"ქართული პოსტერები" რამდენიმე თვის წინ შექმნილი კომპანიაა, რომელიც ტურისტებისა და მოგზაურებისთვის საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტს - საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ კურორტის შესახებ ილუსტრირებულ პოსტერებს და საფოსტო ბარათებს ქმნის.
ბიზნესიდეამდე “Geoposters”-ის დამფუძნებელი, ლიკა ჩალაგანიძე ბავშვობისდროინდელმა სიყვარულმა მიიყვანა. პარტნიორი უახლოეს წრეში მოძებნა და პოლიგრაფიული მხარე გამომცემელ ქმარს ჩააბარა. დღეისათვის ქართული პოსტერები სხვადასხვა ხელოვანთან თანამშრომლობით იქმნება.
“ეს იდეა პოსტერების შექმნის, ყოველთვის მქონდა. ბავშობიდან ძალიან მიყვარდა, ჯერ კიდევ მახსოვს 90-იანი წლები იყო, ქვეყანა ნახევრად საომარ სიტუაციაში იყო და მე ვაგროვებდი ერთ-ერთი ჯგუფის პოსტერებს. ჩემი მეგობარი მაშინ ჩეხეთში ცხოვრობდა და ის მამარაგებდა იქიდან პსოტერებით. შემდეგ უკვე მოტივატორი იყო მოგზაურობა და ძალიან ბევრ ქვეყანაში ვნახე საინტერესო პოსტერები კინოს, მუსიკის, კონკრეტული ქალაქების შესახებ. “- იხსენებს ლიკა ჩალაგანიძე.
"ქართულმა პოსტერებმა" კონკრეტული ნიშა აირჩია და სხვადასხვა ტიპის პოსტერების წარმოებას არჩია მოგზაურებისთვის საინტერესო, ქალაქებისა და კურორტების შესახებ მასალაზე კონცენტრირება.
მოგზაურობა ზოგისთვის ცხოვრების წესი, ბევრისთვის ჰობი, სხვებისთვის კი განტვირთვა არის, მაგრამ რაც ზოგადად მოგზაურობას აერთიანებს, ეს თავგადასავლები, სიახლეების ძიება, ახალი ემოციები და სამყაროს ახალი თვალით დანახვაა. მოგზაურობისას ყოველთვის გვინდა ნანახი ადგილიდან რაიმე ისეთის წამოღება, რაც შემდეგ იქ გატარებულ დღეებს გაგვახსენებს. სწორედ ამ სურვილის დაკმაყოფილების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა პოსტერები, რომლებიც ტრანსპორტირებისთვის მოხერხებულია და ვიზუალურად მიმზიდველი.
“როდესაც ჩემს მეუღლეს ვუთხარი ეს იდეა, ჩემი მეუღლე არის გამომცემლობა 'არტანუჯის' დამფუძნებელი, ბუბა, კუდავა, ძალიან მოეწონა და გადავწყვიტეთ ერთად დაგვეწყო. იქიდან გამომდინარე, რომ მიზანი არის ჯეოპოსტერის, იყოს მრავალფეროვანი, გადავწყვიტე ბევრ არტისტთან და დიზაინერთან მქონოდა ურთიერთობა, ძალიან საინტერესო გამოდის ამ შემთხვევაში როგორც მუშაობის პროცესი, ასევე საბოლოო პროდუქტი.”
ილუსტრატორები იმ ადგილებს ირჩევენ დასახატად, რომლებთანაც განსაკუთრებული ემოციები აკავშირებთ და თუმცა სხვადასხვა ხელოვანის ხელწერა განსხვავებულია, "ქართულ პოსტერებს" ერთი საერთო ხაზი - ოდნავ ძველმოდური, რეტრო სტილი მაინც გასდევთ, რაც განსხვავებული ხევებისთვის გამაერთიანებელი ფონია. ამ დრომდე პოსტერებზე იმუშავეს მაშო მარგიშვილმა, ნათია ზედელაშვილმა, სანდრო ქათამაშვილმა, გიორგი გამეზარდაშვილმა, ენდრიუ აბაშიძემ, გიორგი ტაბლიაშვილმა, ლუკა ივანიძემ, სალომე კოშკაძემ და სხვა არტისტებმა.
“როდესაც სხვადასხვა ადამიანი ერთი და იგივე ქალაქს სხვადასხვანაირად ხედავს, უფრო არის იმის შესაძლებლობა, რომ ბევრ გემოვნებას და მომხმარებელს უფრო კარგად მოერგოს პოსტერები და არჩევანი იყოს უფრო მრავალფეროვანი. მნიშვნელოვანია, რომ პოსტერები იყოს ხარისხიანი და ეფექტური. აი, ასე დაიწყო 'ქართული პოსტერების' ამბავი.”