუჟეტი.

რესპუბლიკიდან, სადაც კრემლის მიერ მხარდაჭერილ ლიდერს, რამზან კადიროვს, ადამიანის უფლებების სისტემატურ და მძიმე დარღვევებში ადანაშაულებენ, კორესპონდენტმა არტურ მუსტაევმა გვიამბო, რომ ყველამ, ვინც ხელმოწერების გასაკეთებლად გროზნოში გამოცხადდა, „გამოთქვა მტკიცე პოზიცია, რომ თანამედროვე, ძლიერი რუსეთის წარმოდგენა შეუძლებელია ხელისუფლების ამჟამინდელი ხელმძღვანელის გარეშე“.

ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში გადაღებულ სიუჟეტში ვნახეთ მამაკაცი, სახელად სოსლან კაიტუკოვი. სიუჟეტში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მან, უბრალოდ, შემთხვევით ჩაუარა სტენდს და წაიკითხა წარწერა „პუტინი 2018“.

„როცა დავინახე აქ რა ეწერა, პასპორტი მოვიტანე. რატომ? იმიტომ, რომ გვაქვს სტაბილურობის, პროგრესის განცდა“, - განაცხადა კაიტუკოვმა სიუჟეტში, რომელიც რეგიონალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა ტელეარხმა 12 იანვარს გადასცა ეთერში.

სიუჟეტში ნათქვამი არ იყო, რომ კაიტუკოვი ადგილობრივ პოლიტიკაში აქტიური ფიგურა და სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი სპორტული სკოლის დირექტორია, როგორც ამას ადგილობრივი ხელისუფლების ვებსაიტზე ვკითხულობთ.

ის ადგილობრივი პარლამენტარიც იყო, ნაციონალისტური ორიენტაციის პარტია „როდინადან“.

XS
SM
MD
LG