Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური პასპორტების გაცემა ჩერდება - იხსნება გამშვები პუნქტები


გამშვები პუნქტი ენგურის ხიდთან
გამშვები პუნქტი ენგურის ხიდთან
დღეს საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2 საფეხმავლო გამშვები პუნქტი გაიხსნა. ოტობაია-ორსანტიისა და ნაბაკევი-ხურჩის მიმდებარედ გამშვები პუნქტის გახსნას კარგა ხანია ელიან გალის რაიონის საქართველოს მოქალაქეებიც. გამშვები პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, გალის რაიონის მოსახლეობამ უნდა წარმოადგინოს ან ე.წ. აფხაზური პასპორტი, ან აფხაზური მხარის მიერ გაცემული ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ან 1992 წლამდე გაცემული საბჭოთა პასპორტი. ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის მიერ გასულ კვირაში ჩამოყალიბებული სპეციალური კომისია პასპორტიზაციის პროცესის კანონიერებას სწავლობს და რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესს აჩერებს. როგორ აფასებენ თბილისში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ამ გადაწყეტილებებს?

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან გამშვებ პუნქტს ხსნის, მეორე მხრივ კი, გალსა და ტყვარჩელის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესს აჩერებს.

ოტობაიის მკვიდრი ნანული თავად შეესწრო საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საფეხმავლო გამშვები პუნქტის გახსნას, რასაც დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და გალის ადმინისტრაციის უფროსიც ესწრებოდნენ. მისი სიტყვებით, გამშვები პუნქტის გახსნიდან ერთ საათში ხალხმა მისით სარგებლობაც დაიწყო:

”გადავიდნენ, ვისაც აფხაზური პასპორტი ჰქონდა. აგერ, ფანჯრიდან ვხედავ. სულ ჩვენს თვალწინაა. გადადის ხალხი”.

ნანული ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აუხსნეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასასვლელად რა დოკუმენტები დასჭირდებოდათ - მათ შორისა ე.წ. აფხაზური პასპორტი - და უსაყვედურეს კიდეც, რატომ არ აქვთ აქამდე აღებული აფხაზური მხარის მიერ გაცემული დოკუმენტები:

”მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს აღებული პასპორტი, რადგან მისი აღება პრობლემებთანაა დაკავშირებული, დროში იწელება, მერე ხშირად იკარგება საბუთები და არ აქვს სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს. და რატომ აქამდე არ მოაგვარეთო, ანუ უპასპორტოდ არავის გაატარებენ და პასპორტის აღება ჩვეულებრივ გრძელდება, ასე მგონია მე”.
მსოფლიოში ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვინც 10 ათასი დევნილი დავაბრუნეთ გალის რაიონში. ჩვენ ასევე მოვახერხეთ და მივეცით სხვა სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აეღოთ ათასობით ჩვენი პასპორტი. როგორც ჩანს, სხვა ქვეყნების გამოცდილება და მაგალითი ჩვენ არაფერს გვასწავლის...
სტანისლავ ლაკობა

ნანულის სიტყვებით, გალსა და ტყვარჩელის რაიონში მცხოვრები ქართველების უმეტესობას აფხაზური პასპორტი ყოფითი საჭიროებებისთვის ადგებოდათ, მათ შორის - პენსიის ასაღებად. ახლა პროცესი გართულებულია, თუმცა მისი გაცემის შეფერხების შესახებ არაფერი იცის.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, გასულ კვირაში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა სპეციალურ კომისიას პასპორტიზაციის პროცესის შეჩერება დაავალა, მისი კანონიერების შესწავლის მოტივით. 13 მაისს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობაც მიიწვიეს შეხვედრაზე. სტანისლავ ლაკობას სიტყვებით, გალისა და ტყვარჩელის რაიონების მოსახლეობას ძირითადად ეთნიკური ქართველები შეადგენენ, რომელთაც უკვე აქვთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი და, შესაბამისად, აფხაზური კანონმდებლობა მათზე აფხაზური პასპორტების გაცემას აღარ ითვალისწინებს:

”გარდა იმისა, რომ ომის დამთავრებამდე ჩვენ მოვაწერეთ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი, მსოფლიოში ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვინც 10 ათასი დევნილი დავაბრუნეთ გალის რაიონში. ჩვენ ასევე მოვახერხეთ და მივეცით სხვა სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აეღოთ ათასობით ჩვენი პასპორტი. როგორც ჩანს, სხვა ქვეყნების გამოცდილება და მაგალითი ჩვენ არაფერს გვასწავლის. საკმარისია ვთქვათ, რომ საქართველოსთან საზღვარზე დღემდე არ გვაქვს მიგრაციის სამსახური. და ეს ხომ სახელმწიფო საზღავარია? გალის რაიონის ძველ საზღვრებში მცხოვრები ყველა პირი საქართველოს მოქალაქეა, რომლებისთვისაც ჩვენ ორმაგი მოქალაქეობა გათვალისწინებული არ გვაქვს. აღმოსავლეთ აფხაზეთის ბევრი მცხოვრები საქართველოში დევნილადაა ჩაწერილი, იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, სარგებლობს იქ უფასო სამედიცინო მომსახურებით და ა.შ. მეტიც, აფხაზეთი ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში იმყოფება საქართველოსთან, რომელთანაც ხელმოწერილი არ არის შეთანხმება ომის არგანახლების შესახებ”.
ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სიტყვა - ნეიტრალური - ამოქმედებულიყო და აეღოთ ეს პასპორტები და, სხვათა შორის, როგორც ქართულ პასპორტებზე, ასევე ნეიტრალურზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო...
შოთა მალაშხია

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები აყენებენ საკითხს, თუ რატომ ხდება გამარტივებული წესით პასპორტების გაცემა ადგილებზე, პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო კომისის გვერდის ავლით და, ამასთან, პასპორტის მიღების მსურველთა სიაში რატომ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც რეპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად არ ცხოვრობენ. აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას განცხადებით, 2013 წლის თებერვლის მონაცემებით, გალისა და ტყვარჩელის რაიონების ეთნიკურ ქართველებზე სულ 22 724 პასპორტი გაიცა. მისი სიტყვებით, გარდ იმისა, რომ ეთნიკური ქართველებისთვის, რომელთაც საქართველოს პასპორტებიც აქვთ, აფხაზური პასპორტების გაცემა კანონდარღვევაა, მათთვის ამ რაოდენობის პასპორტების დარიგება აფხაზეთს დემოგრაფიული თანაფარდობის მხრივ უქმნის პრობლემებს. ამ აზრს იზიარებს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი ასლან კობახიაც:

”თუ ადრე საქართველოს ხელისუფლება იმუქრებოდა, რომ ვინც აფხაზურ პასპორტს აიღებდა, დაკარგავდა გარკვეულ სარგებელს, ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევენ პირდაპირ ბრძანებას, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ეს პასპორტები აიღონ და შედეგიც სახეზეა: გაცემულია 25 ათასი პასპორტი და ღრმად ვარ დარწმუნებული, მათი 99,9 % საქართველოს მოქალაქეა”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, წინა მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში ყოფილი ხელისუფლება აუცილებლად ჩართავდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მისივე სიტყვებით, წინა ხელისუფლების პირობებში გალისა და ტყვარჩელის რაიონების მოსახლეობის მიმართ არც იმის მითითება იყო, რომ აფხაზური პასპორტები აეღოთ და არც იმისა, რომ არ აეღოთ. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მოსახლეობისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, აეხსნათ, რომ მთავარია შეინარჩუნონ სიცოცხლე და განვითარების უნარი. შოთა მალაშხიას სიტყვებით, წინა ხელისუფლება, განსხვავებით ახლანდელისაგან, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის - ინტერესების გამტარებელია, უპირატესობას ნეიტრალურ პასპორტებს ანიჭებდა:

”ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სიტყვა - ნეიტრალური - ამოქმედებულიყო და აეღოთ ეს პასპორტები და, სხვათა შორის, როგორც ქართულ პასპორტებზე, ასევე ნეიტრალურზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო”.
იქ მტკივნეულად ეკიდებიან დემოგრაფიულ სიტუაციას. ამდენად, მათთვის, ასე ვთქვათ, შოკის მომგვრელი იყო ის, რომ ამდენმა ქართველმა აიღო აფხაზეთის მოქალაქეობის პასპორტი და ამას ისინი სიფრთხილით ეკიდებიან...
ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე რეაგირებას, მით უფრო, უარყოფითი შეფასების გაკეთებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რადგან ამ გადაწყვეტილებას ქმედითი ეფექტი არა აქვს.

ყოლბაიას სიტყვებით, პრობლემა აფხაზეთში ორი საკითხის გამო შეიქმნა. ერთი, რომ პასპორტების გაცემის პროცედურა გარკვეულ კორუფციულ გარიგებებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც მათ გადაწყვიტეს მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ და, მეორეც, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველებზე გაცემულ 22 ათას პასპორტში საფრთხე დაინახა:

”იქ მტკივნეულად ეკიდებიან დემოგრაფიულ სიტუაციას. ამდენად, მათთვის, ასე ვთქვათ, შოკის მომგვრელი იყო ის, რომ ამდენმა ქართველმა აიღო აფხაზეთის მოქალაქეობის პასპორტი და ამას ისინი სიფრთხილით ეკიდებიან. ჩვენ უნდა მოვეკიდოთ გაგებით, რომ მათ ასეთი რეაქცია აქვთ. ასეთი რეაქციები რომ არ ჰქონოდათ, კონფლიქტის მოგვარების სხვა პროცესი გვექნებოდა”.

ვახტანგ ყოლბაიას სიტყვებით, აფხაზური მხარის მიერ პასპორტიზაციის პროცესის შეჩერების შეფასებისას ქართული მხრიდან მეტი პრაგმატიზმია საჭირო. შესაძლოა, პრაგმატიზმის ან სხვა მოსაზრების გამოა, მაგრამ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი კი პასპორტიზაციის კანონიერების შემსწავლელი კომისიის დასკვნას 1 აგვისტოს ელოდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG