ლვოვის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას, ხარკოვის მსგავსად, ტაქსის მძღოლისგან ვიღებთ, რომელსაც აეროპორტიდან სასტუმრომდე მივყავართ. უკრაინელ ტაქსის მძღოლებს საუბარი უყვართ, თუმცა მათი მოსაზრებები ქვეყნის განვითარების შესახებ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ხარკოველი მძღოლი საბჭოთა წარსულს მისტირის, ლენინისა და სხვა ბოლშევიკი ბელადების ძეგლების დემონტაჟს აპროტესტებს, დონბასში არსებულ კონფლიქტს დასავლეთისგან თავს მოხვეულად მიიჩნევს და ისევ რუსეთთან მეგობრობის მომხრეა. ლვოველი მძღოლი კი ქალაქის ისტორიით იწყებს, უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციაში ხედავს ქვეყნის გადარჩენის გზას, დეცენტრალიზაციას ემხრობა და ქალაქის თვითმმართველობისთვის მეტი უფლებების მინიჭებაზე ლაპარაკობს. ამ ორი ტაქსის მძღოლის მოსმენისას ცხადი ხდება, რამდენად პოლარიზებულია უკრაინა და რა დიდი განსხვავებაა მის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს შორის.
ლვოვი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ცენტრად არის მიჩნეული. იქ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომლის 90 პროცენტს უკრაინელები შეადგენენ. ქალაქის ისტორიული ცენტრი, სადაც ყველა კონფესიის ეკლესიაა თავმოყრილი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, რითაც ადგილობრივი მცხოვრებლები ძალიან ამაყობენ. ქალაქის მთავარი შემოსავლები სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული. ადგილობრივი ყავა, შოკოლადი, ლუდი და ტექნოლოგიური მიღწევები ლვოვის სავიზიტო ბარათია. ყირიმის ანექსიისა და დონბასში გაჩაღებული კონფლიქტის შემდეგ კი პროდუქტი, რომელიც ყველაზე უკეთ იყიდება, ქვეყნის მთავარი მტერი ვლადიმირ პუტინია. მის ფოტოებსა და ცნობილ წარწერებს აქ ყველგან ნახავთ. ლვოვი ახლა პუტინის მიერ ანექსირებული ყირიმიდან დევნილთა მიღება- დაბინავებით არის დაკავებული. ალიმ ალიევი საზოგადოებრივი ინიციატივა „ყირიმი-SOS“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს ორგანიზაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ყირიმის ანექსია განხორციელდა. ყირიმიდან ამ დროს 20 ათასზე მეტი დევნილი გამოვიდა. აქედან 12 ათასი ძირითადად კიევში, ლვოვსა და ხერსონში დაბინავდა. ორგანიზაციის წევრები ახლა დონბასიდან გამოსულ დევნილებს ეხმარებიან, ყირიმის განმათავისუფლებელ მოძრაობას ქმნიან და არმიას შველიან. ალიმ ალიევი ამბობს, რომ ყირიმში დარჩენილი თათრები რეპრესიების ქვეშ ცხოვრობენ, იქიდან გამოსული დევნილები კი მედიაორგანიზაციებს აფუძნებენ და ამ გზით ცდილობენ მათ ხმა მიაწვდინონ. ყირიმელები არ ივიწყებენ 1944 წლის მასობრივ რეპრესიებსა და დეპორტაციას და ახლაც იმ მოვლენებთან პარალელს ავლებენ.
ყოფილი დისიდენტი, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, უფლებადამცველი მიროსლავ მარინოვიჩი ამბობს, რომ ვიდრე რუსეთი კონფლიქტში მონაწილეობას არ აღიარებს, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მისი აზრით, რუსეთთან ძმობა უკვე გამორიცხულია. პუტინის აგრესიამ ბევრი უკრაინელი დააფიქრა და საერთო ეროვნული გაერთიანებისკენ უბიძგა.
ლვოვში დაიბადა გალიციური სეპარატიზმი. 1939 წლამდე ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკი, ტერნოპოლი და პოლონური კრაკოვი ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში გალიციას წარმოადგენდა. პუბლიცისტი, ორგანიზაცია „ევროპული გალიციის ასამბლეის“ წარმომადგენელი ვლადიმერ პავლივი ამბობს, რომ გალიცია აღმოსავლეთისგან ევროპული მეხსიერებით და სამოქალაქო საზოგადოებით განსხვავდება. მისი თქმით, თუ უკრაინა დასავლურ კურსს გადაუხვევს და რუსული სამყაროსკენ გაიწევს, გალიცია დამოუკიდებლად განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის კურსს.
ქართველი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების უკრაინული ვიზიტი ლვოვის მერ ანდრეი სადავოისთან შეხვედრით დასრულდა. სადავოი უკრაინის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის მომხრეა. მისი თქმით, ლვოვის ოლქში აკრეფილი გადასახადებიდან ადგილზე მხოლოდ 18 პროცენტი რჩება, დანარჩენი კი კიევს მიაქვს. მისი აზრით, ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უკეთესია ქალაქებსა და რეგიონებს მეტი უფლებები მიეცეთ. სადავოის საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზეც ვკითხე, რომლებიც ახლა უკრაინის მთავრობაში მუშაობენ. მისი აზრით, უკრაინას ახლა წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება ყველაზე მეტად სჭირდება.
8 დღის განმავლობაში უკრაინის ქალაქებში ქართველი და უკრაინელი ექსპერტების შეხვედრები მიმდინარეობდა. „კავკასიური სახლისა“ და „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიების დროს ანალიტიკოსები კონფლიქტებისა და რეფორმების მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ.