20:21
27.10.2013
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, არჩევნების მიმდინარეობის შეფასება.
20:29
27.10.2013
კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში ხმების 60%-ზე მეტი მიიღო - ასეთია ტელეკომპანიების ”იმედის” და რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები. "იმედის" დაკვეთით კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, გიორგი მარგველაშვილი 68% -ით ლიდერობს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს ხმების 17,1 % აქვს და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს"კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს 9,9 %. ამავე ეგზიტ პოლის შედეგებით, ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს შალვა ნათელაშვილს ხმა ამომრჩეველთა 2,2%-მა მისცა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს კი - 1 %-მა. რუსთავი 2-ის დაკვეთით კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგებით, გიორგი მარგველაშვილი 66,7 %-ით ლიდერობს, დავით ბაქრაძეს ხმების 20,2 % აქვს და ნინო ბურჯანაძეს 7,5 %. ამავე გამოკითხვის შედეგებით, შალვა ნათელაშვილს ხმა მისცა 2,1%-მა, ხოლო გიორგი თარგამაძეს 1,1 %-მა.
21:15
27.10.2013
ეგზიტ პოლი და კვლევები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების კარგი შესაძლებლობაა - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ. მისივე შეფასებით, საქართველოში სოციოლოგია არ მუშაობს. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეგზიტ პოლის შედეგები არ აინტერესებს, რადგან იცის მოსახლეობის განწყობა და მისი, როგორც კანდიდატის დაახლოებითი შედეგები, რომლებსაც პარტიის პარალელური დათვლა აჩვენებს. ”ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას”, - განაცხადა ბურჯანაძემ და პარტიის დამკვირვებლებს მოუწოდა, არ დაუშვან უბნებზე შემაჯამებელი ოქმების გაყალბება.
21:19
27.10.2013
გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა დავით ბაქრაძემ. ეგზიტ პოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ცესკოს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე საერთო, ჯამური სურათი უკვე ნათელია. დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობას არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა. ”იმედია, ჩვენ ყველანი მოვიგებთ ამ არჩევნებით და ქვეყნისთვის დაიწყება ახალი ერა, როცა მთავრობა იმუშავებს, საქმეს გააკეთებს და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია მთავრობასთან ვიმუშავებთ, რათა ხალხმა უკეთ იცხოვროს”, - განაცხადა ბაქრაძემ. მან აღნიშნა, რომ როგორც ოპოზიციის ლიდერი მზად იქნება იმუშაოს ახალ პრეზიდენტთან და შესთავაზოს თანამშრომლობა ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნის უკეთესად ცხოვრებისთვის.