Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკუთრების უუფლებობა - მსჯელობა ქალთა საკითხებზე ზუგდიდში


ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ქალთა უფლებების დარღვევის მხრივ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად საკუთრების უფლება დასახელდა. დისკუსიის მონაწილეებმა მოიყვანეს სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმადაც, ქონება, ხშირ შემთხვევაში, რეგისტრირდება ოჯახის უფროსზე, ტრადიციულად - მამაკაცზე.

შეხვედრის ინიციატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელის იაგო ფასანძის თქმით, ხშირ შემთხვევაში, პრობლემას და გაუგებრობას ქმნის საკუთარი უფლებების შესახებ მოქალაქეების არაინფორმირებულობა:

„ამ დისკუსიაზეც გამოჩნდა, რომ მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრებს შეუძლიათ თანასაკუთრებაში ჰქონდეთ უძრავი ქონება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავის ოჯახის წევრზე თანასაკუთრებაში დაარეგისტრიროს უძრავი ქონება“.

ის, რომ ქალთა უფლებები ირღვევა, განსაკუთრებით საკუთრებასთან დაკავშირებით, ადასტურებს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელი ნინო მინჯია. იურისტის განმარტებით, ძირითადად უძრავი ქონება რეგისტრირდება, ტრადიციულად, მამაკაცზე, პრობლემები კი მაშინ იჩენს თავს, როცა ხდება ამ ქონების გაყიდვა, გასხვისება, რადგან ქალთა უფლებებს ანგარიში არ ეწევა.

„საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების 44 % რეგისტრირდება ქალზე, მაგრამ, ხშირ შემთხვევეაში, თავიანთი ქონების დაზღვევის მიზნით, პასუხისგება რომ არ მოუწიოთ ამ ქონებით, ხდება მისი მეუღლის, ან ახლობლის სახელზე გადაფორმება. შეიძლება სტატისტიკა ამ მხრივაც იყოს გაბერილი“, - აღნიშნა ნინო მინჯიამ.

იურისტის თქმითვე, ხშირია შემთხვევები: ქორწინება არის რეგისტრირებული, მაგრამ როცა გაყრამდე და ქონების გაყოფამდე მიდის საქმე, ხდება ამ ქონების გადამალვა, ან აღმოჩნდება, რომ ის, საერთოდ, არ არსებობს, სხვის სახელზეა გაფორმებული. ნინო მინჯია განმარტავს, რომ, მართალია, კანონმდებლობით ეს პროცესი გარკვეულწილად მოწესრიგებულია, მაგრამ პრაქტიკაში საჭიროებს დახვეწას.

დისკუსიის მონაწილეებმა ამ მხრივ არსებულ დადებით ტენდენციებზეც ისაუბრეს. მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის იურისტის ეკა ბაძაღუას თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მიდგომები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ მიმართულებით. ეკა ბაძაღუა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, დევნილთა სამმართველოში სამართლებრივ დახმარებას უწევს იძულებით გადაადგილებულ პირებს.

„ბინებს, რომლებსაც დევნილებზე გასცემდა სამინისტრო, ადრე არეგისტრირებდა ინდივიდუალურ საკუთრებად, ოჯახის წარმომადგენლად კი ხშირად მამაკაცი ფიქსირდებოდა. ბოლო სამი წლის მანძილზე ეს მიდგომები შეიცვალა. თანამესაკუთრის ინსტიტუტმა განხორციელება პოვა პრაქტიკაში. ბინები, რომლებსაც ლტოლვილთა სამინისტრო გასცემს, რეგისტრირდება როგორც თანასაკუთრება და თანამესაკუთრეები არიან ამჯერად უკვე დევნილი ქალბატონებიც“, - განმარტავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის იურისტი. მიუხედავად ასეთი შეფასებისა, ეკა ბაძაღუა აქვე დასძენს, რომ მაინც რჩება პრობლემები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, რათა თანამესაკუთრის ინსტიტუტმა გაცილებით ეფექტურად იმუშაოს.

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ, შესაბამისი კანონმდებლობის მიუხედავად, ქალები დაუცველები არიან, რადგან აღმოჩნდება ხოლმე, რომ თანაცხოვრების მანძილზე შეძენილ ქონებაზეც რეალურად მათ უფლება არ აქვთ. მაგალითად, აღინიშნა, რომ ახალგაზრდები ცალკე არ ქმნიან საკუთარ ქონებას, არ აქვთ პირადი სივრცე, რაც მოგვიანებით პრობლემებს წარმოშობს. გამოითქვა ასევე მოსაზრება, რომ მსგავსი სოციალური მოცემულობა კულტურის ნაწილია, სადაც ქონება მხოლოდ ერთ შვილს, მამაკაცს, რჩება და დანარჩენებზე თანაბრად არ ნაწილდება.

XS
SM
MD
LG