Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„შეხტა და ფეხი ჩაარტყა ქრისტის მუცელში, მე ცხვირში მირტყა მუშტი“ - Krab Coffee-ის მფლობელები თავდასხმის დეტალებს ჰყვებიან

„შეხტა და ფეხი ჩაარტყა ქრისტის მუცელში, მე ცხვირში მირტყა მუშტი“ - Krab Coffee-ის მფლობელები თავდასხმის დეტალებს ჰყვებიან


ქრისტი პირველსა და ბარბარე როკიტას უცნობი კაცი 5 მარტს დაესხა თავს
ქრისტი პირველსა და ბარბარე როკიტას უცნობი კაცი 5 მარტს დაესხა თავს

ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა Krab Coffee-ის მფლობელების, ქრისტი პირველისა და ბარბარე როკიტას გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ სამმართველოში.

5 მარტს, საღამოს, ახალგაზრდა ქალებს, უცნობმა კაცმა, სახლთან ახლოს ჯერ აგინა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ქრისტი პირველს, რომელსაც სახეში ურტყა კაცმა, კბილის იმპლანტის ჩასმა მოუწევს, მას დაბეჟილი აქვს ელენთაც.

გამოკითხვიდან გამოსული ბარბარე როკიტა კი პირდაპირ კლინიკაში წავიდა - ცხვირზე ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად.

პოლიციის განყოფილებიდან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად ქრისტი პირველი.

Krab Coffee-ის მფლობელები იხსენებენ, რომ კონფლიქტი შეურაცხყოფით დაიწყო და ცემაში გადაიზარდა.

ბარბარე როკიტა პოლიციის განყოფილებასთან, 6 მარტი, 2025 წელი
ბარბარე როკიტა პოლიციის განყოფილებასთან, 6 მარტი, 2025 წელი

„[დაგვიწყო] გინება და ყვირილი. მისგან დაახლოებით ათ მეტრში ვიდექით. მასთან ჯერ ქრისტი მივიდა, რომ ეთქვა, რატომ იგინებოდა, ამ დროს ის თითქოს შეხტა და ფეხი ჩაარტყა ქრისტის მუცელში. მეც მათკენ წავედი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოვასწარი. ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით რამდენჯერმე ჩამარტყა ცხვირში. აღარ მახსოვს, სამჯერ თუ ოთხჯერ. ვეღარ ვიხსენებ ზუსტად, იმდენად შოკირებული ვიყავი“, - ჰყვება ბარბარე როკიტა.

ქრისტი პირველი პოლიციის განყოფილებასთან, 6 მარტი, 2025 წელი
ქრისტი პირველი პოლიციის განყოფილებასთან, 6 მარტი, 2025 წელი

„ვიდეოკადრებიც ვნახეთ. ჩანს, სიტყვიერ შეურაცხყოფას რომ მაყენებს, მერე მე მივდივარ მისკენ, ის კი მირტყამს, მაგრამ შემდეგ მეც ვცემე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქრისტი პირველი.

დაზუსტებით ვერ ამბობს, მაგრამ ქრისტი პირველი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მათ მოხალისეობრივ საქმიანობასთან.

ახალგაზრდა ქალებმა პროევროპული აქციების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ნოემბერში, რუსთაველის გამზირზე კაფე გახსნეს. მალევე, მათი კაფე დემონსტრანტების დროებით თავშესაფრად იქცა. ისინი სხვა მოხალისეებთან ერთად, ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს:

„არ გამოვრიცხავ, რომ [თავდასხმა] შეიძლება დაგეგმილიც ყოფილიყო”, - ამბობს ქრისტი პირველი.

Krab Coffee-ის დამფუძნებლების გამოკითხვას ესწრებოდა პოლიციაში „საფარის“ იურისტი, გიორგი ჩხეიძე. ახალგაზრდა ქალებს ჯერჯერობით არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი, ადვოკატისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ და ამიტომ დეტალებზე ლაპარაკი უჭირს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქრისტი პირველი და ბარბარე როკიტა, ამ ეტაპზე, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ, თუმცა ელის, რომ გამოძიება მათ დაზარალებულის სტატუსს უახლოეს პერიოდში მიანიჭებს.

გიორგი ჩხეიძე, ადვოკატი, 6 მარტი, 2025 წელი
გიორგი ჩხეიძე, ადვოკატი, 6 მარტი, 2025 წელი

„ამის შემდეგ გვექნება წვდომა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალადობა მოხდა გოგონების საცხოვრებელ უბანში, ერთ-ერთ მარკეტთან, სადაც იმყოფებოდა ხალხი, ამიტომ ამ შემთხვევას არაერთი მოწმე ჰყავს“, - ამბობს გიორგი ჩხეიძე, რომლის თქმითაც, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ძალადობის მუხლითაა დაკავებული, სხვების მიმართაც აგრესიული იყო:

„როგორც ვიცი, ერთ-ერთ ქალთან ჰქონდა დაძაბული საუბარი. სიტუაციის განმუხტვის მიზნით მიუახლოვდნენ გოგოები, რომ დაემშვიდებინათ და ამას მოჰყვა ფიზიკური ძალადობა და მათ არაერთი დარტყმა მიაყენა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე“.

აქტივისტებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე, ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს ძალადობა მართლაც კავშირში იყოს ახალგაზრდა ქალების აქტიურობასთან, თუმცა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ამ მოტივზე საუბარი დაზუსტებით არ შეუძლია:

„ყველანი ვხედავთ, რა ხდება ქვეყანაში. მათ შორის მოხდა არაერთი ძალადობის ფაქტი აქტივისტების მიმართ. ეს გოგონებიც აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საპროტესტო აქციაში, მათ შორის, არათუ მონაწილეობენ, არამედ სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან. გამორიცხული არაფერია...“, - ეუბნება გიორგი ჩხეიძე რადიო თავისუფლებას.

მისი ინფორმაციით, დაკავებულ ახალგაზრდა კაცს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც დაინიშნება სასამართლო სხდომა, რომელზეც გადაწყდება, დატოვებენ თუ არა მას პატიმრობაში.

2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, არაერთი აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა ქუჩაში, საცხოვრებელ სახლებთან თუ უნივერსიტეტთან თავდასხმის მსხვერპლი. მათ შორის, რამდენიმეს მათგანს კლინიკაში გადაყვანა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, თავდამსხმელების იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელი იყო, რადგან ისინი არაერთმა კამერამ დააფიქსირა და ეს კადრები მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, არცერთი თავდამსხმელი, ამ დრომდე, დაკავებული არ არის, არცერთი საქმის გამოძიება არ დასრულებულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG