Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარი ”საბაში” - დაუდევრობა თუ ტექნიკური გაუმართაობა?


სავაჭრო ცენტრი ”საბა” ხანძრის შემდეგ
სავაჭრო ცენტრი ”საბა” ხანძრის შემდეგ
26 თებერვალს ღამით სავაჭრო ცენტრ ”საბაში” გაჩენილმა ხანძარმა 6000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია გაანადგურა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. სავაჭრო ცენტრის მეპატრონე ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავს. ის ვარაუდობს, რომ ხანძარი ხელოვნურად იქნა გამოწვეული. დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი დიდი ნაწილი კრედიტით აღებული თანხის საშუალებით ვაჭრობდა. თბილისის მერმა დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა.

ჯული აბრალავას ორი წელია სავაჭრო ცენტრ ”საბაში” ავეჯის მაღაზია აქვს. სავაჭრო ცენტრში 26 თებერვალს გაჩენილმა ხანძარმა მისი მაღაზია მთლიანად გადაწვა. ამბობს, რომ გაუნადგურდა 10 000 დოლარის საქონელი, რომლის ნაწილიც კრედიტით ჰქონდა შეძენილი:

“საშინელება არის. არაფერი აღარ დაგვრჩა. ზოგს კრედიტები ჰქონდა გამოტანილი, ზოგს ბანკის ვალი ჰქონდა და ამას ეს უბედურებაც დაემატა. საშინელება დაგვემართა”.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხანძარი ხელოვნურად უნდა იყოს გამოწვეული. სხვა ეჭვი არ გვაქვს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება და ისინი დაადგენენ, თუ რა მოხდა...
პაატა კაჭარავა


ხანძარი სავაჭრო ცენტრ ”საბაში” 26 თებერვალს, საღამოს 9 საათისთვის გაჩნდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი, რომელმაც 35 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული სავაჭრო ცენტრის 6000 კვადრატული მეტრი ფართობი მთლიანად გაანადგურა, დაიწვა 100-მდე მაღაზია და დაზარალდა 200-ზე მეტი მოვაჭრე. სავაჭრო ცენტრ ”საბას” მეპატრონე პაატა კაჭარავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამორიცხავს რაიმე ტიპის ტექნიკურ გაუმართაობას, რასაც შეიძლებოდა ხანძარი გამოეწვია. მისი თქმით, გამორიცხულია ხანძრის მიზეზი ყოფილიყო მოკლე ჩართვა, რადგან 7 საათისათვის, როდესაც სავაჭრო ცენტრი იკეტება, ცენტრის ტერიტორიაზე პარალელურად ითიშება ელექტროენერგიაც.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხანძარი ხელოვნურად უნდა იყოს გამოწვეული. სხვა ეჭვი არ გვაქვს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება და ისინი დაადგენენ, თუ რა მოხდა“, - ამბობს პაატა კაჭარავა.
სავაჭრო ცენტრი ”საბა” ხანძრის შემდეგ
სავაჭრო ცენტრი ”საბა” ხანძრის შემდეგ

შესაძლო დაუდევრობას აბრალებს სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს მოვაჭრე თამაზ ნინიკაშვილი. მას, შეიძლება ითქვას, გაუმართლა. ძლიერი ხანძარი, რომელმაც ცენტრის 6348 კვადრატული მეტრი ფართობი გადაწვა, მეხანძრეებმა სწორედ მის მაღაზიასთან ჩააქრეს. ახლა ის სველ ავეჯს მაღაზიიდან ეზოში ეზიდება. ეზოში ეზიდებიან ავეჯს ცეცხლს გადარჩენილი მაღაზიების სხვა მეპატრონეებიც:

„ყველანი წასულები ვიყავით. 7 საათზე აქ შუქი ითიშება. ხანძარს შუქს ვერ დავაბრალებთ. ვერც ადმინისტრაციას დავაბრალებთ. ეს ხანძარი ისევ ვიღაც ჩვენგანისგან არის გაჩენილი. ყველაფერი ჩვენი დაუდევრობით მოხდა“, - მიაჩნია თამაზ ნინიკაშვილს.

სავაჭრო ცენტრის პეპატრონე პაატა კაჭარავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, წინასწარი გამოთვლებით, ზარალის ოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონი ლარი იქნება. მისი თქმით, უახლოეს საათებში შეიქმნება სპეციალური კომისია,
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპენსაცია გამოვყოთ. მთავარია, რომ იურიდიულადაც გავერკვიოთ და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოგეხმაროთ, რომ ისე არ დარჩეთ...
გიგი უგულავა

სადაც თავად დაზარალებული მოვაჭრეებიც გაერთიანდებიან და ზიანის ზუსტი ოდენობა აღირიცხება:

„დადგინდება დაზარალებული ხალხის რაოდენობა. დადგინდება რა სახის ავეჯი დაეწვათ, რა ფასეულობის; ვის რა კრედიტი ჰქონდა აღებული. უმეტესობას აქ სესხი აქვს აღებული და სესხით მუშობენ და მათ სერიოზული დახმარება სჭირდებათ. რაც მთავარია, ის არის, რომ პირველ ეტაპზე ვაძლევთ მათ უფასო ფართს და თუ საწყობებში გადაურჩათ ავეჯი, შეუძლიათ ეს ავეჯი იქ განათავსონ“, - ამბობს პაატა კაჭარავა.

დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა ქალაქის მერი გიგი უგულავა. როგორც მან მოვაჭრეებთან შეხვედრაზე განაცხადა, შესაძლოა თბილისის მერიამ დაზარალებულებისათვის კომპენსაცია გამოყოს:

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპენსაცია გამოვყოთ. მთავარია, რომ იურიდიულადაც გავერკვიოთ და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოგეხმაროთ, რომ ისე არ დარჩეთ...”
სავაჭრო ცენტრი ”საბა” ხანძრის შემდეგ
სავაჭრო ცენტრი ”საბა” ხანძრის შემდეგ

სავაჭრო ცენტრ ”საბაში” ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშობენ. როგორც ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, დამწვარი ფართობი საკმაოდ დიდია და ამიტომ მუშაობის პროცესი, სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება. შემთხვევის ადგილზე 27 თებერვლის დილიდან მუშაობას აგრძელებდნენ მეხანძრეებიც. ლევან კასრაძე, მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი, გვეუბნება, რომ მიმდინარეობს აღმოჩენილი კერების ლიკვიდაცია. მისივე თქმით, ხანძარი, რომელიც სავაჭრო ცენტრ ”საბაში” გაჩნდა, მეხანძრეებისათვის რთული ჩასაქრობი აღმოჩნდა. ისინი ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ:

„ძირითადად იწვოდა ავეჯი, ხის მასალა, ცეცხლს სწრაფი გავრცელების საშუალება ჰქონდა, მაგრამ ყველანაირად ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად უვნებლად შეგვენარჩუნებინა ის ტერიტორია, რომელსაც ცეცხლი არ ეკიდა“, - ამბობს ლევან კასრაძე.
XS
SM
MD
LG