უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმის პარალელურად, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერები აპროტესტებდნენ უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ იმ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც ბუდაპეშტში მოქმედ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს დახურვით ემუქრება. რადიკალურად განსხვავებული მოწოდებები ისმოდა მეორე აქციაზე, რომლის მონაწილეებიც ვიქტორ ორბანს ტაშით შეეგებნენ და განაცხადეს, რომ სოროსის ფონდის აქტივობები საქართველოშიც უნდა შეიზღუდოს. ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით დაშორებული აქციების მონაწილეთა შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.