Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას აშშ-ის ექსპერტები აფასებენ


ალექსანდრ ქული ( მარცხნივ), ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ იორკი
ალექსანდრ ქული ( მარცხნივ), ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ იორკი

საქართველო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა - ასე აფასებენ ამერიკელი ექსპერტები გადაწყვეტილებას საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნის შესახებ. არის თუ არა ეს დასავლეთის პასუხი რუსეთის გაზრდილ აგრესიაზე? რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და ალიანსთან დაახლოების თემაზე ლინკოლნ მიტჩელს და ალექსანდრ ქულის ვესაუბრეთ.

ამერიკელი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ საქართველოში სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სასწავლო ცენტრის გახსნა არ არის პასუხი არც ზოგადად რუსეთის მიერ რეგიონში გაზრდილ აგრესიაზე და არც კონკრეტულად, უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე. ამერიკელი პოლიტილოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ ქული თვლის, რომ ეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. უელსის სამიტზე ალიანსის წევრობასთან დაკავშირებული უარის გამო ქული ამ გადაწყვეტილებას ერთგვარ კომპენსაციას უწოდებს.

ალექსანდრ ქული: მე ვფიქრობ, გრძელდება ის, რაც წარსულში დაიწყო. ნატოს და მის წევრ ქვეყნებს პოლიტიკური მიზეზების გამო არ შეუძლიათ საქართველოს სრული წევრობის სტატუსი მისცენ. თუმცა, პარალელურად კომპენსაციის მიზნით, საქართველოსთან თანამშრომლობა იზრდება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა საქართველოს შანსები წევრობისთვის ისევ დაბალია.

ნიშნავს თუ არა ნატოს სასწავლოს ცენტრის გახსნა საქართველოსთვის ალიანსის წევრობის დაჩქარების პროცესს. ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ ასეთი ოპტიმიზმი გადაჭარბებულია.

ლინკოლნ მიტჩელი: ეს ასე არ უნდა განვიხილოთ, რომ თითქოს ნატოს წევრობა კარზეა მომდგარი. ეს გადაჭარბებული შეფასება იქნებოდა. უფრო სწორი ალბათ ის იქნება, რომ ვთქვათ ნატოს უარი არ უთქვამს საქართველოსთვის. ნატოს კარი ისევ ღიაა, თუმცა ფართოდ არა. ეს არაფერ კავშირში არ არის მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. ნატო არ არის ის ორგანიზაცია, რომ თქვას- რახან მინსკში შეთანხმდნენ, მაშინ გადაწყვეტილება შევცვალოთ და საქართველოში სასწავლო ცენტრი აღარ გავხსნათ. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთი ამას შეასრულებას. გავიხსნოთ 2008 წელს საქართველოსთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტები, რომელიც რუსეთის მიერ ისევ შეუსრულებელია. ნატო არ არის ის ორგანიზაცია, რომ იფიქროს სანერვიულო არაფერია. მათ იციან, რომ პირიქით უნდა ინერვიულონ . საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი იყო გუშინაც, დღესაც და მომავლისთვისაც.

ვაზიანი, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზა არის ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტებით კავკასიის რეგიონში, ნატოს პირველი სასწავლო ცენტრი იმუშავებს. ეს ადგილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ალექსანდრე ვერშბოუმ უკვე მოინახულა. რუსეთმა ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდა. დაკმაყოფილდება თუ არა რუსეთი მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებით თუ მათი მხრიდან პროვოკაციის საფრთხე ისევ გაიზრდება? ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებები ასეთია:

ალექსანდრ ქული: მე მგონი უკვე ვნახეთ რუსეთის რეაქცია ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმების დროს სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან პოლიტიკის კონტექსტში. პოსტ საბჭოთა სივრცე გეო-პოლიტიკურად აქტიური ხდება და კონფლიქტური და არ-აღიარებული ტერიტორიები რუსეთის მმართველობის ქვეშ არის. ანუ ახლა, გვაქვს დაყოფილი ტერიტორიები საქართველოში, მოლდოვაში და ახლა უკვე უკრაინაშიც, სადაც შესაბამის ქმედებებს რუსეთი ახორციელებს.

ლინკოლნ მიტჩელი: ნატოს ლიდერებმაა იცოდენენ, რომ რუსეთის რეაქცია ნეგატიური იქნებოდა, ისე როგორც ეს იცოდა საქართველოს ხელსიუფლებამ. აქ ახალი არაფერია. საზღვრები რუსეთთან მანამდეც იყო. რუსეთის გაღიზიანება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გამო ყოველთვის იქნება, არ აქვს მნიშნველობა გაიხსენება თუ არა ნატოს სასწავლო ცენტრი. საქართველოს ხელისუფლება, მნიშვნელობა არ აქვს როგორი, მთავრია დარჩეს დასავლური ღირებულებების დამცველად. ეს ქართველი ხალის არჩევანიც არის, რომლის წინააღმდეგ ვერავინ წავა.

ნატოს სასაწავლო ცენტრის გახსნა საქართველოში იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2001 წელს " წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით დაიწყო. ამას ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველოს ჩართვა და ერაყში და ავღანეთში ქართველი სამხედროების მონაწილეობა მოჰყვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ცენტრის დანიშნულება არა მარტო ქართული საბრძოლო დანაყოფების, არამედ ნატოს სხვა წევრი და ასევე ალიანსის პარტნიორი ქვეყნების დანაყოფების ერთობლივი წვრთნების ჩატარება და მათი მზადყოფნის ობიექტური შეფასება იქნება.

XS
SM
MD
LG