23:30
27.10.2013
”ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ ევროპელები ვართ” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. ”ქართული ოცნების” ლიდერები და მთავრობის წევრები გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების ამსახველი ეგზიტ პოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეიკრიბნენ კოალიციის თბილისის ოფისში. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ”ნახეთ, რა მოხდა ერთი წლის განმავლობაში, როგორ გადალაგდა ეს ბრძენი ხალხი და განეწყო დიდი გამარჯვებისთვის”, - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, დიდი გამარჯვება იქნება ის, რომ 20 წლის განმავლობაში საქართველო ყველაზე წარმატებული ქვეყნების როგში ჩადგება. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, შემდეგი წელი იქნება ქვეყნის დამშვიდების წელი და საქართველო დიდი და ხანგრძლივი გამარჯვებისთვის მოემზადება. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს და მიიღებს კიდეც, რასაც საკუთარ გუნდთან ერთად საქმით დაამტკიცებს.
01:02
28.10.2013
ცსკ-ის წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 63,82 %-ით კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ეს მონაცემი საერთო ჯამში 3741 უბნიდან 440 უბნის შედეგებს ეფუძნება. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 21,28 %-ით, მესამზე კი 9, 51%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე. ამავე შედეგების მიხედვით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ხმების 2,47% აქვს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს კი - 1%. სხვა კანდიდატების შედეგები ჯერჯერობით 1%-ზე ნაკლებია.