ნიუ-იორკში, ქართული კულტურის ცენტრ "დენსინგ ქრეინში" ქართული ბიბლიოთეკა განლაგდება. ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების წიგნების იმიგრანტებისთვის ჩამოტანის საკითხი თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის გასულ წელს ნიუ-იოკრში ყოფნის დროს განიხილეს, როდესაც საკრებულოსა და ასოციაცია "თვისტომს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ნიო-იორკში მცხოვრები იმიგრანტების შვილებს ერთმანეთთან ურთიერთობა ქართული კულტურის ცენტრში " დენსინგ ქრეინში" შეუძლიათ, რომელიც ამერიკელმა ვიქტორ სირელსონმა და მისმა მეუღლემ ლიკა ბახტურიძემ დაარსეს. ბავშვები აქ ქართულ ენას, თეატრის ხელოვნებას, მუსიკას, ქართულ ცეკვას სწავლობენ. კულტურის ცენტრს ბიბლიოთეკის ფუნქციაც შეემატა. 200-მდე ქართული წიგნი იმიგრანტებს საჩუქრად თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გადასცა. ნიკოლოზ ჩხეიძე " თვისტომის" დამაარასებელი ამბობს, რომ ქართული წიგნების მიწოდების სურვილი ემიგრანტებმა გასულ წელს ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრის დროს გამოთქვეს.
ნიკოლოზ ჩხეიძე: აქ ას წიგნზე მეტია, ძირითადად, ქართველი კლასიკოსები, მათ შორის თანამედროვე მწერლობა, არის საბავშვო ლიტერატურაც, პროზა და პოეზიაც.
მსახიობი ცუცა კაპანაძე ქართველ ბავშვებს ცენტრში სამსახიობო ხელოვნებას ასწავლის. ამაში შედის ქართული ლექსები, კითხვა და პლასტიკა. ბავშვები ხუთი დღე ინგლისურენოვან სკოლაში დადიან. ქართული კულტურის ცენტრში კვირაში მხოლოდ ერთ დღეს-კვირას იკრიბებიან იმისათვის, რომ მათ ქართული არ დაავიწყდეთ. ასევე მნიშნველოვანია ქართული წიგნების და ლიტერატურის გაცნობა.
ცუცა კაპანაძე: მე ვასწავლი ლექსებს, პროზას, იგავ-არაკს, პატარა სპექტაკლებს ვდგავთ, ლიკა სირელსონი-ბახტურიძე ახლა აკეთებს ახალ სპექტაკლს" ფრანჩესკა", რომელიც არის ქართულ და ამერიკულ სკოლაზე. ცოტა ძნელად ითვისებენ, უჭირთ ბავშვებს ხორხისმიერი ბგერების წარმოთქმა, მაგალითად ასო-ბგერა "წ ", "ყ", მაგრამ ინტერესი არის ძალიან დიდი.
ქართული კულტურის ცენტრში 12 წლის მოზარდები ამჟამად კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" კითხულობენ. ფრანჩესკა და ნიკა გვესაუბრებიან.
ფრანჩესკა: ვკითხულობთ კონსტანტინეს "დიდოსტატის მარჯვენას". მარტო კონსტანტინე ვიცი, რადგან დედიკომ წამიკითხა ბევრი ლექსი.
ნიკა: სახლში ქართულად ვლაპარაკობთ. ხანდახან ინგლისურად ვლაპარკობ ჩემს დასთან. დიდი ხანია ქართული ლექსები და წიგნები არ წამიკითხავს.
ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელია. კულტურის ცენტრში მისვლამდე ის ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ვეტერანებს შეხვდა, რომელთაც ომის თემაზე შექმნილი ქართული წიგნებით უზრუნველყოფას შეპირდა.
ირაკლი შიხიაშვილი: მაშინ საკრებულოს წარმომადენლობითი ხარჯებით გამოვაგზავნეთ წიგნები. ახლაც ვფიქრობთ და შევძლებთ ალბათ იგივეს. ჩვენს სამსახურს აქვს საშუალება, რომ ქართველ მეომრებზე, პატრიოტულ თემაზე და დიდ მოღვაწეებზე დამატებით კრებულები კიდევ გამოვაგზავნოთ აქ მცხოვრებ ვეტერან ქართველებთან.