საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში. მათ ქართული პოლიციის საგუშაგოდან დურბინდით დაათვალიერეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა. პეტრო პოროშენკოს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ. ოძისიდან გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო გაემგზავრნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ესაუბრნენ ხურვალეთელ დავით ვანიშვილს, რომელსაც მავთულხლართების გამო უწევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება.