Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო რთულ პოზიციაშია“-კენეტ იალოვიცი


„ამერიკის ხმა“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, რომელიც საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩთან ინტერვიუსთვის სულ 20 წუთი გვქონდა. კენეტ იალოვიცს ამჯერად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ლექციაზე ეჩქარებოდა. დღეს ჩემს ხუთ სტუდენტს დიპლომატთა მოლაპარაკების სიმულაციას ვუტარებო. ერთი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია, მეორე ამერიკის, დანარჩენები კი - რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის. თემა ასეთი შევურჩიე: საქართველოში და აზერბაიჯანში შექმნილი ახალი დაძაბულობის კერები. გეცოდინება, რა რთულია სტუდენტებთან მუშაობაო. ასე ჰგონიათ, რომ ყოველთვის არსებობს ზუსტი პასუხი, სწორი და სწრაფი რეაგირება, რაც პრობლემას უთუოდ გადაჭრის...

როგორ გგონიათ, შეიცვლება თუ არა ამერიკის პოლიტიკა უკრაინის, ან საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელთა გამარჯვების შემდეგ?

ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. აშკარაა, რომ კონგრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, ჩვენს სისტემაში საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებას თეთრი სახლი განსაზღვრავს და შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული სენტისგან მეტი ზეწოლა იქნება უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე და სავარაუდოდ, ეკონომიკური დახმარების გაზრდაზეც. თუმცა, არ ველოდები საგარეო პოლიტიკის 180-გრადუსიან შემოტრიალებას. ძალიან მეეჭვება, რომ ამერიკა უკრაინას ჯარებით დაეხმაროს, უკრაინა ხომ ნატოს წევრი ქვეყანა არ არის. უელსის სამიტზე გადაწყვეტილება უმთავრესად ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად და მათი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად იქნა მიღებული, მათ შორის - ბალტიისპირეთის, პოლონეთის და სხვების. ეს, რაც შეეხება ნატოს.

შეერთებულ შტატებში კი განიხილება საკითხი, დავეხმაროთ თუ არა უკრაინას თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებით. ჯერჯერობით ადმინისტრაცია თავს იკავებს, რადგან რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება არ სურთ და არ უნდათ, რომ დაძაბულობა რუსეთს და ამერიკას შორის კონფლიქტში გადაიზარდოს. როგორც უკვე ვთქვი, მთავარი განსხვავება იანვრიდან იქნება ის, რომ რესპუბლიკელები თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების მხრივ ზეწოლას გააძლიერებენ.

რამდენად საშიშია საქართველოსთვის რუსეთს და დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას შორის დაგეგმილი ხელშეკრულება და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას სხვა გაყინულ კონფლიქტებზე?

ძალიან შეშფოთებული ვარ და დიახ, ეს გავლენას მოახდენს რეგიონზე. ვიცი, რომ თბილისში ამასთან დაკავშირებით დემონსტრაციები გაიმართა. კითხვები სოხუმსაც გაუჩნდა და ვფიქრობ, რომ არც ისინი არიან ამით ბოლომდე კმაყოფილი. იქიდან გამომდინარე, რაც ამ ხელშეკრულებაზე ვიცი, მისი შესრულების შემთხვევაში რუსეთი დეფაქტო აფხაზეთს მიიერთებს. ეს საქართველოსგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თანდათან ჩამოცილების პროცესის მომდევნო ეტაპია. პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, რუსული პასპორტების დარიგებით, სავაჭრო შეღავათებით, ომით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რომელსაც რუსეთის გარდა, სულ ორიოდ ქვეყანა სცნობს. ხელშეკრულების ხელმოწერა ფაქტიურად საქართველოს ამ ნაწილების მიერთებას ნიშნავს. გვაქვს 2008 წლის ომის პრეცედენტიც, როცა რუსეთმა საზღვრების შეცვლა დაიწყო და სუვერენულ საქართველოს ტერიტორიები ჩამოაჭრა. უახლესი ისტორიის მანძილზე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დაიკარგა.

შემდეგ ანალოგიური რამ მოხდა უკრაინაშიც. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა დაუფარავად, ძალის გამოყენებით ყირიმის ანექსია განახორციელა. ამგვარი რამ ჯერჯერობით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში არ მომხდარა. ახლა მთავარია ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის აღმოსავლეთ პროვინციებში - ლუგანსკში და დონეცკში, სადაც სეპარატისტული ძალები აქტიურობენ. რამდენად სურს რუსეთს მათი დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე როგორც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში? რუსეთი აგრძელებს ნაჭერ-ნაჭერ უკრაინის სუვერენიტეტის და მისი გავლენის რადიუსის შეზღუდვას. რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია, რომელიც მთლიანად უგულვებელყოფს ევროპის ცივი ომის შემდგომი პერიოდის უსაფრთხოების მთელ სტრუქტურას, რაც საზღვრების, სუვერენიტეტების, ტერიტორიული მთლიანობის, თუ ძალის არგამოყენების პრინციპების პატივისცემაში გამოიხატებოდა.

ამ ყველაფერს რუსეთი დათანხმდა, როცა 1994 წელს ხელი მოაწერა მემორანდუმს შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და უკრაინასთან ერთად და რის საფუძველზეც საბჭოთა ატომური იარაღი რუსეთის მფლობელობაში გადავიდა. ეს იყო მტკიცე საერთაშორისო ვალდებულება, რომელზე პასუხისმგებლობაც რუსეთმა თავის თავზე აიღო და შემდეგ ერთი ხელის მოსმით დაარღვია. ეს ახალი რეალობაა, სადაც მთავარი გამოწვევა რუსეთთან ერთად ევროპაში ახალი უსაფრთხოების სისტემის შემუშავება იქნება, რომელშიც ამ პრინციპების აღიარება მოხდება. იქიდან გამომდინარე, თუ რა პოზიციზე დგას დღეს მისტერ პუტინი, ეს იოლი საქმე არ უნდა იყოს.

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თბილისის ერთგვარი „შერბილებული“ პოლიტიკა მოსკოვის მიმართ?

საქართველო რთულ პოზიციაშია. იყო ომი, რომელმაც საქართველოს დანაწევრება, ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა და რუსეთის მხრიდან ოკუპაცია გამოიწვია. ეს ნებისმიერი მთავრობისთვის ძალიან, ძალიან რთული სიტუაციაა. როცა ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, მათ აშკარად დაასკვნეს, რომ მართალია ომი მოხდა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობა მაინც საჭიროზე მეტად გაამწვავა. არა მგონია ვინმეს პრობლემა ჰქონოდა იმასთან, რომ საქართველოს უნდა ეცადა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ის ჩრდილოელი მეზობელია და არსად გაქრება.

ჩვენ ყველა ვფიქრობდით, რომ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესების და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის იდეა გამოსადეგია. შეცვლის ეს სიტუაციას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში? არა! გააუმჯობესებს თუ არა ეს რიგითი ადამიანების ცხოვრებას, როცა რუსებს და ქართველებს შორის დიალოგი აღდგება? დიახ! ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი რამ, რაც საქართველოში ჩემი ხშირი (თუმცა, არასაკმარისად ხშირი) მოგზაურობების დროს შევიტყვე, არის ის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა საქართველოში რუსულ ენას არ ფლობს. ჩრდილოეთის მიმართ არასაკმარისი ინტერესია. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთი იქვეა და ის რეგიონში ძლიერი ქვეყანაა. იმის მიუხედავად, რომ კრიტიკული მნიშვნელობის უთანხმოებები არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან ურთიერთობის უნარი გააჩნდეთ და მინიმალური საერთო ინტერესები მაინც გამოიყენონ. ამას შეერთებული შტატების მთავრობაც უჭერდა მხარს და მეც, რა თქმა უნდა, ვემხრობოდი.

ვიცი, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების პერიოდში აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ისინი რუსეთს „მიეყიდებიან“. მე ასე არ ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ მათ ოდნავ უფრო ბალანსირებული პოლიტიკის გატარება სურთ. ვუსმენ პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ დასავლური ვექტორი უცვლელია, რომ ეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკაა. ეს არის ის, რაც ხალხს სურს და რასაც ქართველებმა ხმა მისცეს. მე მათი სიტყვის მჯერა.

საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ისევ ცვალებადია. როგორ შეაფასებდით საპარლამენტო უმრავლესობაში და მინისტრთა კაბინეტში მომხდარ ცვლილებებს?

ახალ თავდაცვის მინისტრს - არა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს კარგად ვიცნობ, მასთან ერთად მიმუშავია კიდეც საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში. ის ამერიკაში სწავლობდა და ვიცი, რომ ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, ნამუშევარია ვაჭრობის, თუ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში. საქმეს ის თავს, ჩემი აზრით, საუკეთსოდ გაართმევს... რომ შევაჯამოთ მთელი ეს ცვლილებები, თვალს უფრო მეტად იმას ვადევნებთ, თუ რამდენად არის ეს პროცესები საქართველოს დემოკრატიული ევოლუციის ნაწილი. სხვანაირად რომ ვთქვა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კოალიციის დაშლა ბუნებრივი პროცესის ნაწილია? კოალიცია ხომ ბევრი სხვადასხვა შეხედულების მქონე პარტიებისგან შედგება. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდათ: მიხეილ სააკაშვილის დამარცხება, რაც მათ მოახერხეს. იქ იყო ლიბერალური პარტიები, ნაციონალისტური და კონსერვატიული ჯგუფებიც.

ახალი დემოკრატების „ქართული ოცნებიდან“ წასვლა ნიშნავს იმას, რომ კოალიციიდან ლიბერალთა ერთ-ერთი ჯგუფი წავიდა. გვაინტერესებს, არის თუ არა ეს რეალურად ნამდვილი პოლიტიური პარტიების ფორმირების დასაწყისი, რომელთაც საკუთარი ღირებული პროგრამა, ლიდერთა გუნდი, ქვეყნის მასშტაბით არსებული პარტიული სტრუქტურა და არჩევნებისთვის მკაცრად განსაზღვრული სია გააჩნია. თუკი მოვლენები ამ გზით განვითარდა, საქართველოში სავარაუდოდ 3-4 ძლიერი პოლიტიკური პარტია შეიქმნება, რომლებიც კონკურენციას ერთმანეთს პროგრამებით და იდეებით გაუწევენ და არა პიროვნებების საშუალებით. ჩვენ ამის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერეთ კიდეც, რომ საქართველოს ლიდერები სჭირდება, და არა მესიები. ასე რომ ახალგაზრდა, ძლიერი ლიდერებია საჭირო, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო დააწინაურებენ.

არსებობს შეშფოთება, რომ ქვეყანა არ დაუბრუნდეს იმპულსურ ლიდერებს შორის ყოვლად უსარგებლო კონფრონტაციების ხანას. საქართველოს წინაშე ახლა არანორმალურად რთული და კომპლექსური პრობლემებია. ევროპაში ინტეგრაცია, ასოცირების და თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების ხელმოწერა, ძალიან რთული ურთიერთობები რუსეთთან და მოვლენები უკრაინაში. ეს არის დრო, როცა საქართველოში დიდი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უშუალოდ ამ პრობლემებს უნდა დაუპირისპირდეს და ყურადღება ერთეულ ადამიანებზე დამყარებულ შიდა კონფლიქტებზე არ გადაიტანოს. მათ, ვისაც საქართველოსი გვჯერა, პატივს ვცემთ და ძალიან მოგვწონს, იმედი გვაქვს, რომ ის, რაც „ქართულ ოცნებას“ დაემართა, დემოკრატიის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი და ბუნებრივი ევოლუციაა და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული ერთეული ლიდერების მოძველებული პოლიტიკა.

ხშირად ისმის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლური კურსი მხოლოდ დეკლარირების დონეზე არ უნდა დარჩეს. კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ეჭვები მაქსიმალურად გაქარწყლდეს?

ჩემთვის ამ კითხვას ორი მხარე აქვს. ვფიქრობ, საქართველოს დასავლეთისგანაც სჭირდება ნიშნის მიცემა, რომ ის სწორი მიმართულებით ვითარდება და მას მომავალში ბევრი კარგი რამ ელის. ნატოში გაწევრიანებას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება. საქართველოს კარგად უნდა განუმარტონ გზამკვლევის საშუალებით, თუ რა უნდა გააკეთოს და დროის რა მონაკვეთში. ეს დასავლური კურსის განმტკიცებას შეუწყობდა ხელს.

რაც შეეხება თავად ქართველთა შეშფოთებას, მე ბევრჯერ ვილაპარაკე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის განმტკიცების აუცილებლობაზე. ნებისმიერ სისტემაში ყოველთვის იქნება პოლიტიკური დაპირისპირებები და ეს ყველას კარგად გვესმის. მაგრამ კიდევ ერთხელ, მოდით ეს იდეების და საკითხების, თუ საპარლამენტო განხილვების დონეზე დარჩეს და არა იმ ჭრილში, რომელიც თანამდებობის პირების დათხოვნის შემდეგ ერთმანეთის მიმართ ბრალის წაყენების პერიოდში მოვისმინეთ. ეს ბევრში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საქართველო უკან ბრუნდება. არასასიამოვნოა, რა თქმა უნდა, და იმედი მაქვს, რომ არასწორი შთაბეჭდილებაა.

დიახ, მიზანი და სტანდარტი ძალიან მაღალია და მისი ხელოვნურად ამაღლება არ ხდება. ორი (საპარლამენტო და საპრეზიდენტო) არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მაგრამ ჯერ კიდევ შესაქმნელია ინსტიტუტები, დემოკრატიული სტრუქტურა, ჩონჩხი. სწორედ ის, რაზეც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაამახვილა ყურადღება. დემოკრატიის მშენებლობა ძალიან რთული და ძნელი პროცესია. მაგრამ ამას მოელიან საქართველოსგან და იმასაც, რომ სწრაფვა დასავლეთისკენ, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მდგრადი იყოს და რომ ხელისუფლების ახალმა სახეებმა ვერბალური დაპირებები საქმით დაამტკიცონ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ამ ორ ფაქტორს გავუსვამდი: დემოკრატიული მართვის ფორმებზე და რეფორმებზე რეალური მუშაობა და მეორე: აღებული კურსის მტკიცედ დაცვა და კერძოდ, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულება.

ინტერვიუს შემოკლებული სატელევიზიო ვარიანტი

XS
SM
MD
LG