Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 28 აგვისტო


”რეზონანსი” პირველ გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ”ქართული ოცნების” წარმომადგენელ ვახტანგ ხმალაძესთან. ინტერვიუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” ხუთი შემომწირველის დაჯარიმებას ეხება. ვახტანგ ხმალაძე ამ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ალიბის შექმნის მცდელობას უწოდებს. ”‘ნაცმოძრაობას’ ეს დაჯარიმება არ გაუპროტესტებია, ”ქართულმა ოცნებამ” კი ყველა დაჯარიმება გააპროტესტა და არც ერთი პროტესტი არ დაკმაყოფილდა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ”ნაციონალები” დაჯარიმდნენ იმისთვის, რომ შემდეგ თქვან, ჩვენ ყველას ერთნაირად ვაფასებთ, კანონის გამოყენება შერჩევით არ ხდებაო”, ამბობს ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი. იმავე შეკითხვით ”რეზონანსი” საზოგადოების წარმომადგენლებსაც მიმართავს. გია მაისაშვილი თვლის, რომ მთავრობა აუდიტის სამსახურს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ხოლო ვასილ ჭყოიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ”აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კანონი ყველას მიმართ ერთნაირია.”

”ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველთა შესახებ წერს ”ახალი თაობაც”. გაზეთში ამ თემას ორი სტატია ეძღვნება. პირველი ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას ეხება, სადაც ის მმართველი პარტიის 1 575 000 ლარით დაჯარიმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია 315 000 ლარის ოდენობის შემოწირულებების უკან დაბრუნებას აპირებს; ხოლო მეორე - ერთ-ერთ დაჯარიმებულს, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველო არ იყიდებას”, რომელსაც 5 000 ლარის გადახდა მოუწევს.

” ‘ნაციონალური მოძრაობისთვის’ თანხის შემწირველები და თვალახვეული თემიდა” - ინტერვიუ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა ”ყველა სიახლემ” და მმართველი პარტიის შემომწირველთა სიის შესახებ “BTV სტუდიის” რედაქტორს, ბესო კურტანიძეს, გაესაუბრა. “BTV სტუდიამ” ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და ინტერვიუც გამოძიებისას მოპოვებულ ინფორმაციას ეხება. ბესო კურტანიძე შემომწირველთა სიებში არსებულ საეჭვო ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სიაში ფიქსირდებიან ადამიანები, რომლებსაც ”ძალიან გაუჭირდებათ დაასაბუთონ, რომ გადარიცხული თანხა მათ ეკუთვნით”. კურტანიძეს რამდენიმე ასეთი მაგალითიც მოჰყავს და აცხადებს: ”ნათლად ჩანს, რომ ესენი შერჩევით, პარტიული ნიშნით აჯარიმებენ ადამიანებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოალიცია ”ქართული ოცნების” მიმართ თვალახვეული და ანტაგონისტურად განწყობილი ორგანო რომ არის, ამას ბრმაც დაინახავს”.

”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი კაკაბაძესთან. მწერალს ჟურნალისტი ნინო კომახიძე ესაუბრა და შეკითხვები საქართველოში დაბრუნების მიზეზების, ტელემაყურებელთა კავშირის და პირველ ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაუსვა. ინტერვიუში ირაკლი კაკაბაძე წინასაარჩევნო გარემოსაც შეეხო და ”NDI”-სა და ”IRI”-ს კვლევების შესახებაც გააკეთა კომენტარი. კაკაბაძემ აღნიშნა, რომ არც ერთი ორგანიზაცია, საქართველოს გარდა, სოციოლოგიურ კვლევებს არსად ატარებს და კვლევების ჩატარების მიზეზებზე ისაუბრა. ”ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის დროსაც ძალიან კარგი გამოკვლევები ტარდებოდა, დაახლოებით იმავე რიცხვებით, რისაც არც მაშინ სჯეროდა არავის. რა შეიძლება იყოს ამ კვლევების მიზანი - მხოლოდ ერთი რამ: საზოგადოება შეეგუოს აზრს, რომ ხელისუფლება მოიგებს არჩევნებს დიდი სხვაობით”, განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
XS
SM
MD
LG