ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისის მერობის კანდიდატი პირველმა „შენების მოძრაობამ“ 29 აგვისტოს, შუადღისას, დაასახელა. ალუდა გოგლიჩიძე ქუთაისელია და იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მერისა და საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილედ. ალუდა გოგლიჩიძეს ქუთაისელ ამომრჩეველს ორ დღეში ოფიციალურად წარუდგენენ. „შენების მოძრაობის“ გარდა, მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ დაუსახელებია. პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს კანდიდატებზე მსჯელობისა და მათი ცენტრალურ ოფისთან შეთანხმების პროცესი.
მერობის კანდიდატების წარდგენა ქუთაისში ერთელ უკვე გადადეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ უკანასკნელს მერობის კანდიდატი 18 აგვისტოს უნდა დაესახელებინა, თუმცა ამომრჩევლისთვის მისი წარდგენა გაურკვეველი მიზეზებითა და დროით გადაიდო. 2 სექტემბრამდე გადაიდო 25 აგვისტოს ქუთაისში დაგეგმილი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაც და მიზეზად დასახელდა ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად შექმნილი საგანგებო მდგომარეობა.
ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და პარტიული სიის დაკომლექტებაზე ამ დრომდე მსჯელობენ „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მისი წევრის, ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, პარტია მერობის ღირსეულ კანდიდატს წარადგენს.
ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, 2 სექტემბერს დაასახელებს პარტია „ქართული ოცნება“. მისი წევრის, გიორგი ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მერობის კანდიდატებად სახელდება იმერეთის ვიცე-გუბენატორი გიორგი ჭიღვარია, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წუალაია ერთადერთია, რომელიც აცხადებს, რომ ადგილზე წყვეტს, ვინ იქნებიან ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. გოგი წულაია ამბობს, რომ თვითონაა მერობის კანდიდატი და პროპორციული სიის წევრიც.
კანდიდატებზე მსჯელობენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოალიციის შექმნის გეგმაზე საუბრობენ „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში. მისი ხელმღვანელის, სამსონ გუგავას განცხადებით, კოალიციის შესაქმნელად კონსულტაციას არ გამართავენ მხოლოდ დღევანდელ და ყოფილ მმართველ პარტიებთან.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ქუთაისის საკრებულოს წევრის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, ქალაქის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად თავად მოიაზრება და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და პროპორციული სიის შედგენაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ქუთაისს, როგორც თვითმმართველ ქალაქს, პირდაპირი წესით არჩეული მერი და 25-წევრიანი საკრებულო ჰყავს. საკრებულოს 10 დეპუტატი მაჟორიტარული, 15 კი პროპორციული სისტემით აირჩევა.