26 სექტემბერს თბილისში შეიკრიბნენ ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველები. მათ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომლებიც მსოფლიო ფინანსურ სექტორშია, ასევე საქართველოშიც.
ეს შეხვედრა საგანგებოდ დაამთხვიეს ქართული ლარის 20 წლის იუბილეს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით სპეციალური მონეტაც მოიჭრა. დაგეგმილია კიდევ სხვა ღონისძიებებიც.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბანკების მმართველთა შეკრებაზე სასტუმრო „რედისონში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლართან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან ვალუტის გასამყარებლად სხვადასხვა სახის ჩარევა სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული:
„ჩვენი სავალუტო ინტერვენციები არის კიდევ ერთხელ გზავნილი ბაზრის მონაწილეებისათვის, რომ კურსი არის თავის მაქსიმალურ ნიშნულზე. ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და თუ მომავალშიც განხორციელდა ინტერვენციები ჩვენი მხრიდან, ისიც ამ ყველაფრის ნაწილი იქნება“.
რა ვითარება გვაქს ეკონომიკური კუთხით საქართველოში? რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში სიღარიბის დონე ქვეყანაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელი 11.6 პროცენტი იყო, 2007 წელს კი - 6.4 პროცენტი. რიცხვებში ეს ასე გამოიყურება: 2014 წელს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ შემწეობას 432 487 ადამიანი იღებდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა ამბობს, რომ ეს ციფრი სიღარიბის ზრდის მაჩვენებელი ვერ იქნება. უბრალოდ, 2007 წელს სოციალურად დაუცველთა დახმარების პროგრამა ბიუჯეტის მხრივ ძალზე შეზღუდული იყო, ახლა კი გაცილებით მეტ ადამიანს აფინანსებს. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული სიღარიბის გასაზომად სხვა მაჩვენებლებიცაა, რომლებსაც მეტ-ნაკლებად სტაბილურობა ახასიათებთ:
„ბუნებრივია, ჩვენ ვითვლით უმუშევრობის დონეს. უმუშევრობის პროცენტმა ბოლო წლებში მცირედ იკლო, მაგრამ ის ჯერ კიდევ 10 პროცენტზე მეტია. მეორე მხრივ, ჯერ კიდევ მაღალი პროცენტია სოფლის მეურნეობის სფეროში თვითდასაქმებულების და ამ სფეროში თვითდასაქმებული ხშირად ვერ იღებს ისეთ შემოსავალს, რომელიც ჩვენთან მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკა წინ მიდის. მისი ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრა TV“-ის ეთერით განაცხადა.
მან ასევე თქვა, რომ თავად შეამოწმა კომპანიები, სადაც ეს 60 ათასი ადამიანი მუშაობს.
თვითონ რეგულაციები - რა უნდა ხდებოდეს, რისი სტიმულირებაა საჭირო, პროტექციონალური პოლიტიკა როგორ უნდა გატარდეს და ადამიანები როგორ უნდა დასაქმდნენ... ამაზე სისტემური ხედვა ხელისუფლებას როდესაც არა აქვს, ის ასეთი კონტექსტიდან ამოგლეჯილი პროექტებით ცდილობს ფონს გავიდეს და, საბოლოოდ, „საპნის ბუშტების“ ამარა რჩება...გია ხუხაშვილი
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ ზუსტი ციფრების თქმა არ შეუძლია, მაგრამ მიმდინარე პროცესები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა ღარიბდება:
„თუნდაც დევალვაციის ფაქტორი ავიღოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა, დევალვაცია სამომხმარებლო კალათაზე პირდაპირ აისახება გაჭირვების თვალსაზრისით. ამ დროს არ ხდება ძირითადი სოციალური ჯგუფების შემოსავლების ინდექსაცია და, შესაბამისად, ვიღებთ გაღარიბების ტენდენციას. არც დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის მხრივ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია და სოციალურად დაუცველი ფენების შემოსავალიც არ იზრდება და ეს ყველაფერი ქმნის სურათს, როდესაც გაღარიბების ტენდენცია უფრო და უფრო მძაფრდება და, შესაბამისად, სოციალური რისკებიც იზრდება“.
რამდენად არის მოსახლეობის ფინანსურ კრიზისში უშუალოდ ხალხის ბრალეულობა? გია ხუხაშვილის თქმით, მოსახლეობა ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე. მათ შრომა უნდათ, მაგრამ სამუშაო ადგილები, უბრალოდ, არ არსებობს. გია ხუხაშვილს მაგალითად მოჰყავს ასევე ყურძნის შესყიდვის პროგრამა, რომელმაც, მისი თქმით, გლეხებს ცრუ მოლოდინი გაუჩინა და კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩააგდო:
„თვითონ რეგულაციები - რა უნდა ხდებოდეს, რისი სტიმულირებაა საჭირო, პროტექციონალური პოლიტიკა როგორ უნდა გატარდეს და ადამიანები როგორ უნდა დასაქმდნენ... ამაზე სისტემური ხედვა ხელისუფლებას როდესაც არა აქვს, ის ასეთი კონტექსტიდან ამოგლეჯილი პროექტებით ცდილობს ფონს გავიდეს და, საბოლოოდ, „საპნის ბუშტების“ ამარა რჩება“.
გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლების პროექტები კამპანიურ ხასიათს ატარებს და ამის გამო რეალურად ვერაფერს ცვლის.