Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 10 დეკემბერი


”გაზი 5 თეთრით გაიაფდება, დენი - დაახლოებით 3 თეთრით”, – წერს ”რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ვალიშვილს იმოწმებს. სტატიაში აგრეთვე წაიკითხავთ: ””რეზონანსის” წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო აზერბაიჯანიდან მიღებული ტრანზიტის მოცულობას ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, თავის დროზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კონტროლის უფლება თავად აზერბაიჯანელებსვე მიანიჭეს. ”ენერგეტიკის სამინისტრომ და ენერგეტიკოსებმა კარგად იციან, რომ თუ არა რაღაც ხვრელები, ბუნებრივი აირის ტარიფის 36 თეთრამდე შემცირებაც კი შესაძლებელია”, - უთქვამს ”რეზონანსის” წყაროს.

”შეშფოთება ოკეანის გაღმიდან” – ”24 საათი” ამერიკელი სენატორების წერილს ეხმაურება: ”ამერიკელი სენატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ საქართველო წინა მთავრობის წევრებთან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით არ იყენებს სასამართლოსო”.

”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ 17-18 დეკემბერს მოეწყობა თავდაცვის სისტემის რეფორმების პაკეტის პირველი განხილვა. მინისტრის თანახმად, პროცესში ჩართულები არიან როგორც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები, აგრეთვე გაერთიანებული შტაბი, თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

”- არის თუ არა ივანიშვილის ხელისუფლება სააკაშვილის გამსამართლებელი?”, - ეკითხება ”ალიას” ჟურნალისტი პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავას. ”- არ არის! ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არის!”, - პასუხობს კუკავა. ”- რატომ?” - ინტერესდება ჟურნალისტი. ”- იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებაც, ამის წინა ხელისუფლებაც და წინა ხელისუფლებაც, რომელიც 1992 წელს იარაღით დაეპატრონა ქვეყანას, არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი”, - ეუბნება კახა კუკავა ”ალიას”.

”ახალ თაობაში” ქვეყნდება სტატია, სათაურით ”ბზარები საკადრო პოლიტიკაში და გაურკვევლობით შეცვლილი იმედიანი მოლოდინი”. ავტორი ტექსტს ასე ასრულებს: ”თავის დამშვიდება იმით, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვეღარ შეძლებს მომავალ არჩევნებში ხელისუფლებას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს, ვფიქრობ, ნაადრევია, რადგან სწორედ მსგავსი სიცრუის და ძალადობის რიტორიკით მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში, ამ რიტორიკით მართეს ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში და მისთვის უკვე კარგად აპრობირებული მეთოდები, ადვილი შესაძლებელია, კვლავ ეფექტური აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ შიდა მოხმარების პიარი ახალ ხელისუფლებას კვლავ დაბალ დონეზე აქვს დაყენებული”, - წერს ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი კი თვლის, რომ ხალხმა დიდი გამოცდილება მიიღო და ”ამიტომ არავის უნდა გაუკვირდეს, თუ დღესდღეობით ეჭვის თვალით და სიფრთხილით უყურებს იგი მოვლენებს, ვაითუ, სავარძლებში ჩამსხდარ ახლებსაც გაუღვივდეთ უფრო თბილად და კომფორტულად მოწყობის სურვილი. ეს უკანასკნელი კი ხალხზე ბატონობისა და ხალხის დაჩაგვრის, უსამართლობისა და ძალადობის გარეშე არ ხდება”. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: ”ფრთხილად, ძვირფასო საზოგადოებავ, ვენდოთ, მაგრამ შევამოწმოთ, ვაგრძნობინოთ ახალ მთავრობას, რომ ისინი ჩვენი არჩეულები არიან და ხალხის მსახურნი”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG