Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს „მაესტროს“ „პროქართული“ მომავალი?


23 დეკემბერს ტელეკომპანია "მაესტროდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.
23 დეკემბერს ტელეკომპანია "მაესტროდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო ხმაური გრძელდება. 23 დეკემბერს ტელევიზიიდან წამოსულმა ჟურნალისტებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და ტელეკომპანიის დატოვების მიზეზებზე დეტალურად ისაუბრეს. „მაესტროს“ მთავარი საინფორმაციო გადაცემა „ცხრიანის“ გუნდის განცხადებით, პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე ტელევიზიაში ერთი კონკრეტული ადამიანის, კერძოდ კი, კოკა ყანდიაშვილის მისვლა, და ეს პრობლემა ტელევიზიის კურსის რადიკალურ შეცვლას უკავშირდება. პოლიტიკურ წრეებში ამ კურსს უკვე უწოდეს „პრორუსული“.

ტელეკომპანია „მაესტრო“ მუშაობს ახალ პოლიტიკურ-სოციალურ თოქ-შოუზე „ლაპარაკობს თბილისი“, რომლის ავტორი და წამყვანი კოკა ყანდიაშვილია. იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და აკადემიური პერსონალის ბაზა. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, იგეგმება უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და იქ მომუშავე მეცნიერ-თანამშრომლების მეტი ჩართულობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე განსხავებული თემების განხილვაში. უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდოთ თქვენი უნივერსიტეტის თანამშრომელთა სია - კონტაქტებით“, - 11 დეკემბრით დათარიღებული, „მაესტროს“ გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი ეს წერილი, რომელიც 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „მაესტროს“მთავარი საინფორმაციო გადაცემა „ცხრიანის“ უკვე ყოფილმა ავტორმა და წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა წაიკითხა, საქართველოს არაერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო. ნინო ჟიჟილაშვილმა ეს წერილი წარმოადგინა როგორც დასტური იმისა, რომ „მაესტროს“ ხელმძღვანელობა მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ამჟამინდელ მრჩეველთან,კოკა ყანდიაშვილთან, გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებებს ნამდვილად აწარმოებდა.

„მაესტროს“ჟურნალისტების ის ნაწილი, ვინც ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა, აცხადებს, რომ ტელევიზიიდან მათი ასე ხმაურიანი წამოსვლის განმსაზღვრელი ფაქტორი მხოლოდ ერთი ადამიანი არ ყოფილა. „ცხრიანის“ მთავარი პროდიუსერი სოფო ზურაბიანი უფრო საშიშ ტენდენციაზე ლაპარაკობს, რომლის წინაშეც, მისი აზრით, „მაესტრო“ დგას:

„პოლიტიკური დაკვეთების (და ეს მან თავის დროზე თავად განაცხადა) ერთხელ უკვე შემსრულებელი ადამიანი „მაესტროზე“ მოდის არა მხოლოდ თავისი გადაცემით, არამედ იდეოლოგიითა და შესაძლებლობით ჩაერიოს ყველგან და ყველაფერში. უკვე მარტივად დასანახია, რას შეცვლიდა ის ამ არხზე“.

ალბათ, თქვენც გაგიგიათ და მეც ხშირად გამიგია პოლიტიკოსების მესიჯები, რომ მე ვარ პროქართული. არ ვარ პროდასავლური ან ნატოსა თუ ევროკავშირის მომხრე, არამედ, პროქართული. ნატო და დასავლეთი არ გვინდა, რადგან გვატყუებენ, რომ ევროკავშირში ვერ შევალთ...
სოფო კვინტრაძე

ყანდიაშვილის ფაქტორის გარდა, იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „მაესტროს“ ჟურნალისტებმა ტელევიზიის გაფართოებულ თათბირზე გააპროტესტეს: მათ უთხრეს, რომ ტელევიზიას უნდა გაეტარებინა ე.წ. „პროქართული“ იდეოლოგია. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის ასევე ყოფილი შემსრულებლის სოფო კვინტრაძისათვის სიტყვა“ პროქართული“ ნიღბავს სიტყვა „პრორუსულს“ და ეს იდეოლოგია ნიშნავს, რომ ტელევიზიამ უნდა აიღოს კურსი არა დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისაკენ, რაში მონაწილეობაც ჟურნალისტებმა აღარ ისურვეს:

„ალბათ, თქვენც გაგიგიათ და მეც ხშირად გამიგია პოლიტიკოსების მესიჯები, რომ მე ვარ პროქართული. არ ვარ პროდასავლური ან ნატოსა თუ ევროკავშირის მომხრე, არამედ, პროქართული. ნატო და დასავლეთი არ გვინდა, რადგან გვატყუებენ, რომ ევროკავშირში ვერ შევალთ. ამასთან, რბილად საუბრობენ რუსეთზე. ეს, რასაკვირველია, ტყუილია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ პროქართული და აუცილებლად ვარ დასავლური ორიენტაციის, რადგან მგონია, რომ ამ ქვეყანას სხვა უკეთესი მომავალი, გარდა ევროკავშირისა და ნატოსი და,ზოგადად, დასავლური მომავლისა, არა აქვს. ამიტომ მე არ ვტყუი. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ პროქართულია, მაგრამ ამბობს, რომ დასავლურიც ცუდია და რუსულიც, სინამდვილეში, ტყუის, რადგან გულისხმობს ჩრდილოეთს, რუსეთს“.

ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ წრეებშიც შეაფასეს. „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ტელეკომპანიაში რუსული ინტერესების კვალზე ალაპარაკდნენ.

ეს მათი შიდა სამზარეულოა, მათი შიდა საქმე. როგორც მე არ შემიძლია ვიცოდე, რა ხდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, როგორ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას ნიკა გვარამია, ვის მოიწვევს თუ ვის გაუშვებს, ზუსტად იგივეა „მაესტროს“ შემთხვევაშიც...
მანანა კობახიძე

„თუ „მაესტროს“ უკანაც ნამდვილად რუსული კვალი იკვეთება, ეს უკვე ხელისუფლების პრობლემაა, რადგან ხელისუფლება ვერ გვიცავს მთავარი მტრისგან“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე. მისი კოლეგა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სერგო რატიანი კი შენიშნავს, რომ გზა, რომელიც „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ აირჩია, გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტებს საკუთარი პოზიცია საერთოდ არ გააჩნდეთ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებს „შიდა საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ პროცესებს არ აკონტროლებს. „ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ რა ხდება კერძო კომპანიაში“, - ასეთია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის კომენტარი:

„ეს მათი შიდა სამზარეულოა, მათი შიდა საქმე. როგორც მე არ შემიძლია ვიცოდე, რა ხდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, როგორ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას ნიკა გვარამია, ვის მოიწვევს თუ ვის გაუშვებს, ზუსტად იგივეა „მაესტროს“ შემთხვევაშიც. ხელისუფლება არანაირად ამ პროცესებს არ აკონტროლებს“.

თავად „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის თქმით, კითხვები „მაესტროს“ გუნდში მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ამჟამინდელი მრჩევლის, კოკა ყანდიაშვილის გადაცემამ გააჩინა, რომელიც „მაესტროს“ ეთერში უნდა გასულიყო. ეს ფაქტი, როგორც გადაბაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან შენიშნავს, მას არასოდეს უარუყვია, თუმცა ის ასევე ამბობს, რომ კოკა ყანდიაშვილის გადაცემას და მის მოსვლას ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არანაირი კავშირი არ ექნებოდა.

უკვე ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება მოლაპარაკება "მაესტროსთან" და სხვა არხებთან ჩემი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით. კერძოდ, "მაესტრო" დაინტერესებულია 2 ტელეპროდუქტით...
კოკა ყანდიაშვილი

"მაესტროს" იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც ტელეკომპანიაში სამუშაოდ დარჩნენ, გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად, მათ მიიღეს გარანტია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვება "ცხრიანი" ეთერში უცვლელ დროს გავა, ხოლო კოკა ყანდიაშვილის არხზე მოსვლა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის:

„იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაცემა მაინც გავა "მაესტროს" ეთერით, ის მომზადდება დამოუკიდებელ სტუდიაში, რომელსაც არხთან არანაირი შეხება არ ექნება. ორშაბათს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა და პრიორიტეტები დარჩება უცვლელი. ესაა პირობები, რომლის გამოც ამ ეტაპზე ჩვენ არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ".

კოკა ყანდიაშვილმა დაგროვილ კითხვებს პასუხი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გასცა:

„უკვე ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება მოლაპარაკება "მაესტროსთან" და სხვა არხებთან ჩემი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით. კერძოდ, "მაესტრო" დაინტერესებულია 2 ტელეპროდუქტით: რეალითი-შოუ ფეხბურთზე (ძალიან მაგარი იდეაა) და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში დავწერე ფეისბუკზე.მოლაპარაკებები არხებთან გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ასევე გიდასტურებთ, რომ არსად არ ვიწყებ მუშაობას, ისედაც მაქვს სამსახური, და თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ. გპირდებით, ყველას გაგაგებინებთ მომავალ წელს სტუდიის პრეზენტაციის თარიღს და ადგილსაც“.

რეორგანიზაცია, „იდეოლოგიზაცია“, რუსული კვალი - „მაესტროში“ განვითარებული მოვლენების მიმართ არაერთი შეფასება გაკეთდა. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ცუდია, როდესაც ჟურნალისტები რჩებიან სამსახურის გარეშე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა ის ასევე მიიჩნევს, რომ ეს გარდაუვალი იყო:

„მაესტრო“ არის დღევანდელი მედიაბაზრის შემადგენელი ნაწილი, აქ კი ჩვენ ვხედავთ, რომ დიდია პოლიტიკური კაპიტალის ნაკადი, რომელიც გაცილებით უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე რეალური სარეკლამო ბაზარი, რომელმაც მედიის მდგრადობა უნდა უზრუნველყოს. ეს დისბალანსი მედიაში სწორდება იმ კაპიტალის შედინებით, რომელიც იქ მიდის არა ინვესტიციის სახით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენის მოთხოვნით. ასეთი ფული კი შემდეგ ყოველთვის კარნახობს შინაარსს, რაც მე არ მიმაჩნია ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად“.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ბოლო დროს არაერთი ტელევიზია დადგა დახურვის ზღვარზე სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ მდგრადი, თვითკმარი ორგანიზაციები. ფული ამ ტელევიზიებში შედიოდა პოლიტიკური ინტერესების გავლით -პოლიტიკური ფული კი, რომელზეც ტელევიზია დგას, ხელს უშლის მედიასაშუალების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხს. ზვიად ქორიძის აზრით, სწორედ ამიტომ, ტელეკომპანიების მფლობელებმა საზოგადოებას პირდაპირ უნდა უთხრან,რად უღირთ და უნდათ არამომგებიანი ტელევზიების შენახვა: „ისევე როგორც ჩვენ არ ვიცით, რა ინტერესი ჰქონდა კოტე გოგელიას, რომელიც, ფაქტობრივად, ინახავდა ტელეკომპანია „მაესტროს“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG