ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია, რომელიც 19 თებერვალს დაიწყო, კვირას, 25 თებერვალს დასრულდა.
NDI-ის ცნობით, ეს დელეგაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგეგმილი ორი წინასაარჩევნო მისიიდან პირველი იყო.
19-25 თებერვლის შუალედში ჩამოსული მისია, NDI-ის თანახმად, მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებასა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას, ასევე, უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის:
- მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა,
- საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ,
- მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე,
- გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და
- არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.
ამავდროულად, NDI-ი აცხადებს, რომ არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს:
- პოლარიზაცია,
- სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები,
- პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები
- ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები.
„ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველი არჩევნებია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ”, განაცხადა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, პერ ეკლუნდმა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელია.
„არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფასა და გლობალური დემოკრატიული სტანდარტების დაცვაში“, - განაცხადა მან.
„2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დრო არის დარჩენილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ევა ბუშამ, დელეგაციის წევრმა და NDI ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა.
დელეგაციის ვიზიტი საქართველოში არჩევნებამდე 8 თვით ადრე გაიმართა, რაც, NDI-ის თანახმად, „ხაზს უსვამს არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობისათვის საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო სამზადისის მნიშვნელობას“.
ორგანიზაციის ცნობით, თბილისში გამართული ვიზიტისას, დელეგაციის წევრები მთავრობის წარმომადგენლებსა და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარეს შეხვდნენ, მათ შორის:
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს,
- საქართველოს პრეზიდენტს,
- პრემიერ-მინისტრს,
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს,
- ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს,
- მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს,
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს,
- დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,
- საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს,
- დიპლომატიურ მისიებსა და დონორ ორგანიზაციებს.
NDI აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს მეორე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეწვევა და არჩევნებამდე რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს.
დელეგაციის წევრები იყვნენ:
- ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
- პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში;
- მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე;
- დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი;
- ევა ბუშა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი;
- რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი.
საქართველოში NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.
საქართველოში აშს-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
გარდა NDI-სა, 14 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი მატეო მეკაჩი საქართველოში მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვიეს. უწყების ინფორმაციით, მოწვევა 12 თებერვალს გაიგზავნა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.