Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლის განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა


გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის ზუგდიდის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და გადაზიდვას გულისხმობს.

ბრალდებულის, როგორც ძებნილის, ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. საქმის განხილვის პროცესს, რომელიც ოქტომბრიდან მიმდინარეობდა, ზუგდიდის სასამართლოში ესწრებოდნენ გარდაცვლილის დედა და ცოლი.

გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ, საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებით უკმაყოფილოა:

„გაუგებარია, რატომ მოკლეს ჩემი შვილი. გამოუტანეს 12 წელი. არ ვიცი, აღსრულებადია კი ეს განაჩენი? - არა მგონია. თავისუფლად არის, არც დაკავებულია, არც არაფერი. მკვლელობა ბევრნაირია. საზოგადოებას ზოგჯერ სიამოვნებს მოკვლა, თუ ის პიროვნება საზოგადოებისთვის მიუღებელია. არც ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ იქნებ ჩემი შვილი იყო დამნაშავე და ეს უნდა გამოკვეთილიყო. არც ერთ პროცესზე, არც ერთ კითხვაში მე არ დავინახე სურვილი, რომ გამოკვეთილიყო, თუ რატომ მოხდა ეს მკვლელობა“.

ოჯახის პრეტენზიებს დაეთანხმა ძებნილის ადვოკატი მთვარისა ბიგვავაც. ადვოკატის თქმით, სხდომებზე არ ყოფილა წარმოდგენილი არც საკმარისი მასალა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამოცნობა. მთვარისა ბიგვავამ აღნიშნა, რომ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის არ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან რაშიდ კანჯი ოღლი ძებნილია და მასთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს:

„გამოძიებამ ვერ შეძლო სრულყოფილად წარემართა პროცესი და დაედგინა, გამოეკვლია, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2016 წლის 19 მაისს“.

გიგა ოთხოზორიას ოჯახს საკუთარი ადვოკატი, ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ იურისტი, იოსებ ხატიაშვილი ჰყავს. მისი განცხადებით, მზადდება სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც, საქართველოში შესაბამისი ინსტანციების გავლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში შეიტანს ოჯახი:

„რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადამიანმა ჩაიდინა მკვლელობა, ამით უკვე დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი და, შესაბამისად, შევა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ამ მეორე მუხლის დარღვევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ“.

პროკურორს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ლევან ფიფიამ სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს რაშიდ კანჯი ოღლის დანაშაულს - კერძოდ, იმას, რომ 19 მაისს ზუგდიდის სოფელ ხურჩის მოსაზღვრე ოკუპირებული ნაბაკევის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, ე. წ. მესაზღვრეებთან შელაპარაკების შემდეგ, გიგა ოთხოზორიას უკან ოთხი სამხედრო გამოჰყვა. აქედან ერთ-ერთმა, რაშიდ კანჯი ოღლიმ, ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით თავდაპირველად კიდურებში დაჭრა, წაქცევის შემდეგ კი თავის არეში სასიკვდილოდ ესროლა. პროკურორისავე განცხადებით, დაიკითხნენ რაშიდ კანჯი ოღლის თანასოფლელები, პირები, რომლებიც ვიზუალურად კარგად იცნობენ ბრალდებულს. ლევან ფიფიას თქმით, მოწმეებმა ვიდეო და ფოტომასალებიდან ამოიცნეს თანასოფლელი, ტყვარჩელის რაიონის სოფელ აკარმარაში ოჯახთან ერთად მცხოვრები რაშიდ კანჯი ოღლი.

გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვა ზუგდიდის სასამართლომ ოქტომბრის თვიდან დაიწყო. დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის, მკვლელობის თვითმხილველები, სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები.

XS
SM
MD
LG