Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში საქართველოს მოთმინებისკენ მოუწოდებენ


ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი აცხადებს, რომ საქართველოში მოუთმენლობა შეინიშნება, თუმცა ქვეყანა სწორი მიმართულებით სვლას აგრძელებს. რუბინმა დასძინა, რომ საქართველოში პრო-რუსული სენტიმენტების გავლენა გასაკვირად სუსტია. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ეს კომენტარი ვაშინგტონში ბრუკინსის ინსტიტუტში ლევან მიქელაძის ფონდის მიერ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ ია მეურმიშვილთან საურისას გააკეთა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანების მომხრეა - იქნება ეს ნატო თუ ევროკავშირი. მათ დაგვანახეს, რომ მომავალი, რომელიც საკუთარი შვილებისთვის უნდათ, ამ არჩევანს უკავშირდება. ჩვენ ამას მტკიცედ ვუჭერთ მხარს ახლაც და წარსულშიც. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს მხოლოდ იმედით სავსე ხედვაა, არამედ ვფიქრობთ, რომ ეს სრულიად შესაძლებელი და პრაქტიკული მიზანია. ეს მარტივი გზა არ არის. საქართველოში გარკვეული მოუთმენლობა შეინიშნება, რაც ერთის მხრივ, გასაგებია, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს პროგრესი ყველა მიმართულებით. ამაში შედის არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და სამხედრო მიმართულება, არამედ ძლიერი ინსტიტურების აშენებაც. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც ამ ხედვას უჭერს მხარს ერთად უნდა გააგრძელოს მუშაობა.

„ჩემი აზრით, ერთი რამ ცხადია, რომ პრო-რუსული პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ მცირე მატება შეინიშნება. ამის ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ეკონომიკური ასპექტი იყოს. მეორე ნაწილი კი ნატოში გაწევრიანების გაჭიანურების გამო მოუთმენლობას უკავშირდება. მე ვიტყოდი, რომ შარშან საქართველომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის ეკონომიკურ შედეგებსაც საქართველო მალე ნახავს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლასაც. ეს ნელი პროცესია, მაგრამ პროგრესი უდავოდ არის. ეჭვი არ მეპარება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მოუთმენლობას იყენებენ და შეიძლება ქართველებს მოუწოდებენ, რომ დასავლეთის მიმართულებით არ იარონ... რომ საქართველო რუსეთთან, ტრადიციულ პარტნიორთან უნდა დარჩეს. მაგრამ ჩემი აზრით, გასაკვეირია ის, რომ რუსეთისკენ გადახრა ასეთი უმნიშვნელოა - ცვლილება ძალიან პატარაა.“

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში კურტ ვოლკერმა საქართველოს რთლი მდგომარეობა შეაფასა. მას მიაჩნია, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე საქართველოს მეტი ყურადღება და ფოკუსი სჭირდება:

„საქართველო რთულ მდგომარეობაშია. ერთ მხარეს არის აგრესიული რუსეთი, მეორე მხარეს კი დასავლეთი, რომელიც ცდილობს რუსეთთან კონფრონტაცია არ გააღრმავოს და დაძაბულობა მინიმუმამდე შეამციროს. ეს საქართველოს მდგომარეობას ურთულებს. საქართველოსთვის ძალიან მნიშნველოვანია საკუთარ მიზანზე ფოკუსი არ დაკარგოს. ამაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან კავშირების გაღრმავება შედის. საქართველო დასავლეთთან ურთიერთობის დროს რაც შეიძლება ერთიანი უნდა გამოჩნდეს.

"საქართველომ საკუთარი თავი უნდა მოამზადოს ნატოსთვის ყველა მიმართულებით - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის მიმართულებით. ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ როცა დასავლეთში, ნატოში, ევროკავშირში გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მიმართ უფრო ღია და მხარდამჭერი ნაბიჯები გადაიდგას, საქართველო ამისთვის მზად იქნება.“

ერიკ რუბინის მსგავსად, რადიო თავისუფლების ყოფილი დირექტორი ენდერს ვიმბუში საქართველოს მოთმინებისკენ მოუწოდებს და ქვეყნის წარმატების შესახებ პარტნიორების უფრო აქტიური ინფორმირების რეკომენდაციას აძლევს.

„საქართველო საკუთარ ამბავს კარგად არ ყვება. ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვაშინგტონში გაჟღერება იმის გამო, რომ ვაშინგტონი მსოფლიოსთვის მეგაფონია. ასეთ შეკრებებზე, სადაც ბევრი ჭკვიანი ადამიანი იკრიბება, რომლებიც საქართველოს კარგად იცნობენ, ხშირად მოისმენთ იმას, რომ საქართველოს მოთმინება სჭირდება. საბოლოო ჯამში, ეს პროცესები, როგორიცაა ნატოში, ევროკავშირში გაწევრიანება, დასრულდება, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება. მნიშვნელოვანია ქართველებმა გაითვალისწინონ ის, რომ დღეს ევროპა დაყოფილია და ევროპისთვის საქართველო პრიორიტეტი არ არის. საქართველომ ძლიერ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები უნდა გააღრმაოს. პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან, რაც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა იქნება.

XS
SM
MD
LG