გერმანელ მომღერალ კლაუს მაინეს, Scorpions-ის წევრს, 1988 წლის აპრილი არასოდეს დაავიწყდება.
მანამდე, ათი წლით ადრე, მან და მისმა მეგობრებმა, გერმანულმა როკ-ჯგუფ Scorpions-მა ამერიკა დაიპყრო. ახლა კი „გერმანული მეტალის“ შემსრულებლებმა თავიანთი „დეკადენტური“ ვესტერნ-როკი საბჭოთა კავშირის გულში ააჟღერეს.
და ხალხს იქ ეს ძალიან მოეწონა.
„მთლად გაგიჟდნენ“, ამბობს მაინე. ეს ბევრი რამით ბიტლომანიას მოგაგონებდათ“.
Scorpions-ი საბჭოთა კავშირში შეიჭრა სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გარდაქმნებით და დასავლეთთან დაწყებული „განმუხტვით“ იყო შთაგონებული.
თავიდან ასე იყო დაგეგმილი: ხუთი კონცერტი მოსკოვში უნდა გაემართათ და ხუთი ლენინგრადში (ახლა სანკტ-პეტერბურგი). მაგრამ გეგმა შეიცვალა და ათივე კონცერტი გაიმართა ლენინგრადში, რადგან საბჭოთა მმართველები შეშინდნენ, რომ ეს ხმამაღალი, ხრინწიანი როკერები საბჭოთა დედაქალაქში ქაოსს გამოიწვევდნენ.
რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქი გერმანელ მუსიკოსებს ხელგაშლილი შეეგება.
სპორტული არენა, სადაც კონცერტები იმართებოდა და რომელიც 15 ათას კაცს იტევდა, ყოველ საღამოს ივსებოდა. გამოსვლების შემდეგ, იხსენებს მაინე, მათ მეთვალყურეების - კა-გე-ბეს თანამშრომლების - დახმარება სჭირდებოდათ, რომ სასტუმროში შეეღწიათ, რადგან ფანები უცდიდნენ არენასთან, მანქანასთან, სასტუმროსთან.
ამ ვითარების გამო Scorpions-ის წევრებმა, რა თქმა უნდა, ქალაქი წესიერად ვერ დაათვალიერეს, მაგრამ შედგა კულტურული გაცვლის ერთი დაუვიწყარი აქტი.
„ერთ დღეს, მგონი, ადგილობრივმა ორგანიზატორმა თუ ვიღაც ეგეთმა წაგვიყვანა ამ იატაკქვეშა კლუბში“, ამბობს მაინე. ბენდს „წარმოდგენა არ ჰქონდა“, რა ელოდა. „მგონი, ერთ-ერთი უქმე დღე იყო, შუადღე, როცა იქ წაგვიყვანეს. ჩვენ მანქანით უნდა გავსულიყავით ჭიშკრის თუ თაღის გავლით დაშევსულიყავით რომელიღაც შიდა ეზოში“, იხსენებს მაინე. „მთავარ ქუჩაზე არ იყო, არ ჰქონდა წინა მხრიდან შესასვლელი... და გარედან ვერც მიხვდებოდით, რა იყო“.
როცა, ერთი შეხედვით, შეკრების უჩინარ ადგილას მივიდნენ, გაოცდნენ: სიცოცხლით სავსე როკ- კლუბში აღმოჩნდნენ, შუა ქალაქში, სადაც ბოლშევიკური რევოლუციის აკვანი დაირწა. „ძალიან ამაღელვებელი იყო ჩვენთვის იმის ნახვა და მოსმენა, თუ როგორ უკრავდნენ კლუბში რომელიღაც რუსული ჯგუფები“, ამბობს მაინე. „თან ძალიან პატარა დარბაზი იყო, სადღაც 150 ადამიანი იქნებოდა, ან შეიძლება, ნაკლებიც... ერთი ბეწო სცენა იყო. უკანა ფონზე, მგონი, ლენინის პორტრეტი იყო და დროშა - ნამგლით და უროთი... ძალიან „საბჭოთაკავშირული“ იყო“. როცა დაინახეს, რა ხდებოდა, და მოუსმინეს რამდენიმე ლენინგრადელ მუსიკოსს, როგორ უკრავდნენ, ცეკვავდნენ და როგორ იქცეოდნენ, Scorpions-ის მუსიკოსებიც „იშტაზე“ მოვიდნენ და სცენაზე ავიდნენ. „რა თქმა უნდა, გვინდოდა ავსულიყავით სცენაზე და პატარა მუსიკალური სეშენი გვქონოდა, დაგვეკრა ერთი-ორი სიმღერა და, უბრალოდ, ადგილობრივ სცენაზე მათთან ერთად ვყოფილიყავით“, ამბობს მაინე, რომელიც იხსენებს, რომ ისინი თავიანთ კლასიკურ ჰიტებს, Blackout-სა და The Zoo-ს უკრავდნენ იმ გადატენილ სივრცეში. „ერთი თუ ორი, ან, შეიძლება, სამი სიმღერა შევსრულეთ. სულ ეგ იყო. ყველანი გვერდიგვერდ იდგნენ ერთი ბეწო სცენაზე. მაგრამ ეს იყო შესანიშნავი რამ, სრულიად განსაკუთრებული“.
ეს „განსაკუთრებული“ მომენტი შედგა „ლენინგრადის როკ-კლუბში“, სწორედ იქ, სადაც ქალაქის მუსიკალური ცხოვრება ათწლეულების მანძილზე იფურჩქნებოდა და დუღდა.
იმ დროისთვის, როცა მაინე და მისი ბენდის წევრები სცენაზე გამოვიდნენ, 1988 წელს, ეს „ალტერნატიული“ ადგილი იქცა სინონიმად მშფოთვარე ცვლილებებისა, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა.
რამდენად ირონიულადაც უნდა ჟღერდეს, მიიჩნევა, რომ, საბოლოოდ, სწორედ კა-გე-ბეს ნებართვით დაარსდა ეს კლუბი, რომელიც 40 წლის წინ, 1981 წლის მარტში, გაიხსნა.
კლუბის დაარსებამდე ლენინგრადში იმართებოდა პატარა როკ-კონცერტები და ისიც ნახევრად არალეგალურად, ან ეწყობოდა, როგორც მუსიკალური სეშენები, კერძო ბინებში.
ამის მიუხედავად, ეს ერთი ბეწო, მაგრამ დაუმორჩილებელი მუსიკალური სცენა თანდათან გაიზარდა და იქცა კონტრკულტურად, რომელიც ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელი გახდა.
„არა-საბჭოური ცხოვრება“
„ახალგაზრდები ჭეშმარიტად თავისუფალი და „არა-საბჭოთა ცხოვრებით“ ცხოვრობდნენ“, ამბობს დმიტრი კონრადტი, ცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც, 1970 წლიდან მოყოლებული, ფოტოობიექტივით ხელში აღნუსხავდა ლენინგრადის იატაკქვეშა მუსიკალურ ცხოვრებას.
კონრადტი იხსენებს გარემოს, „რომელიც იზიდავდა, ზოგადად, შემოქმედებით ხალხს, არამხოლოდ მუსიკოსებს“. „მე ძლიერი განცდა მქონდა იმის, რომ რაღაც ძალიან რადიკალური იყო ამ „მოძრაობის“ ესთეტიკაში, ამიტომ ძალიან მინდოდა რამენაირად აღმენუსხა“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას იმეილით მიცემულ ინტერვიუში. „პიონერი“ პროდიუსერის, იური მოროზოვის, წყალობით, რომელიც შეთავსებით სახელმწიფო მუსიკალურ კონცერნ „მელოდიაში“ მუშაობდა ხმის ინჟინრად, ზოგიერთმა ამ მუსიკოსმა მოახერხა მაღალი ხარისხის იატაკქვეშა ჩანაწერების გაკეთება. ბევრი ჯგუფი, არაერთი ჰეპენინგი, რომლის ფოტოებიც კონრადტმა გადაიღო, როგორიცაა „აკვარიუმი“, „კინო“, „პოპ-მეხანიკა“, ამ შემოქმედებითი ხელოვანი ადამიანების მიერ შეიქმნა.
ისინი ხშირად განასახიერებდნენ „ტუსოვკის“ ფილოსოფიას - სლენგზე ეს ნიშნავს ლენინგრადის როკ-სცენის უსწორმასწორო, „არაფორმალურ სულს. ეს დამოკიდებულება არამხოლოდ ანათემა იყო საბჭოთა იდეის ერთგული ხალხისთვის - ამ მუსიკოსებმა მიიღეს ეს „საშიში“ დასავლური მუსიკა და რუსულ ტექსტებს დაადეს, რომელიც ხშირად შეიცავდა სოციალურ და პოლიტიკურ კომენტარებს, რაც ოფიციალურ დონეზე მრისხანებას იწვევდა.
მიუხედავად აკრძალვებისა, რომელიც მცირე შემოქმედებით ღონისძიებებსაც ეხებოდა, მუსიკალური სცენა ჯიუტად განაგრძობდა არსებობას და, ალბათ, ეს იყო, რამაც უბიძგა ხელისუფლებას აეწონ-დაეწონა და გადაედგა ერთობ უჩვეული ნაბიჯი - უფლება მიეცა ლენინგრადის როკ-კლუბისთვის გახსნილიყო, როგორც ოფიციალური თავშეყრის ადგილი. ამ პოტენციურად „მავნებელი“ არტისტებისა და მუსიკოსების გამოყვანით საცხოვრებელი ოთახებიდან უფრო საჯარო ფორუმზე, ხელისუფლებამ, შესაძლოა, ივარაუდა, რომ ასე უფრო ადვილი იქნებოდა მათთვის თვალყურის დევნება. მაგრამ, შედეგად, მათ უფრო მეტი მიიღეს, ვიდრე ვარაუდობდნენ".
„როცა როკ-კლუბი გაიხსნა, მუსიკოსებს, როგორც იქნა, მიეცათ საშუალება დაპატიმრების შიშის გარეშე დაეკრათ და მათ თაყვანისმცემლებსაც ახლა უკვე შეეძლოთ ეხილათ თავიანთი გმირების შესრულება“, ამბობს კონრადტი. „მალე როკ-კლუბში მოსვლის მსურველთა რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მას შეეძლო დაეტია“.
“სინამდვილეში, მაშინ ბევრს ეშინოდა, რომ ხელისუფლებამ წარმატებით დაამყარა კონტროლი თავისუფალი როკის მოძრაობაზე და რომ ეს მალე მის დაცემას განაპირობებდა. მაგრამ ერთი თუ ორი წლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს „მოძრაობა“ იზრდება“, თქვა კონრადტმა და დასძინა, „სულ უფრო და უფრო ძნელი გახდა მისი გაკონტროლებაო“.
ოფიციალური სახელმწიფო მედია ამას თითქოს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს „მოძრაობა“ ყველაზე უფრო
მნიშვნელოვანი და ყველაზე უფრო ამაღელვებელი რამ იყო, რაც კი ჩემს ქალაქში ხდებოდა“.
„ნედლი შეურყვნელობა“
დიდი ხანი არ დასჭირვებია იმას, რომ ლენინგრადის როკ-კლუბის ხმა საკმარისად გაძლიერებულიყო საიმისოდ, რომ ერთი ახალგაზრდა კალიფორნიელი ქალის წყალობით, გამოხმაურება მოჰყოლოდა სსრკ-ს საზღვრებს გარეთ.
ამერიკაში არცთუ დიდად წარმატებულ მუსიკალური კარიერის დროს აღებული შესვენებისას, დამწყები პოპ-მომღერალი ჯოანა სტინგრეი, დაემგზავრა თავის დას, რომელიც 1984 წელს სტუდენტური საგზურით ჩავიდა საბჭოთა კავშირში. მოსკოვში გატარებული “სამი მოსაწყენი დღის“ შემდეგ, რაც ოფიციალური მარშრუტის ნაწილს წარმოადგენდა, მან გადაწყვიტა ლენინგრადში ექსკურსიიდან გაპარულიყო და დაერეკა ნომერზე, რომელიც მას მეგობარმა მისცა. ამ მეგობრის უფროსი და რუს ემიგრანტზე იყო დაქორწინებული. ადამიანი, რომელსაც ის დაუკავშირდა, იყო ბორის გრებენშჩიკოვი, და მათმა შემდგომმა შეხვედრამ მისი ცხოვრების მიმართულება შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ სტინგრეიმ ერთი სიტყვაც არ იცოდა რუსულად, გრებენშჩიკოვმა, რომელიც უკვე შემდგარი ფიგურა იყო ლენინგრადის მუსიკალურ სცენაზე, როგორც „აკვარიუმის“ მამოძრავებელი ძალა, იცოდა როკ-ნ-როლის ენა. “როკერების უმეტესობამ რაღაც დონეზე იცოდა ინგლისური, იმიტომ რომ ყველა „Beatles“-ების გავლენის ქვეშ იყო“, -უთხრა მან რადიო თავისუფლებას იმეილით მიცემულ ინტერვიუში.
გრებენშჩიკოვის მეშვეობით სტინგრეი შეხვდა „გიჟი მეკობრეების ჯგუფს“, „აკვარიუმის“ წევრის, სერგეი კურიოხინის, ჩათვლით, რომელმაც, ამასთანავე, მოიფიქრა გავლენიანი „პოპ-მეხანიკას“ პერფორმანს-არტ-პროექტი, და „კინოს“ სოლისტს, ვიქტორ ცოის. მათ გააცნეს ადგილობრივი მუსიკალური სცენა, ისევე როგორც, როკ-კლუბი, სადაც ის შეხვდა ლენინგრადის სხვა ჯგუფებს, როგორიც იყო მაიკ ნაუმენკოს „ზოოპარკი“ და ღიად პოლიტიკური ჯგუფი „ტელევიზორი“.
მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთარი კარიერა დაკავშირებული იყო ლეგენდარულ ადგილებთან, როგორიცაა, მაგალითად, ნიუ-იორკის Club 54, ის, რაც სტინგრეიმ რუსეთში ნახა, არ ჰგავდა არაფერს, რაც მას ადრე ენახა.
როკი ლენინგრადში ისეთივე იყო, როგორიც ყველგან - ენერგიული და მძლავრი, მაგრამ ლენინგრადის „ანდერგრაუნდის“ როკს, ამას გარდა, ჰქონდა „ნედლი შეურყვნელობა“, თქვა მან. „ისინი ამას აკეთებდნენ, იმიტომ რომ, უბრალოდ, ამას თავიანთ თავში, შიგნით გრძნობდნენ. ისინი ამით ფულს ვერ შოულობდნენ და ეს სულაც არ ენაღვლებოდათ“.
სტინგრეი, რომელმაც ბოლო დროს დაწერა წიგნი თავისი მოგზაურობის შესახებ, ამბობს, რომ ის „მოინუსხა“ იმით, რაც ნახა ლენინგრადში და შეეცადა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა რუსეთში“ - ამიტომ რამდენიმე თვეში ერთხელ ჩადიოდა იქ ტურისტული ვიზით. ის მალე გახდა უჩვეულო, მაგრამ შესამჩნევი ფიგურა ადგილობრივ როკ-სცენაზე, სადაც შეხვდა თავის პირველ ქმარს, „კინოს“ გიტარისტს, იური კასპარიანს.
დროთა განმავლობაში, როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა უფრო ფართო აუდიტორიამდე მიეტანა ეს მუსიკა, რომელიც ლენინგრადს ასხივოსნებდა. „მსურდა, დამერწუნებინა ამერიკელები, რომ რკინის ფარდის უკან მაგარი რაღაც ხდებოდა, რაღაც ისეთი, რასთან იდენტიფიცირება ჩვენც შეგვეძლო“.
გრებენშჩიკოვის დახმარებით, მან შეადგინა საყოველთაოდ ცნობილი ფირფიტა Red Wave, რომელშიც შედიოდა ლენინგრადის ოთხი წამყვანი ანდერგრაუნდ ჯგუფი: „აკვარიუმი“, „კინო“, „ალისა“ და „სტრანნიე იგრი“ (უცნაური თამაშები).
გასაკვირი არ არის, რომ ეს რთული პროექტი იყო განსახორციელებლად, მაგრამ სტინგრეიმ რაღაცნაირად მოახერხა ამ ჩანაწერების მოპოვება, რომლებიც მან და ამ ჯგუფებმა ქვეყნის გარეთ გააკეთეს.
„მე საზრიანი გავხდი და რაღაცნაირად ვახერხებდი ჩემი ფეხსაცმლის ჩასაფენის ამოღებას და იქ სიმღერების ტექსტების დამალვას და მაგნიტოფონის ლენტს ჩემი ტყავის ქურთუკის უკანა ელვა-შესაკრავში ვტენიდი“, თქვა მან და დასძინა, რომ „პატარა დახმარება ლენინგრადში არსებული რამდენიმე უცხოური საკონსულოსგანაც მიიღო... რომელთაც ასევე ძალიან მოსწონდათ ეს ბენდები“.
არაპროფესიული ვიდეოკლიპებით გაკეთებულმა Red Wave-ის ალბომმა დასავლეთში აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა ის საბოლოოდ მცირე ლეიბლით გამოვიდა, რომელიც მზად იყო გაერისკა საბჭოთა კავშირის მხრიდან მოსალოდნელი რისხვა და თვალი დაეხუჭა ჩანაწერის საავტორო უფლებების საეჭვო სტატუსზე. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მხრივ ამ ალბომმა მსოფლიო არ შეარყია, მან მიიქცია რჩეული, მაგრამ გავლენიანი აუდიტორიის ყურადღება. დევიდ ბოუი დაუკავშირდა და თქვა, რომ „სურვილი ჰქონდა დახმარებოდა, როგორც შეეძლო“, მაგალითად, მუსიკოსებისთვის უკეთესი ხარისხის ინსტრუმენტები და აღჭურვილობა შეეძინა. სხვებმაც რომ შეიტყვეს ეს ამბავი, სხვა ცნობილი მუსიკოსებიც შეუერთდნენ მას კვალდაკვალ. „1986 წლიდან დასავლურმა ბენდებმა დაიწყეს რუსეთში ჩასვლა და დაკვრა“, ამბობს სტინგრეი, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც სამუდამოდ დაბრუნდა სახლში 1996-ში. UB40, ბილი ჯოელი, - ყველა ესენი შეხვდნენ ‘ბიჭებს’ და აღფრთოვანებული იყვნენ მათით. კრის კროსი „ულტრავოქსიდან“ შეხვდა ზოგიერთ მათგანს და სცენაზე ავიდა და დაუკრა „პოპ-მეხანიკას“ კონცერტზე“.
როგორც სტინგრეი ამბობს, „Red Wave-ის ფირფიტამ ისეთი საერთაშორისო ყურადღება მოიპოვა, რომ მას შეეძლო კარი გაეხსნა ამ ნიჭიერი ლენინგრადელი მუსიკოსებისთვის - უფრო ფართო აუდიტორია მოეპოვებინათ სამშობლოში“.
„ალბომ Red Wave-ის შემდეგ, რუსებს უნდოდათ სწრაფად ამოეყვანათ ზედაპირზე მთელი იატაკქვეშა როკი, რათა ეჩვენებინათ, რომ მე ეს გამოვიგონე, რომ ყველა ბენდი ოფიციალური იყო“, ამბობს ის. „80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ცნობილი ბენდები იშვიათად იყვნენ ლენინგრადში. ახლა უკვე მთელ რუსეთში და ევროპაშიც დადიოდნენ გასტროლებზე“.
როცა პოლიტიკური კლიმატი შერბილდა 1980-იანებში, თავაშვებულმა როკერებმა თავისუფლება მოიპოვეს.
ისინი ახმოვანებდნენ თავიანთი თაობის უკმაყოფილებას, რომელიც დუღდა, და მათი ხმა სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებდა. როცა ვიქტორ ცოიმ 1987 წელს საკულტო ფილმში „ასსა“ თავისი სიმღერა „Перемены“ იმღერა, მან ხალხი მთლიანად დაიპყრო და ის რეფორმებისთვის გამაერთიანებელ მოწოდებად იქცა.
იმ დროისთვის, როცა Scorpions-ის ისტორიული გამოსვლა შედგა, ლენინგრადის როკ-კლუბში ერთი წლის შემდეგ, ადგილობრივმა ანდერგრაუნდის სცენამ, ალბათ, უკვე პიკს მიაღწია, მაგრამ ეს ადგილი კვლავ მოიაზრებოდა, როგორც კულტურული დისიდენტობისა და შემოქმედებითი აქტივობის კერა.
„ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ამის ნახვა და ის, რომ ჩვენ ამის ნაწილი ვიყავით“, ამბობს მაინე თავისი ჯგუფის გამოსვლის შესახებ კლუბში და მას აღწერს როგორც „გიჟურ მომენტს...“. საოცარი იყო, მაყურებლები ამ ერთი ბეწო სცენის წინ როგორ გიჟდებოდნენ, როგორ მოსწონდათ ეს დასავლური როკ-მუსიკა“, ამბობს ის. „მაგარი იყო ამის ნახვა“. მაინემ და მისი ჯგუფის წევრებმა ასევე მოახერხეს „რაღაც სახის კომუნიკაცია“ დაემყარებინათ მუსიკოსებთან, რომლებსაც იქ შეხვდნენ. გიტარისტებმა რუდოლფ შენკერმა და მათიას იაბმა ბოუისაც კი მიბაძეს და ზოგ ადგილობრივ შემსრულებელს უკეთესი ხარისხის გიტარის სიმები მისცეს, რომლის შოვნაც ძნელი იყო საბჭოთა კავშირში იმ დროს. რუსეთში სხვა მუსიკოსებთან შეხვედრების შემდეგ მაინე დარწმუნდა, რომ რაღაც ხდებოდა. „ისინი არ იყვნენ მხოლოდ როკ-ენ-როლი და „ჰეი, ბეიბი, მოდი, ვიცეკვოთ და მაგარი დრო გავატაროთ“, ამბობს ის. „ისინი ბევრად უფრო პოლიტიზებულნი იყვნენ, ვიდრე ჩვენ. ჩვენ, უბრალოდ, როკ ბენდი ვიყავით დასავლეთიდან“.
კულტურული ძვრა, რომლის მოწმეც გახდა Scorpions-ი ლენინგრადში 1988-ში, სწრაფად კრეფდა სიჩქარეს. იმ დროისთვის, როცა ბენდი დაბრუნდა ლეგენდარულ მშვიდობის ფესტივალზე დასაკრავად მოსკოვში ერთი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირი უკვე სხვა იყო და „დეკადენტური“ როკ-ენ-როლი ახლა უკვე მტკიცედ იყო დამკვიდრებული კულტურულ მეინსტრიმში“.
„ამ ერთ წელიწადში ... ჩვენ დავინახეთ ცვლილებები“, ამბობს მაინე. „ცვლილების ქარი (მინიშნება მათი სიმღერაზე -Wind Of Change) სახეში გვიბერავდა. ეს საგრძნობი იყო“.
არსად არ ჩანდა ეს ისე თვალნათლივ, როგორც მოსკოვის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც Scorpions-ი შეუერთდა ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან ბონ ჯოვი და ოზი ოსბორნი, რომ დაეკრათ 100 000-ზე მეტი ადამიანის წინ. ეს იყო მოვლენა, რომელიც კვლავაც მოიაზრება, როგორც წყალგამყოფი მომენტი გვიანი „პერესტროიკის“ ეპოქაში, და თავად მაინეც აცნობიერებდა ამ მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობას, როცა ანდერგრაუნდ როკზე გაზრდილი მთელი თაობა ლენინგრადიდან და სხვა ადგილებიდან უცბათ გაერთიანდა, როგორც ერთი სხეული.
„ჩემთვის ყველაზე დიდი ცვლილება იყო ის, რომ ვხედავდით მთელ ხელისუფლებას სტადიონზე - მთელი დაცვა, წითელარმიელი ჯარისკაცები, სამხედროები იქ იყვნენ“, - ამბობს ის. „ჩვენ დავიწყეთ დაკვრა. ისინი შემობრუნდნენ. ფანების ნაწილი გახდნენ. ისინი ზეიმობდნენ როკ-ენ-როლს და ზეიმობდნენ ამ დასავლურ როკს ... ისევე, როგორც ფანები. ისინი ქუდებს და ქურთუკებს ისროდნენ ჰაერში, აუდიტორიის ნაწილად იყვნენ ქცეული. და ჩვენ გვქონდა განცდა, რომ მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლებოდა“.
გარდაქმნების შეთქმულება
მაინე იმდენად იყო შთაგონებული რუსეთის ამბებით, რომ მეორე მოგზაურობის შემდეგ ამ მოვლენებს მიუძღვნა სიმღერა Wind Of Change - ცვლილების ქარი.
ამ ბალადამ ისტორიაში თავისი მყარი ადგილი დაიკავა და შუა და აღმოსავლეთ ევროპაში უმნიშვნელოვანესი მოვლენების, თანმხლებ მოტივად იქცა შემდგომი წლების განმავლობაში.
იმ ჯგუფების გავლენით, რომლებიც ლენინგრადის როკ-კლუბში გამოდიოდნენ და 1989 წელს მაინემ იხილა, იმდენად ეიფორიული ატმოსფერო იქმნებოდა, რომ უკვე დიდი ხანია დადის ხმები, თითქოს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო საგენტო CIA-მ ითამაშა ამ ყველაფერში თავისი როლი.
გამოთქვამდნენ ვარაუდებს, რომ ვიქტორ ცოის CIA-მ დაუწერა სიმღერები კომუნისტური სისტემის დესტაბილიზაციის მიზნით, ამ შეთქმულების ჩარჩოებში.
სტინგრეი უარყოფს აზრს, რომ ცოის მსგავსი ტიპები შეიძლებოდა შეთქმულებაში ყოფილიყვნენ დასავლეთის სპეცსამსახურებთან საბჭოთა რეჟიმის დამხობის მიზნით.
მათი ვარაუდით, შეთქმულების ამ თეორიების წყაროა საბჭოთა ძველი თაობის „გვარდიის“ პროპაგანდა, რომ „როკ-მუსიკა დასავლეთის ძირგამომთხრელი დეკადენტური ბოროტება იყო“.
ამ შეთქმულების თეორიის ნაწილი გახდა მაინეც. ახლახან გამოქვეყნებული პოპულარული პოდკასტის იდეაა, რომ Wind Of Change-ი („გარდაქმნების ქარი“) ასევე ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შექმნა, როგორც რბილი ძალის რაკეტა, რომელიც საბჭოთა კავშირისკენ იყო მიმართული მის გასანადგურებლად.
მაინეს ეცინება ამაზე და ამბობს, რომ „ეს არის ყველაზე ველური შეთქმულების თეორია, რაც კი ოდესმე გაუგონია“.
„თუ ეს CIA-მ გააკეთა, არასათანადო დროს გააკეთა. ბევრად უკეთესი იქნებოდა“, ამბობს კლაუს მაინე, „ეს რომ გვემღერა მოსკოვის მშვიდობის ფესტივალზე მსმენელების უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე, როცა ნახევარი მსოფლიო თვალს ადევნებდა მას ტელევიზიით“.
მაინე აღფრთოვანებულია იმ აზრით, რომ ამდენი ხალხი ლაპარაკობს ჯერ კიდევ როკ-ენ-როლის უნარზე, მართლა გამოიწვიოს სოციალური ცვლილებები.
„ვიღაც მოდის თქვენთან და გეუბნებათ, თქვენი სიმღერა უბრალო პროპაგანდა იყო და მიზნად ისახავდა კომუნისტური სისტემისთვის ბოლოს მოღებასო და მე იმწუთში ვფიქრობ, რომ მუსიკას ეს შეუძლია, რომ ეს მხოლოდ მუსიკის ძალას ადასტურებს“.