28 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ლაშა ნაკაშიძე, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ "მწვანე ქალაქების" ხელმძღვანელი. გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი, რომელიც მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას.
პროექტის მიზნებია:
- მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესება.
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებაში.
- აჭარის ტურისტული იმიჯის გაუმჯობესება "მწვანე ქალაქის" კონცეფციის დანერგვის შედეგად.
- საქართველოს ეროვნული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირების საქმეში.
როგორ შეიძლება ერთი ქალაქისთვის შექმნილი ურბანული მობილურობის სტრატეგიის გავრცობა და სხვა ქალაქებზე მორგება, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეითზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემების შემუშავებისას მოქალაქეების ჩართულობა და მათი აზრის გათვალისწინება, რა გავლენას ახდენს გაუმართავი ტრანსპორტი გარემოზე და რა არის საჭირო ეროვნულ დონეზე სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებისთვის - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.