Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკოსების ჩასვლას დიცში ინციდენტი მოჰყვა


მავთულხლართებით დაშორიშორებულები
please wait

No media source currently available

0:00 0:08:20 0:00
გადმოწერა
დიცში მცხოვრებ მერაბ მიდოდაშვილს რუსმა მესაზღვრეებმა სოფლის სასაფლაოზე დედის საფლავის გვერდით მამის დასაფლავების უფლება არ მისცეს და დაჭერით დაემუქრნენ. სასაფლაოს გარდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიდოდაშვილის მიწის ნაკვეთი და ბოსელიც მოჰყვა.

რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ დიცში და ქარელის რაიონის სოფელ დვანში ეგრეთ წოდებული საზღვრების მონიშვნის სამუშაოები ორშაბათს განაახლეს. მათ ამ სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე ძელები ჩასვეს და მავთულხლართების შემოვლება დაიწყეს. დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებული ერედვის მიმართულებით, რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ეს ოჯახები დიდი ხნის წინ ერედვიდან გადმოვიდნენ და დიცში დასახლდნენ, ახლა კი მათ კარ-მიდამოს რუსები მიადგნენ. ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები და სასაფლაო „ახალი საზღვრებით“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდება. როგორც დიცელები აცხადებენ, რუსები ეგრეთ წოდებულ საზღვრებს ქართული სოფლების სიღრმეში 300 მეტრის მოშორებით აბამენ. „ახალი საზღვრების“ მიღმა კი სოფლის საძოვრები, სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა, სასოფლო მიწები და სასაფლაო რჩება.

დიცელებმა რუსებს არაერთხელ სთხოვეს, რომ მიწა და სასაფლაო მავთულხლართებით არ შემოეღობათ, მაგრამ მათ ყური არავინ დაუგდო. მესაზღვრეები სოფლის სიახლოვეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების რუკით დადიან და მდინარე დიცურას მიღმა ყველაფერს მავთულხლართით საზღვრავენ.

დიცში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების გივი თარგამაძისა და გიგი წერეთლის ჩასვლას ხმაური მოჰყვა. ადგილობრივი მოსახლეობა მათ სოფლის დატოვებას სთხოვდა და ამ მიწების დაკარგვაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებდა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანით, რუსეთთან დათმობებზე მიდის; კრემლში კი ეს დათმობა სხვანაირად ესმით. თარგამაძე ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად გამოიყენოს საერთაშორისო ბერკეტები.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე ამ ფაქტზე მკაცრად მოითხოვს პასუხს როგორც ერგნეთის შეხვედრაზე, ისე ჟენევის დისკუსიის დროს.

დიცისა და დვანის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევის ფაქტს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საპროტესტო ნოტა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის საგარეო უწყებას გაეგზავნება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესს აკვირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო ცხელი ხაზის აქტივიზაციის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებდა ინფორმაციის გაცვლას დიცის ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართების აგებასთან დაკავშირებით.

"გადაადგილების თავისუფლება არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

დიცში ადგილზე ვითარების შესასწავლად სამშაბათს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩავლენ.
XS
SM
MD
LG