ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომამდე იყო შემთხვევები, როცა ინდიელებს მიწის სანაცვლოდ აფრიკიდან ჩამოყვანილ მონებს სთავაზობდნენ. ახალი ბატონების მოსამსახურეთა მიმართ დამოკიდებულება, როგორც წესი, რბილი და არაძალადობრივი გახლდათ, ხშირად აფრიკელები და ინდიელები ქორწინდებოდნენ კიდეც.
1921 წლის 31 მარტს ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში სწორედ ასეთ ოჯახში დაიბადა ლოუელ ფულსონი, ერთ-ერთი გამორჩეული ვოკალისტი და გიტარისტი ამერიკული ბლუზის ისტორიაში.
თვითნასწავლი გიტარისტი ლოუელ ფულსონი 17 წლის იყო, როცა ვინმე ტექსას ალექსანდერის მოხეტიალე ბენდს აეკიდა და კონცერტებით მოიარა მთელი შტატი, პროფესიული კარიერა კი 1946 წელს დაიწყო. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა, ბობ გედინზი გაიცნო, პირველი აფროამერიკელი ისტორიაში, რომელიც დამოუკიდებელ ხმის ჩამწერ სტუდიას ფლობდა. "Miss Katy Lee" და "Black Widow Spider Blues" - ასე ერქვა იმ ორ სიმღერას, რომელთა ჩაწერაზე გენიზმა დაიყოლია. ბლუზები არცთუ ურიგო გამოდგა, თუმცა, არასათანადო პროდიუსინგის პირობებში, ახალგაზრდა არტისტი შეუმჩნეველი დარჩა.
40-იანი წლების ბოლოს ლოუელ ფულსონმა ექსპერიმენტული ჯგუფი ჩამოაყალიბა და ბლუზის შესრულება სასულე საკრავების თანხლებით დაიწყო. საინტერესოა ისიც, რომ ბენდში ახალგაზრდა რეი ჩარლზიც ირიცხებოდა, რომელიც მოგვიანებით კოლექტივიდან წავიდა და ყველა მუსიკოსი თან გაიყოლა. მიუხედავად ამისა, ფულსონს ფარ-ხმალი არ დაუყრია და 1950 წელს თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა - ლეგენდარულ ბლუზმენ მემფის სლიმის ჰიტი "Nobody Loves Me" საკუთარ ყაიდაზე მოაქცია და სახელწოდებაც კი შეუცვალა. ასე შევიდა ბლუზური სტანდარტების ოქროს ფონდში სიმღერა "Everyday I Have The Blues". გამოცემიდან მოკლე ხანში სიმღერა ამერიკის რიტმენბლუზური ჰიტაღლუმის ხუთეულში მოხვდა.
1954 წელს ლოუელ ფულსონის საშემსრულებლო სტილისტიკითა და საკომპოზიტორო ნიჭით ცნობილი ჩიკაგური ლეიბლი "ჩეს რეკორდსი" დაინტერესდა. ძმები ჩესების გარემოცვაში გატარებული მომდევნო 10 წელი ყველაზე პროდუქტიულ ხანად ითვლება არტისტის შემოქმედებაში. მან "ჩეს რეკორდსის" სავიზიტო ბარათად ქცეულ ბგერაზე უარი თქვა და მსმენელს რბილი ჟღერადობის ბალადური სტილისტიკა შესთავაზა. ვოკალური მონაცემების წყალობით, თანაბარი წარმატებით ართმევდა თავს ლირიკულ ბლუზს, თავბრუდამხვევ ტვისტსა და ცეცხლოვან როკენროლს. დასანანი მხოლოდ ის გახლდათ, რომ გიტარა მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა და იმპროვიზირების დიდებული უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა არ ეძლეოდა.
60-იანი წლები ბოლოდან ლოუელ ფულსონი კომერციულ პროექტებსა და სოულ-ბალადების შესრულებაზე გადაერთო. დროთა განმავლობაში მისი პოპულარობაც შემცირდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა საკონცერტო თუ სტუდიურ მუშაობას. არტისტი ჟანრის პრესტიჟული პრემიის - უილიამ ჰენდის სახელობის ჯილდოს - მფლობელი გახდა, გარდაცვალების შემდეგ კი ის ბლუზის დიდების დარბაზის წევრად აღიარეს.