14:46
1.10.2012
ამ წუთებში საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში 154 ადამიანმა მისცა ხმა ეს არის დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 15 პროცენტი. დაახლოებით 12 საათისთვის საარჩევნო უბანზე რამდენიმე მიკროავტობუსით ორგანიზებულად მოიყვანეს ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული (სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანელები შეადგენენ). კომისიის წევრები მათ ეხმარებოდნენ და უთარგმნიდნენ ბიულეტენს, რაც კანონის დარღვევაა. რამდენიმე ქალს გავესაუბრე და მათ მითხრეს, რომ დავალებული აქვთ ხუთიანის შემოხაზვა. გარდა ამისა, მე ჩავატარა ტესტი, სამი წუთის განმავლობაში ვიბანდი ხელს და მარკირება სრულად მომშორდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ამომრჩეველს სხვადასხვა უბანზე შეუძლია რამდენჯერმე მისცეს ხმა. ასევე არის წვრილ-წვრილი დარღვევებიც თუმცა არა ასეთი მასშტაბური. ასევე ძალიან რთულია ჩვენთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, გავიგოთ თუ რას ლაპარაკობენ ერთმანეთში კომისიის წევრები. - იტყობინება ფრანაკ ვიაჩორკა (რადიო თავისუფლების ბელორუსიის ბიუროს ჟურნალისტი და საერთაშორისო დამკვირვებელი).
14:41
1.10.2012
ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ს ჟურნალისტი უბანზე ვიდეოკამერით არ შეუშვეს, რაც საარჩევნო კოდექსით არ არის აკრძალული. ჟურნალისტი მას შემდეგ შეუშვეს უბანზე, რაც მან ვიდეოკამერა და ტელეფონი დაცვის წევრს დაუტოვა. - იტყობინება თამარ ზანთარაია (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
14:38
1.10.2012
სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" წარმომადგენელი, ვლადიმერ ბოჯაძე აცხადებს, რომ გორის 32-ე საარჩევნო ოლქის ყველა უბანში ბიულეტენების და კონვერტების ნაკლებობაა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. - იტყობინება გოგა აფციაური (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
14:36
1.10.2012
თბილისში, საბურთალოს N68 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებლის თქმით, ამომრჩეველთა 25%-მა უკვე მისცა ხმა. - გვატყობინებს სოფო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).