თბილისიდან, დაახლოებით, 30 კილომეტრში, გარდაბნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირისთვის ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო დასახლება იყო: “პობედისა” და მის გვერდით მდებარე დასახლების ბინადრები საიდუმლო ინფორმაციების მოპოვებასა და დამუშავებაზე მუშაობდნენ. ერთი მათგანი “გრუ”-ს, საბჭოთა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, მეორე კი “კგბ”-ს, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, ექვემდებარებოდა. დღეს ორივე ობიექტი მიტოვებული და თითქმის განადგურებულია.
ამ დასახლებას “პობედა” ჰქვია. “პობედაში” გარდაბნიდან კითხვა-კითხვით მივდივართ. ადგილობრივებმა თითქმის არაფერი იციან ამ დასახლების შესახებ, იქვე მდებარე ამავე სახელობის ქუჩისკენ გვაგზავნიან. რუკას ვიყენებთ და ვპოულობთ ნანგრევებად ქცეულ საკმაოდ დიდ დასახლებას. გზის მარჯვენა მხარეს ორსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებია, მარცხნივ - ანტენების უზარმაზარი ველი.
საიდუმლო იყო და მუშაობდნენ საიდუმლოზე. ეს ისეთი ნაწილი იყო, აქედან ამერიკას თავისუფლად უყურებდნენ. აქ “სალდათი” რომ მოვიდოდა, ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ აქედან ვერსად ვერ წავიდოდა...ნათელა ჩხეიძე
საცხოვრებელი ნაწილი ჩაკეტილ რეჟიმში მომუშავე 600 მოსახლისთვის იყო განკუთვნილი, რომელთა უმეტესობა რუსეთის ჯარსა და სპეცსამსახურებში მომსახურე სამხედრო და სამოქალაქო პირი იყო. ახლა სანახევროდ დაშლილ სახლებში 30-მდე ქართული ოჯახი ცხოვრობს. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილები და ომის ვეტერანები 90-იან წლებში დასახლდნენ, სამხედრო ბაზებზე დასაქმებულმა ქართველმა ოჯახებმაც აქ დარჩენა არჩიეს ძველ სახლებში დაბრუნებას და ახლო ნათესავებიც ჩამოიყვანეს მიტოვებულ ბინებში საცხოვრებლად.
ინტერნეტში მრავლად მოიძებნება რუსულენოვანი წყაროები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ “პობედა” ერთ-ერთი იყო იმ რადიოცენტრებიდან, რომლის მაგვარიც საბჭოთა კავშირის დროს არაერთი არსებობდა. ამ ტიპის სადაზვერვო დანაყოფები საიდუმლო სიხშირეების დაჭერით, ინფორმაციის მიღება-დამუშავებით და კოდირებული სიგნალების გაშიფვრით იყვნენ დაკავებული. ისმინებოდა ნატოში შემავალ ქვეყანათა ავიაციისა და სამხედრო ფლოტის სიხშირეები. სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარნიზონი დახურული და გასაიდუმლოებული იყო.
80 წლის ნათელა ჩხეიძე “პობედაში” 61 წლის წინ ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად, რომელიც აქ სამხედრო ვალდებულებას იხდიდა.
“ჩემმა ქმარმა ააშენა ეს ბინები 55-ში. მშენებელი იყო, აქ ჯარს იხდიდა. ქართველები აქ არავინ არ იყვნენ, მარტო ჩვენ ვიყავით და კიდევ ერთი ოჯახი. ეს ისეთი ნაწილი იყო, ისეთი “სეკრეტი” ნაწილი, რომ არ შეიძლებოდა ვინმე შემოსულიყო, ჩვენი ნაწილი არავინ არ იცოდა. მე რომ მივდიოდი პროდუქტზე, თუ გამაჩერებდა ვინმე, წაიკითხავდნენ საიდან მოვდიოდი, არავინ არ იცოდა, სად ვიყავი. ყველაფერი კარგად იყო, ისე კარგად, ერთი პატარა ლამაზი კუნძული იყო. არსად შუქი და არაფერი არ იყო, ჩვენთან წამიერად არ შეწყვეტილა. ყველაფერი იყო. “გარადოკი” იყო ისეთი ლამაზი, რომ შემოხვიდოდი….მაგრამ გზაჯვარედინი რომაა, იმის იქით არავინ შემოგიშვებდა, თუ “პროპუსკი” არ გქონდა და არ იცოდნენ. ჩემი ნათესავი რომ მოვიდოდა, სანამ მე “პროპუსკს” არ გამოვწერდი, სანამ არ გაიგებდნენ, სანამ არ გადაამოწმებდნენ, ხანდახან მთელი დღე “პრახადნოიში” იჯდა. გარშემო სულ “ახრანა” დადიოდა, “აფიცრები” და ისინი... თუ ვინმე მოახლოვდებოდა, აჩერებდნენ და უკან აბრუნებდნენ. სულ რუსები იყვნენ, “აფიცრები”, “აფიცრების პრაპორშიკები” და იმათი ოჯახები. საიდუმლო იყო და მუშაობდნენ საიდუმლოზე. ეს ისეთი ნაწილი იყო, აქედან ამერიკას თავისუფლად უყურებდნენ. აქ “სალდათი” რომ მოვიდოდა, ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ აქედან ვერსად ვერ წავიდოდა, საზღვარგარეთ წასვლა აქ მსახურობის მერე 5 წლის განმავლობაში ეკრძალებოდათ. ყოველ 2 წელიწადში გვამოწმებდნენ”.
ნათელა ჩხეიძე იხსენებს, რომ დასახლებაში მკაცრი წესები მოქმედებდა. ყოველკვირეულად მოწმდებოდა, რამდენად სუფთა და მოვლილი იყო სახლები, იკრძალებოდა შინაური ცხოველების და ფრინველების ყოლა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. “პობედაში” იდეალური წესრიგი და სამარისებური სიჩუმე უნდა ყოფილიყო. ეს სიჩუმე მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ირღვეოდა, როცა ადგილობრივ კლუბში გასართობი ღონისძიებები იმართებოდა ან სამხედროები დღესასწაულებს აღნიშნავდნენ.
“კლუბი იყო ისეთი, ერთი სოხუმში იყო ასეთი კლუბი და მეორე ჩვენთან. ერთი და იმავე არქიტექტორის აშენებული იყო ორივე. კლუბში ყველაფერი იყო. თუ საქართველოში ჩამოვიდოდა ვინმე კონცერტისთვის, პირველად ჩვენთან მოჰყავდათ. ახლა ხშირად ჩამოჰყავთ, მაშინ იშვიათი იყო. საზღვარგარეთიდან იშვიათად ჩამოჰყავდათ ვინმე, რუსეთიდან მოდიოდნენ ძირითადად. მაგათ ჰქონდათ საშუალება გაემართათ ეგეთი “პრაზდნიკები”, გაეკეთებინათ ეს ღონისძიებები. მოკლედ, კაი დრო იყო. განსაკუთრებული “პრაზდნიკები” მაშინ იყო “დენ პაბედა”, 23 თებერვალი, 1 მაისი. ამის გარდა თუ რაიმე იქნებოდა, თვითონ “სალდათები” აკეთებდნენ ყოველ კვირაში კონცერტებს, გამოდიოდნენ, აგერ სკოლაში აკეთებდნენ კონცერტებს, ყოველ შაბათ-კვირას იმ კლუბთან, გარეთ, ცეკვა-თამაში იყო, “ტანცებიო” და რა ვიცი, რა არ იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ რუსულ სტილზე, მაშინ “სავეცკი საიუზი” იყო”.
კლუბს და იქ გამართულ კონცერტებს განსაკუთრებული ემოციით იხსენებს ყველა, ვისაც ახსოვს. თემურ თოდრაძე აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში მოვიდა, როცა საბჭოთა კავშირი შედარებით შესუსტებული იყო და ამ ტიპის დაწესებულებებშიც ადგილობრივების მიღება რთულად, მაგრამ მაინც ხდებოდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მისი მოვალეობა სწორედ “პობედის” კლუბის მეთვალყურეობა იყო.
“საბჭოთა არმიის რიგებში გამიწვიეს. ამ ნაწილში ჩაწყობით მოვხვდი. ამ პერიოდში ავღანეთში მიჰყავდათ, როგორც წესი, ბიჭები და რომ არ ჩამოვესვენებინეთ, მშობლებმა იფიქრეს, საკმაოდ მაღალ დონეზე გამიკეთეს ეს საქმე, რომ ამ ნაწილში გამიშვეს. ეს იყო 86 წელს, გეპეიში პირველი კურსი რომ დავამთავრე. ჩვენთან იყო სულ ნარჩევი ხალხი - ლენინგრადი, ივონოვო, მოსკოვი, ვოლგოგრადი, ასეთი ქალაქებიდან იყვნენ, უმეტესად, ნარჩევი ხალხი განვითარებული ქალაქებიდან.
მე პირადად მებარა კლუბის მოვლა. 450-კაციანი დარბაზი იყო, უზარმაზარი, თავის მოძრავი სცენით. ძალიან გაწყობილი კლუბი იყო. აფსუსია, ეგეთი კლუბი რომ აღარ არსებობს, თავის კინო საპროექციო აპარატებით. ხომ იცით, რუსებს უყვარდათ თვითშემოქმედებითი საღამოების მოწყობა. ოფიცრების ცოლები რაღაცებს აკეთებდნენ, ანსამბლები ჩამოჰყავდათ, „რუსთავი“ ჰყავდათ რამდენჯერმე. ორკესტრი ჰყავდა თავისი ნაწილს. ნუგზარი იყო, ქართველი ბიჭი, ორკესტრის ხელმძღვანელი. ახლა რუსეთში ცხოვრობს”.
წლების შემდეგ თემურ თოდრაძე ჯარისდროინდელ ნაცნობებს და მეგობრებს “პობედიდან” რუსულენოვან ფორუმებზე ეძებს. ის ერთადერთი არ არის, ვინც ძველი კავშირების აღდგენისთვის ინტერნეტს იყენებს. ამავე ფორუმზე სხვა რუსი სამხედროების წერილებსაც ნახავთ. ინტერნეტს საკომუნიკაციოდ იყენებს 80 წლის ნათელა ჩხეიძეც, რომელსაც წერილებს დღემდე უგზავნიან ძველი მეგობრები და მეზობლები. მათგან ზოგიერთი პერიოდულად სტუმრობს კიდეც “პობედას.” ამბობენ, რომ აქაურობა ენატრებათ და გული სტკივათ, როცა სრულიად შეცვლილი მდგომარეობა ხვდებათ.
ქალაქი, რომელიც რუსმა მზვერავებმა დატოვეს და რომლის შესახებაც ადგილობრივები ჰყვებიან, სრულიად არ ჰგავს იმას, რაც იქ ახლა დაგხვდებათ. შენობები თითქმის დანგრეულია, დასახლებაში არ არის ბუნებრივი აირი, წყალი მხოლოდ კვირაში ორ დღეს მოდის, ჭაბურღილით ამოაქვთ პარასკევს და შაბათს, თუმცა გაუმართავი კომუნიკაციების გამო ყველას ონკანში არ ამოდის, გასათბობად შეშის ღუმელს ან დენის კუსტარულ გამათბობლებს იყენებენ. აქ ვერ ნახავთ მაღაზიას, სკოლას, საბავშვო ბაღს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს. “პობედა” გარე სამყაროსგან ახლაც იზოლირებულია, ისევ კუნძულივით აგრძელებს ცხოვრებას, ელემენტარული პირობების გარეშე. ბავშვები გარდაბნის სკოლაში დადიან, საკვებს და ყოფით ნივთებსაც იქ ყიდულობენ, სამსახურებსაც მახლობელ დასახლებებში ეძებენ. აქ ახლა არაფერი არ ფუნქციონირებს. “პობედის” ნგრევა საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო.
“ეს რუსები რომ წავიდნენ, შემოვიდნენ ჯერ დევნილები, მერე სპეცრაზმი. დევნილები რომ შემოეყვანათ მხოლოდ, ეს ნაწილი ისევ ისე დარჩებოდა, სახლებს მაინც არ დაანგრევდნენ. სპეცრაზმი რომ შემოვიდა, დაიწყეს ნგრევა. ქართველებმა დაანგრიეს. მე აქ ისეთი რამ გადავიტანე, მეგონა გავგიჟდებოდი. ჩვენი აშენებული იყო, ეს ხეები ჩვენი დარგული იყო, გაყვავილებული იყო სულ. ერთ ბინაში შევიდოდნენ, ყველაფერს დაანგრევდნენ. რასაც პოულობდნენ, ყიდდნენ. მერე მეორეში გადავიდოდნენ. ჩემს ხელში აშენებული ჩემს ხელშივე დაინგრა. მგონი, გერმანელებს არ გაუკეთებიათ ისეთი რამე, რაც ამათ ქნეს აქ. საშინელება”, - იხსენებს ნათელა ჩხეიძე, რომელიც ამბობს, რომ რუსებმა აქედან მხოლოდ პირადი ნივთები და ის ტექნიკა წაიღეს, რომლითაც მუშაობდნენ, ყველა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ხელუხლებლად იყო დატოვებული ბინებში, რომელთა უმეტესობა დღეს ცარიელია.
არც სოფელში ვართ, არც ქალაქში. არჩევნები იყო ახლა, ცოტა მოვიდნენ აქანე. კანალიზაცია იყო გაფუჭებული, გაგვიკეთეს. არჩევნების მერე გაქრნენ. მიყრუებული ქვეყანაა...როლანდ კოპალიანი
როლანდ კოპალიანი ერთ-ერთია იმ დევნილებს შორის, რომლებიც აქ აფხაზეთის ომის შემდეგ მოვიდნენ. სოხუმელი ომის ვეტერანი დევნილობის პირველ წლებში გლდანში ცხოვრობდა, შემდეგ აქ მისცეს ბინა და ძმასა და მის მეუღლესთან ერთად აქ გადმოვიდნენ.
“არც სოფელში ვართ, არც ქალაქში. არჩევნები იყო ახლა, ცოტა მოვიდნენ აქანე. კანალიზაცია იყო გაფუჭებული, გაგვიკეთეს. არჩევნების მერე გაქრნენ. მიყრუებული ქვეყანაა, პური რომ მოგინდეს, მარნეულში უნდა წახვიდე, არც ტრანსპორტია იქამდე მისასვლელი”.
“მიყრუებულ ქვეყანაში” ასეთ ფრაზას ბევრს მოისმენთ, როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული დაპირებების შესახებ. მაგალითად, ნათელა ჩხეიძე იხსენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ისრაელ ინვესტორებთან ერთად. ბიზნესმენები აქ რძის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას და არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას გეგმავდნენ, თუმცა ჯერჯერობით გეგმები გეგმებად რჩება. ადგილობრივები თითო-ოროლა შინაურ ცხოველს უვლიან, იხსენებენ ძველ ამბებს და ელოდებიან, როგორი იქნება “პობედის” მესამე ცხოვრება.