Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოპულარული „გამოგონილი ამბები“ 2017 წლის რუსეთში


ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის, ყოფილი ხელმძღვანელის, ჯონ სკარლეტის, ყალბი ინტერვიუ
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის, ყოფილი ხელმძღვანელის, ჯონ სკარლეტის, ყალბი ინტერვიუ

„გამოგონილი ამბები“ (fake news) 2017 წელსაც მიეკუთვნებოდა მსოფლიოში ყველაზე ხშირად ნახსენებ თუ განხილულ ცნებებს. კოლინსის ლექსიკონმა, რომელიც ამ ტიპის წამყვან ინგლისურენოვან გამოცემებს მიეკუთვნება, სწორედ fake news დაასახელა წლის მთავარ ცნებად. ლექსიკონში მას განმარტავენ, როგორც „ცრუ, ხშირად სენსაციურ ინფორმაციას, რომელიც შენიღბულია, როგორც ჟურნალისტური სიახლე“.

„გამოგონილმა ამბებმა“ 2017 წელს ბევრჯერ შემოიარა რუსეთის მედია და პოლიტიკური ლანდშაფტიც და შემოიარა ისე, რომ ოფიციალური პირები, ჟურნალისტები თუ ფართო საზოგადოება მათ, ზოგ შემთხვევაში, სავსებით სანდო ინფორმაციად მიიჩნევდა. ასე მოხდა, მაგალითად, როცა გავრცელდა ცნობა, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთი რესტორნის მენიუში შეიტანეს სპეციალური კერძი პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით. დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად „გამოგონილი ამბებისა“ და, ზოგადად, დეზინფორმაციის გამოყენებაში (მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ ასეთ ბრალდებებს, მათ შორის ბრალდებას, რომ კრემლი „გამოგონილი ამბების“ მეშვეობით შეეცადა გავლენა მოეხდინა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე). ზოგი „გამოგონილი ამბავი“ რუსეთის საზღვრებს მიღმა შეიქმნა, მაგრამ ინტენსიურად „დატრიალდა“ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასა თუ კერძო მედიასაშუალებებში. თვალი გადავავლოთ 2017 წელს რუსეთის მედიაში გავრცელებულ ზოგ გახმაურებულ „გამოგონილ ამბავს“.

„რუსეთის დაშლის გეგმა“

აგვისტოში ინტერნეტსაიტზე, რომელიც მიმსგავსებული იყო ბრიტანეთის ავტორიტეტიან გამოცემა „გარდიანის“ საიტს, გამოქვეყნდა ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის, ყოფილი ხელმძღვანელის, ჯონ სკარლეტის, ყალბი ინტერვიუ. სკარლეტი თითქოსდა ჰყვება, რომ დასავლეთს შემუშავებული ჰქონდა რუსეთის დაშლის გეგმა - კერძოდ, ბრიტანეთი და აშშ აპირებდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა, და „რუსეთ-უკრაინის ფიქტიური დავის“ გამოყენებას ასეთი მიზნის მისაღწევად. საყურადღებოა ყალბი სტატიის სათაურიც: „MI6-ის ყოფილი დირექტორი აღიარებს პუტინთან დამარცხებას რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმის საკითხში“.

მალე გამოაშკარავდა, რომ ჯონ სკარლეტთან ინტერვიუ ყალბი იყო და ყალბ „გარდიანში“ გამოქვეყნდა (სიმართლის დადგენაში დამსახურება მიუძღვის, მაგალითად, გამოცემა BuzzFeed-ს) , მაგრამ რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებები - მათ შორის ფედერალური ტელეარხი რენ-ტევე - მაინც ავრცელებდნენ სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას.

„პუტინბურგერი“

"პუტინბურგერი"
"პუტინბურგერი"

7 ოქტომბერს, როცა პრეზიდენტ პუტინს 65 წელი შეუსრულდა, რუსეთის ტელევიზიასა და სხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ცნობა, რომ ნიუ-ორკის ერთ-ერთ რესტორანში შეგიძლია შეუკვეთო ბურგერი ხუთი კოტლეტის შიგთავსით - კერძი, რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად. ინფორმაცია ეფუძნებოდა RUTPLY-ს - ტელეარხ ერტეს (RT) კუთვნილი საინფორმაციო საშუალების - ვიდეოსიუჟეტს. ერტეს, როგორც ცნობილია, რუსეთის მთავრობა აფინანსებს. სიუჟეტში რესტორნის Lucy's Cantina Royale თანამშრომელი ჰყვება, პუტინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ბურგერი 1952 გრამს იწონისო (პუტინი სწორედ 1952 წელს არის დაბადებული) და მენიუს დაემატა ახალი კერძის რეკლამა პუტინის გამოსახულებითო. „რუსეთის პრეზიდენტს ულოცავენ არა მარტო უცხოელი ლიდერები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც, თან ორიგინალური ფორმით“, - გამოაცხადა ტელეარხ „როსია 24“-ის ჟურნალისტმა გიგანტურ ბურგერზე სიუჟეტის წარდგენისას.

მაგრამ ალექსეი კოვალიოვი მაინც დაეჭვდა... ამ რუს ჟურნალისტს „გამოგონილი ამბების“ ამოცნობის შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს და ამჯერადაც, რომ იტყვიან, ათიანში მოარტყა: როცა ის Lucy's Cantina Royale-ს დაუკავშირდა, რესტორანმა უარყო პუტინისადმი მიძღვნილი ბურგერის არსებობა. გაირკვა ისიც, რომ რესტორნიდან დაითხოვეს თანამშრომლები, რომლებმაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. სამსახური დაკარგა RUTPLY-ის ვიდეორეპორტაჟის ავტორმაც, ხოლო ვიდეოსიუჟეტი წაშალეს, რადგან „არ შეესაბამებოდა სარედაქციო სტანდარტებს“.

„ოსამა ბინ-ლადენი თეთრ სახლში“

2017 წლის ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ, სატელევიზიო ტოკშოუში „გაიხსენა“: ექსტრემისტების ორგანიზაცია ალ-ყაიდის დამაარსებელი ოსამა ბინ-ლადენი ვაშინგტონში, თეთრ სახლშია ნამყოფიო! ეს სიტყვები მან წარმოთქვა დისკუსიისას, რომელიც ეხებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდებას. „გაიხსენეთ ეს ფანტასტიკური, განსაცვიფრებელი ფოტოები, როგორ მიიღეს თეთრ სახლში ბინ-ლადენი“, - აღნიშნა ზახაროვამ.

არადა, ბინ-ლადენს, რომელიც 2011 წელს პაკისტანში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს მოკლეს, ფეხი არ შეუდგამს თეთრ სახლში. რახან ზახაროვას არ დაუზუსტებია, სად ნახა „ფანტასტიკური, განსაცვიფრებელი“ ფოტოები, რუსეთის მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ იგულისხმებოდა ფოტოკოლაჟი ჰილარი კლინტონისა და ოსამა ბინ-ლადენის გამოსახულებებით. ინტერნეტში უკვე მრავალი წელია „სეირნობს“ მათი ერთმანეთთან მისალმების ამსახველი ფალსიფიცირებული სურათი

ზემოხსენებული ტოკშოუდან რამდენიმე დღეში ზახაროვამ ფეისბუკში დაწერა: თეთრ სახლში სტუმრობდა არა პირადად ბინ ლადენი, არამედ მისი კოლეგები, ასე ვთქვათ, თანამებრძოლებიო.

XS
SM
MD
LG