Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგზაურობა სოფიაში - ქუჩის არტი, ქალების ბაზრობა და ეკლესიების სიმრავლე


ტრამვაი სოფიას ქუჩებში
ტრამვაი სოფიას ქუჩებში

რუბრიკა “მოგზაურის” სტუმარია ფოტოგრაფი ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია, რომელმაც, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მოგზაურობის გამოცდილება გაგვიზიარა.

საქართველოდან დაბალბიუჯეტიანი ფრენის შესაძლებლობამ მოგზაურობის მოყვარულებისთვის ახალი ადგილების აღმოჩენის უფრო მარტივი გზები გააჩინა. ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულებით გამგზავრება გადაწყვიტა და არჩევანი სოფიაზე გააკეთა, სადაც მისი მეგობრები ცხოვრობენ. ნოემბერში დაგეგმილი მოგზაურობისთვის ბილეთები რამდენიმე თვით ადრე, ზაფხულში იყიდა და ამ გზით ცოტაოდენი თანხის დაზოგვაც შეძლო. ფრენამდე რაც უფრო დიდი პერიოდით არის დაშორებული ბილეთის შეძენის დღე, ფასი უფრო დაბალია. მოგზაურების დაკვირვებით, არც თავად სოფიაა ძვირი ქალაქი და განსაკუთრებით საკვები პროდუქტები აქ გაცილებით დაბალ ფასად შეიძლება შეიძინო, ვიდრე ევროპის დიდ ქალაქებში.

“ერთი კვირა ვიყავით. ძალიან ნოსტალგიური შთაბეჭდილება დატოვა. მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე და მთელი ცხოვრებაა ჩუღურეთში, “პლეხანოვზე” ვცხოვრობ. მახსოვს, მაგალითად, ტრამვაი და რაღაც ადგილები ჰგავდა კიდევ ჩემს მეხსიერებაში არსებულ თბილისს. ემოციური იყო.”

​სოფიაში, სადაც ტრამვაი ერთ-ერთი მთავარი ტრანსპორტია და ქუჩებში თვალშისაცემად ბევრი მოხუცი სეირნობს, ტურისტების მთავარი სანახაობა კულტურული და რელიგიური ფუნქციის მქონე შენობებია. ეკლესიებმა ნატაზეც მოახდინა შთაბეჭდილება, თუმცა, თუ ბულგარეთის დედაქალაქში აღმოვჩნდებით, მათ გარდა გვირჩევს, ქალაქის ის ნაწილი ვნახოთ, სადაც წარსულში ქალების ბაზრობას აწყობდნენ ადგილობრივი თურქები და აუცილებლად ავიდეთ ვიტოშის (vitosha) მთაზე.

“ძალიან ლამაზი მთაა, ვიტოშა ქვია, ქალაქის ყველა ადგილიდან ჩანს. საბაგიროთია შესაძლებელი იქ ასვლას, თვითონ ლიფტს ეძახიან. სოფიაში არის კიდევ ერთი ადგილი, “ჟენსკი პაზარ”, ანუ ქალების ბაზარი, იმდროინდელია, აქ რომ თურქები ცხოვრობდნენ. ქალაქის ისტორიულ ადგილას არის ეგ ადგილი და დღესაც ბაზარია, ადვილად მიხვალ ტრამვაითი. შთამბეჭდავია ეკლესიებიც, სულ ფრესკებშია, ძალიან მდიდრულად არის მოწყობილი.”

​ნატას თქმით, ბულგარეთში წასვლას თუ გადაწყვეტთ, სჯობს მარტო სოფიით არ შემოიგარგლოთ და მასთან ახლოს მდებარე საინტერესო ადგილებიც მოინახულოთ.

“არის იქ ერთი ქალაქი, რომელსაც კულტურულ დედაქალაქს ეძახიან, პლოვდივი (Plovdiv) ჰქვია და საკმაოდ ახლოს არის, სოფიიდან დაახლოებით 3 საათი უნდა მატარებლით გზას.”

და მაინც, თუ მხოლოდ სოფიის სანახავად გაემგზავრებით, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ქუჩის მხატვრობას, რომელიც ქალაქის შედარებით ახალ უბნებში, მაღალსართულიანი კორპუსების კედლებზე შეგხვდებათ.

XS
SM
MD
LG