Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე და სამართალი?


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. საქართველო უკვე მესამედ შეეცდება, რომ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კომიტეტს ამჯერად მაინც მოაწონოს. კომიტეტს ამ ეტაპზე საქართველოდან მხოლოდ ერთ, ლადო ჭანტურიას კანდიდატურაზე აქვს თანხმობა გამოცხადებული. საქართველოს მთავრობა ორ ახალ კანდიდატს სტრასბურგში უახლოეს მომავალში გაგზავნის.

მესამე და სამართალი?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:40 0:00
გადმოწერა

ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, ოთარ სიჭინავა და იოსებ ბაჩიაშვილი – ეს ის კანდიდატები არიან, რომლებმაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. ახლა სიტყვა საქართველოს მთავრობაზეა, რომელმაც ამ ოთხი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კომიტეტს ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს და მათ შორის ერთი აუცილებლად ქალი უნდა იყოს. კონკურსის შედეგები ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა და კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააცნო: „კომისიის გადაწყვეტილებით, ეს კანდიდატები არიან ლალი ფაფიაშვილი, ამჟამინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე. მეორე კანდიდატი გახლავთ, როგორც ქულების მიხედვით კომისიამ გადაწყვიტა ქალი კანდიდატი, თამარ ალანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მესამე და მეოთხე კანდიდატებმა ჩემდა გასაოცრად, ერთნაირი ქულები მიიღეს და რეალურად შეუძლებელი გახდა მათ შორის არჩევანის გაკეთება. ისინი არიან სოსო ბაჩიაშვილი, მეცნიერი და სამართლისმცოდნე და ოთარ სიჭინავა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ამჟამინდელი მოქმედი მოსამართლე საერთო სასამართლოებში“.

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 26 აგვისტოს დილიდან დაიწყო და ექვს საათს გასტანა. საქართველო უკვე მესამედ შეეცდება, რომ კომისიის მიერ დასახელებული კანდიდატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კომიტეტს ამჯერად მაინც მოაწონოს. 26 აგვისტოს კომისიის წინაშე შვიდი კანდიდატი წარსდგა. მერვე კანდიდატმა ნინო ბაქაქურმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, კონკურსში მონაწილეობაზე უარი ბოლო მომენტში თქვა. მიზეზზე მას კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება, კიდევ ერთ კანდიდატს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, როგორც ის ამბობს, მისი კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის დაწყებამდე კონსტანტინე ვარძელაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი სამთავრობო კომისიის შემადგენლობის განახლებას ითხოვდა, მათ შორის, ის ითხოვდა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ჩანაცვლებასაც, რაზეც მან უარი მიიღო. თუმცა, როგორც გასაუბრებიდან გამოსულმა მოსამართლეობის კანდიდატმა ჟურნალისტებს უთხრა, მის გასაუბრებას თეა წულუკიანი არ დასწრებია: „იუსტიციის მინისტრმა თავად აღარ მიიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, როგორ წარიმართება ამის მერე შეფასება, ვინაიდან კომისიას გამოაკლდა ერთი წევრი, არადა გადაწყვეტილების მიღება ხდება ქულების დაჯამების გზით. ამ პროცესში მონაწილეობა ჩემი მხრიდან არის წმინდა წყლის ფორმალობა“.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას პირველად იანვარში დაუწუნა საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეების სამკაციანი სია. მეორედ კი, ექვსი თვის თავზე, ივლისში. ოღონდ, ამჯერად, იმ განსხვავებით, რომ სამკაციანი სიიდან მხოლოდ ერთმა, ლადო ჭანტურიამ დააკმაყოფილა ევროპული კონვენციით დადგენილი მოთხოვნები. ორ კანდიდატს, სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს კი მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი უთხრეს. უარის მიზეზი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის თავმჯდომარის, ნინა ვაიჩის, წერილშია განმარტებული, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ 26 აგვისტოს გაასაჯაროვა. წერილის თანახმად, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე ვერ აკმაყოფილებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. კონკრეტულად კი, სამოსამართლო გამოცდილების სიღრმესა და ხანგრძლივობას.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც 26 აგვისტოს მესამედ გაიმართა, ბოიკოტი გამოუცხადეს კოალიციაში – „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ – შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უარი განაცხადეს კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე. კოალიციის თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა, კომისიის წევრები დაადანაშაულა კანდიდატების პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით შერჩევაში: „გვქონდა ძალიან ბევრი შენიშვნა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან კომისიის წევრები და როგორ აფასებენ ისინი კონკრეტულ კანდიდატებს. ცხადია, რომ ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ არა პროფესიონალიზმზე დაყრდნობით და არ ირჩევენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, არამედ ისინი გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ეს არის არასწორი და ცხადია, ზუსტად ამიტომ, ორჯერ დაგვიწუნეს კანდიდატები ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ქვეყნის რეპუტაციისთვის“.

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ბოიკოტისა და მოწოდებისა, და მიუხედავად თავად მისი სკეპტიკური განწყობისა კომისიის მიმართ, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, 26 აგვისტოს მაინც მიიღო მონაწილეობა კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სხდომაში. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კი სახალხო დამცველმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 26 აგვისტოს მიღებულმა შედეგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეალურად არ არსებობს კანდიდატთა შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები, პროცესი არ არის გამჭვირვალე და ეს საბოლოო შედეგზეც აისახა: „მაინც მქონდა იმედი, რომ რაღაც-რაღაცები შეიცვლებოდა და კომისიის წარმომადგენლები ობიექტურად შეაფასებდნენ კანდიდატებს, თუმცა, სამწუხაროდ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდათ. და ეს შერჩევის სისტემა იმიტომაც არის ხარვეზიანი, რომ, ფაქტიურად, არანაირ კრიტერიუმზე არ არის დაფუძნებული. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს პროცესი არ არის საჯარო. დღეს ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომ ყველაზე მეტად კომპეტენტური კანდიდატები ამ ოთხეულს შორის ვერ აღმოჩნდნენ“.

სახალხო დამცველის შეფასებით, კომისიამ ამჯერადაც წინა ორი შესარჩევი კონკურსის მსგავსი შეცდომები დაუშვა, რასაც, მისი ვარაუდით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

XS
SM
MD
LG