Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი - სამზარეულოში, დედა - კვარცხლბეკზე


ქართლის დედა
ქართლის დედა

დედა, როგორც მნიშვნელოვანი სიმბოლო და თაყვანისცემის საგანი... სადღეგრძელოების, ლექსებისა და სიმღერების ცენტრალური პერსონაჟი... ოფიციალურ ქართულ კულტურაში დედა საკრალურ ფიგურად, ერთგვარ სუპერგმირადაა წარმოდგენილი, რომელიც ღირსეულად დაუხვდება როგორც მტერს, ასევე მოყვარეს, თუმცა დედის ამგვარი ხატი ერთობ ხუნდება ყოველდღიურ ყოფაში, სადაც ქალი, ხშირ შემთხვევაში, სწორედაც რომ დედობისა და ქალობის გამო იჩაგრება და განიცდის დისკრიმინაციას როგორც ოჯახში, ასევე საჯარო ასპარეზზე. რა განსხვავებაა დედას, როგორც სიმბოლოსა, და დედას, როგორც რეალურ პიროვნებას, შორის?

ხათუნა ბერიძემ რამდენიმე წელი იმუშავა ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე ისე, რომ არ მიუღია ერთი შენიშვნა და საყვედურიც კი, თუმცა სამსახური მაინც დაკარგა, რაშიც, მისი თქმით, გადამწყვეტი როლი ითამაშა დეკრეტულმა შვებულებამ. ამასთან, საგულისხმოა, რომ ხათუნა ბერიძემ ანგარიში გაუწია კომპანიას და არ ისარგებლა კანონით კუთვნილი 183-დღიანი დეკრეტული შვებულებით:

„ეს იყო სიტყვიერი მეგობრული შეთანხმება და, ამ შეთანხმების შესაბამისად, მხოლოდ 1,5 თვე ვიყავი უფასო დეკრეტულ შვებულებაში და ამის შემდეგ დავბრუნდი, მაგრამ რომ დავბრუნდი, დამხვდა პასუხი, რომ ამ ეტაპზე არ ვიყავი საჭირო და აღარ უნდა მემუშავა“.

ხათუნა ბერიძის ისტორია, ცხადია, გამონაკლისი არაა. სამი შვილის დედა მაია ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, სადაც 1996 წლიდან მუშაობდა:

„ნეპოტიზმის საფუძველზე მოხდა კადრების შერჩევა... გვჩაგრავენ იმის გამო, რომ მყარად ვერ ვდგავართ ერთად. მე, სამი შვილის დედას, სასამართლოში და ქუჩაში სირბილისთვის უნდა მეცალოს? არადა, სხვანაირად არ გამოდის ჩვენი უფლებების დაცვა!“

თუმცა ქართველ ქალებს ბრძოლა უწევთ არა მხოლოდ სამსახურის შესანარჩუნებლად, არამედ ღირსეული ანაზღაურების მისაღებადაც. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ საქართველოში გამორჩეულად ცუდი მდგომარეობაა, კაცისა და ქალის ხელფასების შეუსაბამო განსხვავების თვალსაზრისითაც.

დარწმუნებული ვარ, როცა კაცი ამ სადღეგრძელოს ამბობს, ბოლომდე გულწრფელია და პრობლემაც სწორედ იმაშია, რომ ამ ბოლომდე გულწრფელობაში ვერ წარმოუდგენია, რომ შეცდომას უშვებს და, საერთოდ, სად გადის ზღვარი ამ გულწრფელობას (როცა ქალს ადღეგრძელებს) და სხვა გულწრფელობას შორის, როცა ქალს უბრძანებს...
თამარ კორძაია

​„თუ ავიღებთ ქალისა და მამაკაცის ხელფასებს, აღმოვაჩენთ, რომ 40 პროცენტია სხვაობა. უფრო მეტიც, თუ სექტორულ ჭრილში ვნახავთ, ყველაზე დაბალანაზღაურებადი დარგები ეს არის ის დარგები, სადაც ქალები დომინირებენ. ეს არის განათლება, მსუბუქი მრეწველობა, ჯანდაცვა... სადაც უფრო მეტად ქალები მუშაობენ. ამასთან, თუ, მაგალითად, განათლების სექტორს ავიღებთ, სადაც ბევრი ქალი და ცოტა კაცი მუშაობს, აქაც კი მამაკაცებს ბევრად უფრო მაღალი აქვთ ხელფასი, ვიდრე ქალებს, რაც ზოგადად მიანიშნებს დისკრიმინაციაზე“, უთხრა გოჩა ალექსანდრიამ რადიო თავისუფლებას.

ქალთა უუფლებობა თავს იჩენს გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც. საქართველოს მთავრობის ოცი წევრიდან მხოლოდ სამია ქალი, პარლამენტში კი ქალები სულ რაღაც თერთმეტი პროცენტია. დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ქალების დისკრიმინაციითა და ჩაგვრითაა გაჯერებული ყოველდღიური ყოფა, მათ შორის ოჯახებშიც, სადაც ხშირად ითქმება დედისა და ქალის მაღალფარდოვანი სადღეგრძელოები:

„დარწმუნებული ვარ, როცა კაცი ამ სადღეგრძელოს ამბობს, ბოლომდე გულწრფელია და პრობლემაც სწორედ იმაშია, რომ ამ ბოლომდე გულწრფელობაში ვერ წარმოუდგენია, რომ შეცდომას უშვებს და, საერთოდ, სად გადის ზღვარი ამ გულწრფელობას (როცა ქალს ადღეგრძელებს) და სხვა გულწრფელობას შორის, როცა ქალს უბრძანებს, აქ ვერ წახვალ იმიტომ, რომ ბავშვს უნდა მიხედოო... არაფერს ვამბობ ფიზიკურ ძალადობაზე, ცემაზე და ა.შ. ამ ორი მიდგომის შეუსაბამობას ვერ ხედავენ ადამიანები იმიტომ, რომ ჩვენს რეალობაში არის შემთხვევები, როცა კაცი არ აღიქვამს ქალს დამოუკიდებელ სუბიექტად, საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებად. ამას აქვს ძალიან დიდი და ღრმა ფესვები“.

დედა ოჯახში - პატრიარქალურ საზოგადოებაში - ყოველთვის უძალაუფლებო ადამიანი იყო და პრაქტიკულად მხოლოდ მსხვერპლის როლი რჩებოდა და ბევრ ტექსტში ეს ასეც არის შემონახული და წარმოდგენილი, თუმცა ეს სიმბოლო, რასაც „ქართვლის დედა“ განასახიერებს, ძალაუფლებასთან დაკავშირებული ქალი...
ნანა ბერეკაშვილი

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ვითარების შესაცვლელად აუცილებელია როგორც ქალთა უფლებების სათანადო ასახვა შრომისა და სხვა სახის კანონმდელობაში, ასევე მანკიერ ტრადიციებზე უარის თქმაც, თუმცა დეპუტატის ამ მოსაზრებას ბევრი ოპონენტი ჰყავს. რადიო თავისუფლებას თბილისის ქუჩებში არ გასჭირვებია ისეთი რესპონდენტის პოვნა, რომელიც მიიჩნევს, რომ სწორედ ტრადიციები ქმნის ჰარმონიას და უსაზღვრავს სათანადო ადგილს ოჯახის თითოეულ წევრს. ასე ფიქრობს თბილისის მკვიდრი მორისონ ქობულიაც:

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის დედა, ვინ არის და, ძმა და ა.შ. და ვინ არის მტერი, რომელიც ამ დიდ ტრადიციას, ქართულ ტრადიციას გვინგრევს, ქართული ოჯახის სიმტკიცეს არღვევს. მე ახლა, ამ დილით, ჩემს მეუღლეს მივართვი ყვავილი და ამით მივულოცე. ისიც ხომ დედა! ასე რომ, თითოეულ ადამიანს ევალება, რომ დედას პატივი სცეს, ქალს პატივი სცეს და დაიცვას ის ტრადიციები, რომლებიც არის საუკუნეები, ათასწლეულები...“

თუმცა, ამავე ტრადიციის მიხედვით, საზოგადოება ქალს განიხილავს არა როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს, არამედ როგორც სხვა, უფრო მნიშვნელოვან სუბიექტთან დაკავშირებულს, ანუ როგორც დას, ცოლს ან დედას. ნანა ბერეკაშვილი, ფსიქოლოგი და გენდერის მკვლევარი, მიიჩნევს, რომ დედაც კი, რომელიც ქართულ კულტურაში სუპერსიმბოლო და სუპერძალაუფლების მქონე დამცველია, ყოველდღიურ ყოფაში დაკნინებული და ნიველირებულია.

ამ ილუზიებით, ვითომ ძალაუფლებით, ვითომ პატივისცემით... იმით, რომ თუ სიმბოლოზეა სწორება, მაშინ დედა ერთია და არ გვინდა დავინახოთ დედებს შორის არსებული რეალური განსხვავება. დედა ასეთი უნდა იყოს და მორჩა! ხოლო ინდივიდუალური ხაზის გაძლიერება, რომ დედა არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი...
ნანა ბერეკაშვილი

„დედა ოჯახში - პატრიარქალურ საზოგადოებაში - ყოველთვის უძალაუფლებო ადამიანი იყო და პრაქტიკულად მხოლოდ მსხვერპლის როლი რჩებოდა და ბევრ ტექსტში ეს ასეც არის შემონახული და წარმოდგენილი, თუმცა ეს სიმბოლო, რასაც „ქართვლის დედა“ განასახიერებს, ძალაუფლებასთან დაკავშირებული ქალი, მაინც აგრძელებდა არსებობას, რომელიც რეალობაში საფუძველსაა მოკლებული, რადგანაც ოჯახის სტრუქტურაში ქალი რეალურ ძალაუფლებას მოწყვეტილია და მას დაბალი სტატუსი აქვს, ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ სიმბოლური დარჩა, თუმცა არც იმას ვფიქრობ, რომ დედის როლის გასუპერებაა საჭირო. პირიქით, დედა უნდა გახდეს უფრო რეალური“, უთხრა ნანა ბერეკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა სიმბოლოებისა და კულტურული კლიშეებისაგან დედის გათავისუფლებას აფერხებს სწორედაც რომ პატრიარქალური საზოგადების მიერ დამკვიდრებული ტრადიციები. დედა უნდა დარჩეს კვარცხლბეკზე, დასჯერდეს სიმბოლურ სუპერგმირობას და არ გაინაწილოს რეალური ძალაუფლება. ნანა ბერეკაშვილის თქმით, აშკარაა, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პატრიარქატისთვის სასარგებლო აღარაფერი ხდება. შესაბამისად, სისტემა ცდილობს კვლავწარმოებას მსგავსი სიმბოლოების გაძლიერებით:

„ამ ილუზიებით, ვითომ ძალაუფლებით, ვითომ პატივისცემით... იმით, რომ თუ სიმბოლოზეა სწორება, მაშინ დედა ერთია და არ გვინდა დავინახოთ დედებს შორის არსებული რეალური განსხვავება. დედა ასეთი უნდა იყოს და მორჩა! ხოლო ინდივიდუალური ხაზის გაძლიერება, რომ დედა არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც თავისი ინდივიდუალური განვითარების ხაზები და გზები აქვს - ესეც ტრადიციულ ხედვებს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს უქმნის, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება ტრანსფორმირდეს, იმიტომ რომ დედა უნდა „ჩამოვარეალუროთ“ და გავხადოთ ნორმალურად ფუნქციონირებადი ოჯახური სისტემის ნაწილი“.

ნანა ბერეკაშვილის თქმით, დედის ე.წ „ჩამორეალურება“ ავტომატურად გამოიწვევს მამის როლის გადააზრებას და მის ტრანსფორმირებას იმგვარი ელემენტებით, რომლებიც, მანკიერი ტრადიციის გამო, მხოლოდ დედობასთან ასოცირდება (საშინაო მეურნეობის გაძღოლა, ბავშვებზე ზრუნვა...) და რომლებისგანაც დისტანცირებულია მამა, როგორც მხოლოდ შემომტანი და უპირობო პიეტეტის საგანი. არადა, მამა დიდი ხანია, აღარ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, დედობაც არაა ქალის ერთადერთი სოციალური ფუნქცია, თუმცა, ამის მიუხედავად, საზოგადოება მაინც ებღაუჭება ე.წ. ტრადიციებს და ცდილობს დატოვოს ქალი სამზარეულოში, დედა კი კვარცხლბეკზე, რისთვისაც იყენებს როგორც უხეშ ძალაუფლებასა და ფიზიკურ ძალას, ასევე სხვადასხვა სახის მხატრვულ ხერხს საეჭვო ღირებულების სადღეგრძელოებში, ლექსებში, სატელევიზიო გადაცემებში, ფილმებსა და სიმღერებში, რათა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს სისხლისგან დაცლილ კლიშეებს, ანუ ვუმღერით კვარცხლბეკზე მდგომ სიმბოლოს, რეალურს კი ვცემთ, ვკლავთ და სამსახურიდან ვაგდებთ შვილის გაჩენის გამო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG