Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გავაცოცხლოთ ეკონომიკა


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობა აპირებს ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას მასშტაბური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებებით. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზნით იგეგმება მოგების გადასახადისგან გათავისუფლება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მთელი მთავრობისთვის ერთიანი ოფისის შექმნა. მთავრობის ახალი ინიციატივა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო. როგორ აპირებს მთავრობა ეკონომიკის გაჯანსაღებას და რას ფიქრობენ მისი გეგმების შესახებ ეკონომიკის ექსპერტები და პოლიტიკური ოპონენტები?

საქართველოს ეკონომიკა რომ გაჯანსაღებას საჭიროებს, ამაზე მშრალი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს: 2015 წელს ექსპორტი 23 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 პროცენტით შემცირდა. ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 56 პროცენტი შეადგინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი დევალვაცია განიცადა საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ. შესაბამისად, როგორც ეკონომიკის ექსპერტები შენიშნავენ, გასაკვირი არაა, რომ მთავრობის ახალი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ცდილობს ეკონომიკის გამოცოცხლებასა და სტიმულირებას, რისთვისაც, როგორც 18 იანვარს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, აპირებს ხელისუფლების ძალისხმევა ოთხი ძირითადი მიმართულებით მიმართოს:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„პირველი - ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები; საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი, ანუ კონკრეტულად მაქვს მხედველობაში მხოლოდ და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლება; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან წინასწარი პატიმრობები, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ დანაშაულს და ეს არის ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრის შემოღებით საქართველოში დაინერგება საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი; საგადასახადო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის მაქსიმალური რეგლამენტირება კი, როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, ითვალისწინებს ფინანსური შემოწმების დროის მკაცრად შემოსაზღვრას:

„მნიშვნელოვანია ადმინისტრირების მიმართულებით შემოწმებები სწრაფად დაიწყოს და სწრაფად დამთავრდეს და გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე, რასაც ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ახორციელებდა, თუმცა გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის საჭირო. ერთ-ერთი ინიციატივა არის ის, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ მომხდარიყო ანგარიშებზე ინკასოს დადება და ანგარიშების გაყიდვა“.

მთავრობის გეგმა ასევე ითვალისწინებს, დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმების შექმნას, რაც, ჯამში, სხვა ინიციატივებთან ერთად, ეკონომიკის ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ საქართველოს ეკონომიკა შეძლებს უფრო ჩქარი ტემპით განვითარდეს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტის ნიკო მჭედლიშვილის თქმით, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას არ აკმაყოფილებს ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა, რაც, რეგიონის სხვა ეკონომიკების მდგომარეობის გათვალისწინებით, ცუდი მაჩვენებელი არაა.

„მთავრობა აცნობიერებს იმ სირთულეებს, რაც არის რეგიონში. ფიქრობს, რომ სასურველი იქნებოდა, უფრო მაღალი ტემპი რომ გვქონოდა ეკონომიკაში, პლუს არჩევნები ახლოვდება, ერთი წელიც კი არ დარჩა. მთავრობა ცდილობს, რომ რაღაც ახალი შემოიტანოს... ვფიქრობ, რომ მოგების გადასახადის გაუქმება - ეს არის რევოლუციური იდეა. ამას ძალიან დიდი გაბედულება სჭირდებოდა“, უთხრა ნიკო მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ორი წელია ხელისუფლებას ვთავაზობთ გეგმას, მაგრამ ამ გეგმიდან ამოგლეჯითა და ნახევარი ნაბიჯების გადადგმით, ცხადია, ეფექტი არ იქნება და იმ შემთხვევაში, თუ ხარჯებს არ შეამცირებენ, ეს ცვლილება შესაძლოა დამატებით ტვირთად დააწვეს ქვეყანას...
ზურაბ მელიქიშვილი

ეკონომისტების შეფასებით, მოგების ნაცვლად მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრის შემოღებით პირველ ეტაპზე ბიუჯეტს შეიძლება დააკლდეს რამდენიმე ასეული მილიონი ლარი. შესაბამისად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და წინა მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, მთავრობამ გადასახადების შემცირების პარალელურად უნდა შეამციროს ხარჯები.

„პირველ რიგში თუ არ იქნება საუბარი ხარჯების შემცირებაზე, მათ შორის ჩინოვნიკების ხარჯების შემცირებაზე, პრემიების, დანამატების და სხვა ფუფუნების ხარჯების შემცირებაზე, მაშინ დანარჩენი გადასახადების შემცირებაზე საუბარი გამოვა ტყუილი, რადგანაც აღნიშნული ინიციატივა უნდა განხორციელდეს ამ ხარჯების შემცირების ხარჯზე. ორი წელია ხელისუფლებას ვთავაზობთ გეგმას, მაგრამ ამ გეგმიდან ამოგლეჯითა და ნახევარი ნაბიჯების გადადგმით, ცხადია, ეფექტი არ იქნება და იმ შემთხვევაში, თუ ხარჯებს არ შეამცირებენ, ეს ცვლილება შესაძლოა დამატებით ტვირთად დააწვეს ქვეყანას“, უთხრა ზურაბ მელიქიშვილმა რადიო თავისუფლებას.

გარდა ამისა, რამდენადაც 2016 წლის ბიუჯეტი გათვლილი და დაგეგმილია მოგების დაბეგვრის ჩვეულებრივი წესის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მთავრობის ინიციატივა წელს ვერ შევა ძალაში. ინიციატივის დიდი ნაწილი ასევე გულისხმობს კანონებში ცვლილებების შეტანას და, შესაბამისად, პარლამენტში მათ განხილვასა და დამტკიცებას, რასაც ასევე დიდი დრო დასჭირდება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG