Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ლესბოსელი პრემიერი: „მთავრობა ყველასია!“


17 სექტემბრის გეიაღლუმის მონაწილეები ბელგრადში
17 სექტემბრის გეიაღლუმის მონაწილეები ბელგრადში

ამ ორიოდე დღის წინ სერბიის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რომელსაც ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი მიმომხილველი „ისტორიულს“ უწოდებს. ამ ქვეყნის მთავრობის მეთაურმა პირველად მიიღო მონაწილეობა ლგბტ თემის წარმომადგენელთა აქციაში, რომელსაც სხვაგვარად „გეიაღლუმადაც“ მოიხსენიებენ.

გადმოწერა

17 სექტემბრის აქციის მონაწილეები ქუჩაში სიმღერით მიაბიჯებდნენ და ამგვარად ცდილობდნენ, ხალხის ყურადღება მიექციათ პრობლემებისთვის, რომლებმაც ისინი ქუჩაში გამოიყვანა. პრობლემები კი ჰომოსექსუალებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერებს სერბიაშიც მრავლად აქვთ − ისევე, როგორც ნებისმიერ კონსერვატულ საზოგადოებაში (მათ შორის, საქართველოშიც). ყოფილი იუგოსლავიის და, ალბათ, მთელი ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს შორის სწორედ მართლმადიდებელი სერბიის საზოგადოებაა ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული. ამიტომ იყო, რომ რამდენიმე თვის წინ, ივნისში, სენსაციად მოინათლა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ანა ბრნაბიჩის დამტკიცება − ქალისა, რომელიც არ მალავს თავის „არატრადიციულ“ სექსუალურ ორიენტაციას.

41 წლის ბრნაბიჩი არა მარტო პირველი გეი პრემიერია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, არამედ სერბიის ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც სათავეში უდგას ქვეყნის მთავრობას. ხოლო კიდევ ერთი რამ, რაც სერბიაში პირველად მოხდა, გეიაღლუმში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა იყო.

მთავრობა ყველასია და მისი ამოცანაა, ყოველი მოქალაქის უფლებების დაცვა უზრუნველყოსო − უთხრა ბრნაბიჩმა აქციაზე მისულ ჟურნალისტებს, ხოლო შემდეგ დასძინა: „გვინდა, ყველას გავაგებინოთ, რომ მრავალფეროვნება ჩვენს საზოგადოებას გააძლიერებს, რომ ერთიანი ძალისხმევით გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებთ.“

სერბიის პრემიერ-მინისტრი გეი აღლუმს დაესწრო
please wait

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

ბრნაბიჩთან ერთად გეიაღლუმის მონაწილეებს შეუერთდნენ სერბიის შრომის მინისტრი ზორან ჯორჯევიჩი, სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბრანკო რუჟიჩი და ბელგრადის მერი სინიშა მალი.

ამ უკანასკნელმა, ჟურნალისტებთან საუბარში, იმედი გამოთქვა, რომ ბელგრადი კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს მსოფლიოს, რომ ამ ქალაქში ყველა თანაბარი უფლებებით სარგებლობს.

სულ აღლუმში, რომლის დევიზი იყო „ჩვენ გვსურს ცვლილება!“, ათასამდე აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. ყვავილების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე გამართულ მსვლელობას რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა. მაგრამ, როგორც ჩვენი ბელგრადელი კორესპონდენტი იუწყება, უწინდელ აქციებთან შედარებით წლევანდელ აღლუმზე გაცილებით უფრო მშვიდი და განმუხტული ატმოსფერო სუფევდა. ბევრი იხსენებდა 2001 წელს, როცა სერბიის დედაქალაქში პირველად სცადეს გეიაღლუმის მოწყობა. მაშინ აქტივისტებს თავს დაესხნენ ულტრანაციონალისტები, სპორტის ქომაგთა ორგანიზებული ჯგუფები, ნაციონალისტური პარტიების მხარდამჭერები. მას შემდეგ ბელგრადში გამართულ თითქმის არც ერთ მსგავს აქციას არ ჩაუვლია თუ შეხლა-შემოხლისა თუ რაიმე ინციდენტის გარეშე. თუმცა, მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა და 2014, 2015 და 2016 წლებში რაიმე სერიოზული სამართალდარღვევები არ აღრიცხულა.

მაგრამ პრობლემები, ცხადია, ჯერაც მრავლად არის: „არის დამცირებისა და ძალადობის შემთხვევებიც. მე ბედმა გამიღიმა, რომ ჩემი ოჯახი შემწყნარებლობით გამოირჩევა. შესაბამისად, მე მაქვს ის უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც ასე აკლია ლგბტ თემის წარმომადგენელთა უმრავლესობას“, უთხრა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარკო მიხაილოვიჩმა.

თავის პრობლემებზე ილაპარაკა შტეფიცა რადოიკოვიჩმაც, ტრანსსექსუალმა, რომელიც სქესის შეცვლის პროცესს გადის: „ჩემს პირადობის მოწმობაში მამაკაცის სახელი წერია. ეს ყველასთვის პრობლემას ქმნის. მე ახლა გავდივარ სქესის შეცვლის პროცესს, რომელიც ორ წელიწადს გრძელდება. პრობლემები მექმნება ბანკებში, ფოსტაში, ნებისმიერ საჯარო უწყებაში. როცა დოკუმენტის ჩვენება მიწევს, იქ მამაკაცის სახელია, ფიზიონომია კი სულ სხვაა - განსხვავება აშკარაა.“

შტეფიცა რადოიკოვიჩიც და მისი თანამოაზრეებიც ამბობენ, რომ სერბიას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე უმცირესობათა მიმართ შემწყნარებლობა მართლაც მოიკიდებს ფეხს ამ ქვეყნის საზოგადოებაში.

XS
SM
MD
LG