Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი გაეროში - გზავნილი რუსეთსა და სხვებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე იმყოფებოდა. მან სიტყვით მიმართა მსოფლიო ლიდერებს, ისაუბრა საქართველოს გამოწვევებზე, უკვე განხორციელებულ თუ სამომავლო პროექტებზე.

„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები: ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია, ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემით, რომელიც განუხრელად მიჰყვება კანონის უზენაესობის პრინციპს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა მზარდია და ზოგადად ქვეყანამ სერიოზულად წაიწია წინ. „დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვით და დამთავრებული ინვესტიციებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში, საქართველო იქცევა 21-ე საუკუნის ეკონომიკის მქონე ქვეყანად, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, - თქვა მან.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მსგავსი გამოსვლების შეფასებისას უნდა გავითვლისწინოთ ის, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ყველა მთავრობა ცდილობს საკუთარი ქვეყანა მეტ-ნაკლებად ვარდისფერ ფერებში წარმოადგინოს:

საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მთავარ მარშრუტს. შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით...
ირაკლი ღარიბაშვილი

„მაგრამ რეალურად თუ გადავხედავთ, ჩვენ ქვეყნის შიგნით ყველაზე უკეთ ვიცით, რა ხდება. ყველა ამ პუნქტში, რომელიც გამოსვლაშია დასახელებული, ყველგან არის პრობლემები, მათ შორის, განსაკუთრებით, ეკონომიკაში და სხვა სფეროებშიც. ეს ხმამაღალი ნათქვამი მგონია და ქვეყნის რეალურ სიტუაციასთან შეუსაბამო“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა აბრეშუმის გზაზე და, ზოგადად, საქართველოზე, როგორც ენერგორესურსების გამტარ ქვეყანაზე:

„საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მთავარ მარშრუტს. შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დამატებით უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს საქართველოში“.

ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით საქართველოში ჩატარდეს აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი ფორუმი, სადაც ამ თემასთან დაკავშირებული სამომავლო პერსპექტივები განიხილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მართლაც გაჩნდა ახალი პერსპექტივები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აბრეშუმის გზის რეგიონში იმყოფებიან:

ეს არის გრძელვადიანი პროექტები, რომლის განხორციელებასაც ათეულობით წელი სჭირდება. მაგრამ თუ ამ პროექტზე თანხმობა განაცხადეს სხვა ქვეყნებმა, რომელთა ჩართვაც აუცილებელია...
კორნელი კაკაჩია

„კერძოდ, ის, რომ საქართველოში დამატებითი ინვესტიციები, ახალი ეკონომიკური ინიციატივები შესაძლებელია მათთვისაც საინტერესო იყოს“.

კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ აბრეშუმის გზის იდეა ჯერ კიდევ შევარდნაძის ადმინისტრაციას ეკუთვნოდა. შემდეგ, სააკაშვილის მთვარობის დროს, ის ნელ-ნელა მიივიწყეს:

„ეს არის გრძელვადიანი პროექტები, რომლის განხორციელებასაც ათეულობით წელი სჭირდება. მაგრამ თუ ამ პროექტზე თანხმობა განაცხადეს სხვა ქვეყნებმა, რომელთა ჩართვაც აუცილებელია, არ არის გამორიცხული, წლების შემდეგ საქართველოს ეკონომიკაზე ამან სასიკეთო გავლენა მოახდინოს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად უჭერს მხარს ლტოლვილთა უფლებას დაბრუნდნენ შინ, რაც გამოიხატება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებით „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ე.წ.სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალურმა ასამბლეამ თავის დღის წესრიგში დატოვოს ეს საკითხი და მომავალშიც მტკიცედ დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა ბევრი ნაბიჯი რუსეთის მიმართულებით და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ახლა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები...
მაია ფანჯიკიძე

„ნება მომეცით, მივმართო ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პრემიერის გამოსვლა შეაფასა, როგორც დაბალანასებული და მოზომილი:

„მან აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა ბევრი ნაბიჯი რუსეთის მიმართულებით და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ახლა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს“.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ, შეძლებისდაგვარად, მომავალშიც დაეხმარება მას, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ გამოცდილების გაზიარება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG