ტიხრული მინანქარი ყველაზე დახვეწილი და რთული ტექნიკაა მინანქრის ხელოვნებაში. ხელოვნების ეს დარგი გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებში. საქართველოში აღმოჩენილი ყველაზე ძველი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. ქართული მინანქრის გარკვეული ეტაპი XV საუკუნეში სრულდება. XX საუკუნის 40-იან წლებში ტიხრული მინანქრისადმი ინტერესი ახლიდან გაჩნდა და დღემდე მომხმარებლის დიდ ინტერესს იწვევს.
თამარ ბენდელიანი სპეციალობით ფილოლოგია ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით. უნივერსიტეტში სწავლისას ტიხრული მინანქრით დაინტერესდა და მისი შესწავლაც დაიწყო, რამდენიმე თვის წინ კი მეუღლესთან, დავით კუკავასთან, ერთად შექმნა კომპანია Lafreeo, სადაც, მინანქრის გარდა, ოქროსა და ვერცხლზე მუშაობენ.
„ორთუბნის დედათა მონასტერში ყოფნის დროს დედაომ შეამჩნია ჩემი ინტერესი და სრულიად უანგაროდ მიმაბარა სასწავლებლად. მახსოვს, ლექციების დასრულების შემდეგ როგორ მივდიოდი სახელოსნოში. შემდეგ მოვხვდი ფოკანში, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. ამ პერიოდშივე ვცდილობდი როგორც დამოუკიდებელი იუველირი, ისე განვვითარებულიყავი. თავიდან მარტოს მუშაობა ძალიან გამიჭირდა, საბოლოოდ კი, მეუღლესთან ერთად გადავწყვიტე მეყიდა ხელსაწყოები საკუთარი ხარჯებით და დაგვეწყო ჩვენი საქმე“, ეუბნება თამარი რადიო თავისუფლებას.
კომპანია მინანქრის ნაკეთობებს, საქართველოს გარდა, აშშ-შიც ყიდის. Lafreeo მხოლოდ სამკაულებზე არ მუშაობს, რაც მომხმარებლის კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თამარი ამბობს, ახლა კომპანია მუშაობს ქართული ზღაპრების გაცოცხლებაზე მინანქარში. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას “წიფლისჩიტა” ზუსტად ისეთივე აღწერილობითაა გადატანილი, როგორც მოთხრობაშია, ასევე დისნეის ზღაპრის გმირები და მხატვრული ფილმების პერსონაჟები.
თამარს პროდუქტის ფასების შესახებაც ვკითხეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ:
„იმისთვის, რომ მომხმარებელმა გაგიცნოს, თავიდან დათმობებზე უნდა წახვიდე, მით უმეტეს მაშინ, როცა არც მარკეტინგი გვყავდა და არც წინასწარ განსაზღვრული გეგმა. იმისთვის, რომ დიალოგი შემდგარიყო ჩვენსა და მოხმარებელს შორის, ვაკეთებდით საჩუქრებს, რომელსაც ყველაზე აქტიურ მომხარებელს ვუგზავნიდით. ფასს რაც შეეხება, არის რაღაც ხაზი, რომელზეც ფასდაკლებას ვაკეთებთ, მაგრამ როდესაც ნაკეთობაში ძვირფასი თვალი და ოქროა გამოყენებული, იმას ის ფასი ადევს, რაც ბაზარზეა. ჩვენი ნაკეთობებით ძირითადად მშობლები ინტერესდებიან. ისიც ვიცი, რომ ჩვენს ნაკეთობებს ბავშვები ატარებენ. გვწერენ იმასაც, თუ როგორი ემოციით შეხვდნენ ბავშვები სამკაულს. რაც შეეხება იმ პროდუქტს, რომელსაც ამერიკაში ვაგზავნით, განსაკუთრებულ ტექნიკას მოითხოვს და ფასიც მაღალია“.
ბაზარზე კონკურენცია დიდია. თამარი ცდილობს, ტიხრული მინანქრის გარდა, ოქრომჭედლობის ხელობაც შეისწავლოს. კომპანიას ჰქონდა სურვილი, რომ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის მინანქარზე მუშაობა უანგაროდ ესწავლებინათ, მაგრამ სივრცისა და ხელსაწყოების უქონლობის გამო ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. არადა, ახალგაზრდებში ინტერესი დიდია.
Lafreeo-ს მიერ დამზადებული პროდუქტის უმეტესობა ექსკლუზიურია და მისი ანალოგი არ მზადდება,
„ჩვენი მიზანია მინანქარი იყოს მეტი შინაარსით დატვირთული. ვმუშაობთ ქართული ენისა და ქართველი მწერლების პოპულარიზაციაზე. ვცდილობთ გავაცოცხლოთ ქართული ორნამენტები“, გვეუბნება თამარი.