ფესტივალი პატარა ანიმატორების შემოქმედებით გაიხსნა. „ხორბალი და ღვარძლი“-ასე ჰქვია იგავის მიხედვით შექმნილ მოკლე ანიმაციას, რომელზეც ნიქოზის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები მუშაობდნენ. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ადგილობრივ სტუდიაში დამზადებული ფილმით იხსნება. ქეთევან თედეევი ამ სტუდიაში მესამე წელია, რაც სწავლობს. მეგობრებთან ერთად ფილმის შექმნაზე ის რამდენიმე თვეს მუშაობდა.
ცხინვალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, მავთულხლართების სიახლოვეს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეექვსედ ტარდება. ფესტივალის მასშტაბი სულ უფრო იზრდება და სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი შემოქმედებით ჩამოდიან. წელს ფესტივალის სტუმრები არიანცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რეჟისორი გელა კანდელაკი, ამბობს, რომ ნიქოზის ფესტივალის ცნობადობა იმდენად მაღალია, რომ საქართველოში უამრავი ანიმატორის ჩამოსვლის მსურველთა დაკმაყოფილება შეუძლებელია.
„ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ნიქოზის ახალგაზრდა, 6 წლის ფესტივალს ჰყავს თავისი მეგობრები მსოფლიოში ცნობილი ფესტივალების სახით და გვაქვს შესაძლებლობა თვალი მივადევნოთ, თუ რა ხდება თანამედროვე ანიმაციის ხელოვნებაში“ - ეს წერილი ცხინვალ-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია) ახალგორიდან ანიმაციური ფესტივალის მონაწილეებს გამოუგზავნა. ამ ფესტივალის დამაარსებელი, მეგობრებთან ერთად, თვითონ მიტროპოლიტია, მაგრამ მესამე წელია იგი საფესტივალო ჩვენებებს ვერ ესწრება. ისაია ახალგორის ეკლესია-მონასტრებში იმყოფება და იქიდან გადასაადგილებელი საჭირო საშვის უქონლობის გამო დაბას ვერ ტოვებს, დე ფაქტო ხელისუფლებაც მისთვის საშვის გაცემას მესამე წელია აჭიანურებს. საერო ცხოვრებაში ისაია თვითონ იყო ანიმატორი. ამ პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა ნიქოზში საერთაშორისო ფესტივალი დაეფუძნებინა და ბავშვებისთვის ხელოვნების სკოლა შეექმნა. მიტროპოლიტის არყოფნის მიუხედავად, ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები მისმა მეგობრებმა მოაგვარეს. ახლა მარიამკანდელაკი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ რეჟისორებს, მხატვრებს და სცენარისტებს მასპინძლობს. ამბობს, რომ უფლება არ ჰქონდა დაწყებული საქმე ისაიას არყოფნის გამო მიეტოვებინა.
უკვე მეხუთე წელია ნიქოზში ჩამოდის ბელორუსი რეჟისორი და ანიმატორი ირინა კოტიუკოვა. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონაში იმყოფება, ამბობს, რომ საშიში არაფერია, მისი ლექსიკური მარაგი კი უკვე ქართული სიტყვებით მდიდრდება.
ჩვენებების გარდა, უცხოელი რეჟისორები ახალგაზრდებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო ფესტივალის გარდა, ნიქოზში ხელოვნების სკოლაც დაარსდა, სადაც ბავშვები ანიმაციის ხელოვნებას სწავლობენ. ხელოვნების სკოლაში წელს სიახლეა. გაიხსნა პროფესორ ვახტანგ როდონაიას სახელობის ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი. პროფესორი მიტროპოლიტთან მეგობრობდა და მას წიგნებს უგზავნიდა. როდონაიას გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრებმა ბიბლიოთეკას მრავალი წიგნი გადასცეს, სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა კი მისი ბარელიეფი დაამზადეს და სამკითხველო დარბაზის შესასვლელთან დაკიდეს. ფესტივალის მეგობარი რეჟისორი ნანა ჯანელიძე ამბობს, რომ ნიქოზის ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს სხვა ცნობილ ფესტივალებს შორის.
ნიქოზის ფესტივალის თავისებურება ისიცაა, რომ აქ რეჟისორები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან და ყველა ნამუშევარი უკვე გამარჯვებულია. საფესტივალო ჩვენება 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.