საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მესაკუთრე არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო.
ხელისუფლების ამ დეკლარირებულ განცხადებას საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი ახლავს. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე შეიძლება თუ არა იყოს ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა ქართველი ემიგრანტია? აპირებს თუ არა ხელისუფლება ემიგრანტების დატოვებას მიწის შეძენის უფლების გარეშე ან წარმოშობის მითითებას არა საქართველოს მოქალაქეების გრაფაში, რაც აკრძალვაზე კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს? შეეხება თუ არა აკრძალვა ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს, ანუ მათ, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვთ და ა.შ.
საინტერესოა, რომ სულ ერთი კვირის წინ ხელისუფლებამ პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებდა. ეს რეგულაციები პრაქტიკულად კრძალავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას საქართველოს არამოქალაქე პირზე, ასევე - იმ ორგანიზაციაზე, რომელსაც 50 %-ზე მეტი უცხოელი დამფუძნებელი ჰყავს და, მეტიც, კრძალავდა დაგირავებას იმ ფინანსურ ინსტიტუტში, რომლის 50 %-ზე მეტს უცხოელი ფლობს.
კანონპროექტი ითვალისწინებდა, ასევე, გარკვეულ გამონაკლისებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოეთის მოქალაქის ხელში გადასულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტიც თავისი შინაარსით საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა და მის მიმართაც არაერთი კრიტიკული შენიშვნა არსებობდა, მათ შორის, კორუფციის საფრთხეებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მისი გაწვევა გადაწყვიტა. მეტი დეტალები იმის თაობაზე, თუ როგორ „ჩაიშლება“ საკონსტიტუციო დონეზე აყვანილი „აკრძალვა“, არ არის ცნობილი. არადა, ძალიან საინტერესოა, რომ გააზრებული იყოს ამ გადაწყვეტილების, რომელიც მიწის საქართველოსთვის შენარჩუნების მოტივით იქნა მიღებული, შედეგები და, პირველ რიგში ის, რომ გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სრული აკრძალვის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეამცირებს მიწის ფასს სწორედ დღეს არსებული ქართველი მფლობელებისთვის.
ერთი რამ ფაქტია: დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მორატორიუმი შეეხება კანონის იმ მუხლს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.
მორატორიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.